მწვანე ანთარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მწვანე ანთარი
AwasaVervet.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: პრიმატები
ოჯახი: ანთრისებრნი
გვარი: Cercopithecidae
ლათინური სახელი
Chlorocebus aethiops
Grivet area.png

მწვანე ანთრები (Chlorocebus aethiops) — პრიმატების რიგისა (Primates) და ანთრისებრთა ოჯახის (Cercopithecidae) წარმომადგენელი მაიმუნები.

მომწვანო რუხი ქურქი და ნაცრისფერი ”წინდები” აცვიათ, კუდის ძირში თავისებური თეთრი ლაქა აქვთ, ლოყებზე გრძელი ულვაშები დაჰყვებათ, რაც უფრო მეტად აძლევთ ადამიანურ შესახედაობას. მათ არც მიწაზე სიარული უჭირთ და საჭიროების შემთხვევაში ასეც იქცევიან. სანადიმოდ წასვლისას, გზადაგზა ნაყოფს წყვეტენ და სანსლავენ, არც მათი მოახლოვებით დამფრთხალ მწერებზე ამბობენ უარს და არც ფოთლებში შემალულ ვასაკაზე. აღსანიშნავია, რომ საკვების მოპოვებისას უპირატესობა დომინანტ მამრებსა და მდედრებს ენიჭებათ. წინამძღოლი, რომელიც თავის მაღალ მდგომარეობას გამოხატავს ვერტიკალურად, ზემოთ ამართული კუდით, ყურადღებით ზვერავს ადგილს. მისი მრავალრიცხოვანი რაზმი, რომელიც ხშირად ორმოცდაათზე მეტი წევრისაგან შედგება, გატრუნული ელოდება ბრძანებას. ერთბაშად ესევიან ტყეს, დადუმებულ ბუნებას აფხიზლებენ, ჭამენ ყველაფერს: ფოთლებს, ფისს, თესლებს, ნაყოფს, ბალახს, სოკოებს, ხილს, ყვავილებს, უხერხემლოებს, ფრინველების კვერცხებს, მღრღნელებს, მცირე ზომის ხერხემლიანებს და სხვა. ყველაზე მეტად უყვართ ხილი და ყვავილები. ეს აბეზარი არსებები ცდილობენ, რაც კი ხელთ მოხვდებათ, მუცელში გადაუძახონ. მეტი საკვების შესანახად ლოყის ტომარაკებიც კი აქვთ. სწორედ ამ ღორმუცელობის გამო, ბარბადოსის კუნძულზე, სერიოზული ზიანი მიაყენეს სოფლის მეურნეობას. ფერმერებმა მათი დიდი ნაწილი დაიჭირეს და ზოოპარკებსა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს ჩააბარეს. მიუხედავად ასეთი სოციალურობისა და ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობისა, ძალიან ცოტაა ცნობილი მათი გამრავლების პერიოდებისა და რეპროდუქციული ქცევის შესახებ. მდედრებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში, რამდენიმე პარტნიორი ჰყავთ ხოლო მამრებს - უამრავი. ისევე, როგორც პრიმატების უმრავლესობაში, ანთრების შემთხვევაშიც მდედრები ციკლურად მგრძნობიარეები არიან: მამრები მათი სხეულის გარეგნული ცვლილების მეშვეობით (რეპროდუქციული ორგანოს შეშუპება) ხვდებიან მდედრის მზადყოფნას გამრავლებისთვის. მდედრები დაახლოებით 2-3 წლის ასაკში აღწევენ სქესმწიფობას, მამრები კი- 5 წლის ასაკში. მაკეობა დაახლოებით 160 დღე გრძელდება და იბადება ერთი ნაშიერი, აღზრდაში მამები არ მონაწილეობენ, ნაცვლად ამისა, დედას ჯგუფის სხვა მდედრები ეხმარებიან. მდედრები პატარას 6 თვემდე არ იშორებენ და თან დაატარებენ. საკვების მოპოვებისას, მუცელზე ჩაბღაუჭებულები დაჰყავთ. მტაცებლებისგან ყველა ჯგუფურად იცავენ თავს. საფრთხის მოახლოვებას ერთმანეთს ხმოვანი სიგნალებით ატყობინებენ. ერთმანეთისგან არჩევენ სხვადასხვა მტაცებელს და ჯგუფს მათი შესატყვისი სიგნალით აფრთხილებენ. მათი მტერია ლეოპარდი, სხვადასხვა გველი თუ მტაცებელი ფრინველი, ხანდახან ბაბუინიც კი. ბუნებრივი მტაცებლების გარდა ანთრებს ბევრი სხვა მტერიც ჰყავთ. ხშირად ნადგურდებიან ჯგუფებად. ძირითადად ეს ხდება შემთხვევით, ელექტროგადამცემი ხაზების გამო, ავარიების დროს, თუმცა, საცხოვრებლად საჭირო ჰაბიტატის განადგურება, ტყეების ჩეხვა ზიანს აყენებს მათ რიცხოვნობას. ევოლუციურად მჭიდრო არიან დაკავშირებული ადამიანის განვითარებასთან. ისინი ერთ-ერთი არიან იმ პრიმატებს შორის, რომლებსაც ბუნებრივად უვითარდებათ სისხლის მაღალი წნევა და მაიმუნების იმუნოდეფიციტური ვირუსი, რომელიც ველურ ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული ვირუსი, აფრიკის მაიმუნებიდან ადამიანზე გადავიდა, რამაც შიდსის წარმოქმნა გამოიწვია. ამასთან, ანთრები მცირე ზომისანი არიან (დაახლოებით 3-5 კილოგრამი და 40-60 სანტმეტრი სიგრძის). მათი დაჭერა ადვილია, ტყვეობაში კარგად მრავლდებიან, შესაბამისად, მათი ბიოსამედიცინო კვლევებისთვის გამოყენება. მეცნიერების აზრით, ანთრის და სხვა აფრიკული პრიმატების შესწავლამ შეიძლება მიგვიყვანოს აივ ინფექციის განკურნებისთვის საჭირო ვაქცინის აღმოჩენამდე.

ანდური კონდორის ნახვა თბილისის ზოოპარკშიც არის შესაძლებელი.

სქოლიო[რედაქტირება]