მურყნარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მურყნარი — ზაფხულმწვანე ფოთლოვანი ტყეები, სადაც ჭარბობს მურყანი. საქართველოში მურყნარს ქმნის ძირითადად შავი მურყანი ანუ თხმელა (Alnus barbata). შედარებით დიდ ფართობებზე მურყნარი გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში — კოლხეთის დაბლობზე, ლამიამ-ჭაობიან და ტორფიან ნიადაგზე, მდინარეთა ტერასებზე. გვხვდება ხეობების ფერდობებზეც წიფლნარისა და რცხილნარის მოსპობის შედეგად. მურყნარი სხვადასხვა ტიპისაა: მდინარეთა ნაპირებსა და დაბლობებზე მურყნარს ერევა ლაფანი და ვითარდება ლაფნარ-მურყნარი. კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელია შავგვიმრიანი მურყნარი, ჭაობიანი ნიადაგებისათვის — ლეშამბიანი მურყნარი აგრეთვე არის ისლიანი და ისლიან-გვიმრიანი მურყნარებიც. მთათა ფერდობებზე მურყნარს ერევა თელა, წიფელი, რცხილა, ჰართვისის მუხა და სხვა. ძველად კოლხეთის დაბლობზე მრავლად იყო წმინდა მურყნარი. აღმოსავლეთ საქართველოში მურყნარი გავრცელებულია ალაზნის ჭალის ტყეებშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]