მწვანე მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მწვანე მონასტერი

მწვანე მონასტერი ან ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერიIX საუკუნის მამათა მონასტერი სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში.[1]

მეცნიერთა ნაწილის აზრით მონასტერი წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია.[2] სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო სამრეკლო. ეკლესია მონასტრის დაარსების თანადროულია და IX საუკუნის შუახანებით თარიღდება. მონასტრის კომპლექსის მთავარი ნაგებობა მთავარი ეკლესიაა, რომელიც დგას ქედის დამრეცი კალთის ძირში. ეკლესია საკმაოდ დიდი ზომის ნაგებობაა (სიგანე აღმოსავლეთ ფასადზე 14.5 მეტრი, სიგრძე კი 19.2 მეტრი). ის ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით და დეკორი თითქმის არ გააჩნია. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს.

ტაძრის მთავარ ნაწილს წარმოადგენს შუა ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან ერტყმის ერთიანი ორმხრივი გარშემოსავლელი. თავადაპირველი გადახურვა შემორჩენილია მხოლოდ შუა ეკლესიაში. სამხრეთის კედელში ორი სარკმელია მოწყობილი თითო-თითო შუა და აღმოსავლეთ განაპირა უბეებში, რომლებსაც არ აქვს თავსართები და საპირეები. ჩითახევის ეკლესიის კედლები როგორც შიგნით, ასევე გარეთ მოკლებულია ყოველგვარ დეკორს და სადაა. ეკლესიის შუა ნავში, აფსიდში და განსაკუთრებით დასავლეთის კედელზე შემორჩა შელესილობის ფრაგმენტები მხატვრობის მქრქალი ნაშთებით. სტილისტური ნიშნებით, აღნიშნული მხატვრობა XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.

1911 წლის ივნისის ახალციხელი ფოსტალიონის ვასილ ტაგანაშვილის წერილის მიხედვით გაგზავნილი ექვთიმე თაყაიშვილისადმი (1863-1953 წწ.) ვიგებთ, რომ რომანოვების დროს, კერძოდ, ბორჯომის მმართველის _ მიხეილ ნიკოლოზის ძის ბრძანებით, ბორჯომში ჩამოუყვანიათ ვიღაც არქეოლოგი, რომელიც სტრაჟნიკებთან ერთად წასულა მწვანე (ჩითახევის) მონასტერში, საიდანაც გამოუღიათ ერთი დიდი ქვა ბატონიშვილების გამოსახულებით, რომელსაც ჰქონია ასომთავრული წარწერები, რომლებიც ბორჯომის პარკში ჩამოუტანიათ. ვასილ ტაგანაშვილისავე ინფორმაციით, აღნიშნული პირები ამ ყოველივეს წაღებას მოსკოვში აპირებდნენ. ამ ყოველივეს შემდეგ, ვასილ ტაგანაშვილი ექვთიმესაგან დახმარებას ითხოვს. ექვთიმე თაყაიშვილს თავის მხრივ მიუწერია წერილი რომანოვისადმი, რომელსაც მიუცია პასუხი ვიღაც მუხრანსკის პირით, რომ მან არაფერი არ იცოდა აღნიშნული ფაქტის შესახებ. დღესდღეობით აღნიშნული წარწერები დაკარგულად არის მიჩნეული.

XIX საუკუნის შუა ხანებში მონასტერი უნახავს და ჩაუხატავს არქიტექტორ მ. შერვინსკის. 1978 წელს აღნიშნულ მონასტერში ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები, რესტავრაციის პროექტი შეადგინა ა. ჭიკაიძემ. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ტაძარი გაიწმინდა ნაყარი მიწისაგან და შეძლებისდაგვარად მიიღო ეკლესიამ პირვანდელი სახე. 2003 წლის ნოემბრიდან აღდგა ჩითახევის ეკლესიაში სამონასტრო ცხოვრება ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუას) ლოცვა-კურთხევით. მთავარი ტაძარი წმიდა გიორგის სახელობისაა, მარჯვენა ნავი წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობისაა, ხოლო მარცხენა ნავი კი წმიდა მეფე თამარის სახელზეა ნაკურთხი.

2012 წელს მონასტრის ტერიტორიაზე დაწყებული გაწმენდითი სამუშაოების დროს ადგილობრივი მოწესეების მიერ ნაპოვნი იქნა ანტეფიქსის ქვა. აღნიშნული ქვის ცენტრში გამოსახულია ჯვარი, რომელიც თავის მხრივ კვარცხლბეკზეა შემდგარი. აღნიშნულ ჯვარს სამ მხარეს მიუყვება ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. წარწერა გადმოცემულია ე.წ. "სარკისებური" ანუ შებრუნებული მოხაზულობით. წარწერის შინაარსი შემდეგია: "წ(მიდა)ჲ გ(იორ)გი", რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩითახევის ეკლესიის სახელობას. როგორც წარწერიდან ჩანს, ეკლესია თავდაპირველადაც წმიდა გიორგის სახელზე იყო აგებული

XVI საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს, მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. XX საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება XIII-XVI საუკუნეებში, თბ., 1955
  • ბერძენიშვილი დ., "ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. თბ., 1985
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
  • გზირიშვილი გ., მივხედოთ ბორჯომს, მის მდებარეობას, ომეგა 2001, # 9.
  • გუნია ირ., საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2005
  • ზაქარაია პ., თბილისი. ბორჯომი. ვარძია, თბ., 1977
  • თაყაიშვილი ე., "ქართული ხუროთმოძღვრების ალბომი', ტფილისი 1924.
  • თვაური მ., კურორტი ბორჯომი და მისი უნიკალური მინერალური წყლები, ბორჯომი 2002
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი, თბ., 1957
  • მელითაური კ., ნ. შოშიაშვილი, შ. ხანთაძე და გ. ჯამბურია "ვარძია. გზამკვლევი", თბ., 1955
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, თბ., 1987
  • ცანავა კ., ..., ბორჯომის "მწვანე მონასტრის' ბიოტური ეროზიის გამომწვევი მცენარეები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, ძეგლის მეგობარი, 1983 წელი, # 62
  • ხოშტარია დ., IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში, საკანდიდატო დისერტაცია და ავტორეფერატი, თბ., 1987
  • ხოშტარია დ., ჩითახევის სამონასტრო ეკლესია~, `მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის..., 1983 , # 4
  • ხოშტარია დ., კვირიკეწმინდის ადგილმდებარეობის საკითხისათვის~, `მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის..., 1985 , # 1.
  • ხოშტარია დ., X საუკუნის სამონასტრო ეკლესიები ტაძრის – საკირის მიდამოებში~, `მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის..., 1986 წელი, # 3.
  • ჯაბუა ნ., ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში, თბ., 2012
  • ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი III, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბილისი 1958 წელი * ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ექვთიმე თაყაიშვილის პირადი არქივი, საქმე #1983

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]