მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
აბრევიატურა მგს
ხელმძღვანელობა
ლიდერი გოგი თოფაძე
თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე
ისტორია
დაფუძნდა აპრილი, 1999
პოზიციები
იდეოლოგია ეკონომიკური ნაციონალიზმი
ევროსკეპტიციზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე-ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
ფერები          
შტაბ-ბინა ნაფარეულის ქ. #1, 0179
თბილისი
industrials.ge

„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (მგს) — პოლიტიკური პარტია საქართველოში. დაფუძნდა 1999 წელს. პარტია მხარს უჭერს ეკონომიკაში პროტექციონისტულ პოლიტიკას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია დაარსდა 1999 წლის აპრილში,[1] ის შეიქმნა 1990 წელს დაფუძნებული „საქართველოს მეწარმეთა კავშირის“ ბაზაზე. 1998 წლისთვის „მეწარმეთა კავშირი“ 100-ზე მეტი ქარხნის დირექტორს აერთიანებდა. კავშირი მოითხოვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქციზების და ტარიფების გაუქმებას, ალკოჰოლურ სასმელზე, თამბაქოს პროდუქციასა და ფუფუნების საგნებზე დაწესებული გადასახადების გაუქმებას. მისი ზეწოლით საქართველოს მთავრობამ 1990-იანი წლების ბოლოს დაწია გადასახადი ადგილობრივი ლუდის წარმოებაზე და გაზარდა აქციზი იმპორტირებულ ლუდზე. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალმა პარტიამ წარმატებას მიაღწია და 15 მანდატი მოიპოვა.[2]

საპარლამენტო პარტია, 1999-2008 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძრაობის პირველი ყრილობის მიერ პარტიის თავმჯდომარედ 4 წლის ვადით აირჩა გოგი თოფაძე, თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ ტყემალაძე, პოლიტიკური მდივნის თანამდებობა კი თამაზ ბეჟანიშვილმა დაიკავა. გიორგი (გოგი) თოფაძე პარტიის თავმჯდომარე 2005 წლამდე იყო. 2005 წლიდან იგი გახდა პარტიის ლიდერი, თავმჯდომარის თანამდებობა კი ზურაბ ტყემალაძემ დაიკავა. 2010 წლის 14 აპრილს გაიმართა პარტიის V. ყრილობის მიერ პარტიის ლიდერად აირჩა გოგი თოფაძე, პარტიის თავმჯდომარედ – ზურაბ ტყემალაძე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ თამაზ ბეჟანიშვილი.

პირველად პარტიამ 1999 წლის 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გადალახა 7 % იანი ბარიერი. მგს-მ ქვეყნის მასშტაბით 151 685 ხმა დააგროვა. პროპორციული სიით პარლამენტში 14 დეპუტატი გავიდა. ლანჩხუთის რაიონიდან მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ მენაბდე გახდა. საკანომდებლო ორგანოში პარტიიდან სულ 15 დეპუტატი შევიდა. „მრეწველების“ გარდა პარლამენტში ორი სახელისუფლებო ძალა იყო წარმოდგენილი: ედუარდ შევარდნაძის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და აჭარის რეგიონის ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია „აღორძინება“. ამრიგად, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმოადგენდა ერთადერთ ოპოზიციურ ძალას მაშინდელ პარლამენტში. პარტიამ საკანონმმდებლო ორგანოში შესვლისთანავე შექმნა ფრაქცია „მრეწველები“ რომლის თავმჯდომარე გოგი თოფაძე გახდა.

წარმატებული აღმოჩნდა 2002 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები. „მრეწველებმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რაიონის საკრებულოში 512 დეპუტატი გაიყვანა.

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ კვლავ მიიღო მონაწილეობა. პარტიამ შესძლო პარლამენტში მანდატების მოპოვება. ამ პერიოდში ქვეყყანაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და მოხდა „ვარდების რევოლუცია“. დაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2004 წლის 28 მარტს ჩატარდა. ამ არჩევნებში „მრეწველები“ და „ახალი მემარჯვენეები“ ერთიანი ბლოკით გამოდიოდნენ: „მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლები“. ბლოკმა მოახერხა საარჩევნო ბარიერის გადალახვა და საკანონმდებლო ორგანოში 23 დეპუტატით შევიდა: 15 პარტიული სიით და 8 მაჟორიტარული წესით. ბლოკმა საერთო ჯამში ამომრჩეველთა ხმების 7,56% მიიღო.

ზურაბ ტყემალაძე – პარტიის თავმჯდომარე

2006 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში პარტიამ ქვეყნის მასშტაბით 59 965 ხმა დააგროვა და სხვადასხვა რაიონის საკრებულოებში 28 მანდატი დააგროვა - 4 მაჟორიტარული წესით და 24 პროპორციული სიით.[3]

2008-2012 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო მონაწილეობა თუმცა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. პარტიის არსებობის ისტორიაში 2008 წლის არჩევნებში „მრეწველებმა“ მიიღეს ყველაზე ცოტა ხმების ოდენობა, სულ – 16 440 ხმა (0,93%). ამ არჩევნების დროს ისინი საარჩევნო ბლოკში იყვნენ გაერთიანებულები „ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასა“ და პოლიტიკურ პარტია „ერთობასთან“ ერთად. 2010 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობდა. მან მთელი ქვეყნის მასშტაბით 71 304 ხმა მოაგროვა, რამაც ჯამში 4,19% შეადგინა. სულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით პარტიამ 42 დეპუტატი გაიყვანა სხვადასხვა რაიონის საკრებულოებში. აქედან 25 მაჟორიტარული წესით, ხოლო 17 პროპორციული სიით. პარტიამ თბილისის მასშტაბით 27 791 ხმა მოაგროვა (6,23%). 2010 წლისთვითმმართველობის არჩევნებზე გარდა საკრებულოს წევრებისა, თბილისის მოქალაქეებს უნდა აერჩიათ დედაქალაქის მერი. პარტიამ მერის თანამდებობაზე წარადგინა მრეწველების ლიდერი. თბილისის მერის არჩევნებში გიორგი (გოგი) თოფაძემ 23 401 ხმა დააგროვა (5,19%).

2012 წლიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 11 აპრილს გამოცხადდა,[4] რომ მრეწველთა პარტია შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კოალიციას „ქართული ოცნება“. ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ 200 კანდიდატისგან შემდგარ საარჩევნო სიაში 19 მრეწველი იყო წარმოდგენილი.[5] 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შედეგად, „მგს“ საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტში 5 დეპუტატითაა წარმოდგენილი: გიორგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, თამაზ ყაჭეიშვილი, დემურ ბაშელეიშვილი და ზაზა ჭილაძე.

პარტიის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოგი თოფაძე – პარტიის ლიდერი

მოძრაობის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ყრილობა, რომელიც მოიწვევა მინიმუმ ოთხ წელიწადში ერთხელ. ყრილობებს შორის პერიოდში პარტიას ხელმძღვანელობს მოძრაობის სათათბირო. სათათბირო მოიწვევა წელიწადში ერთხელ მოძრაობის მთავარი კომიტეტის მიერ. მოძრაობის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს მთავარი კომიტეტი (მოძრაობის გამგეობა), რომელიც არჩევა ოთხი წლის ვადით მოძრაობის ყრილობის მიერ. იგი უზრუნველყოფს ყრილობისა და სათათბიროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას. მთავარი კომიტეტის სხდომები ტარდება მინუმუმ თვეში ერთხელ.

მოძრაობის უმაღლესს თანამდებობის პირს წარმოადგენს ლიდერი. მოძრაობის ლიდერი იმავდროულად არის მთავარი კომიტეტის და სათათბიროს წევრი. ლიდერი შეუზღუდავად წარმოადგენს პარტიას მესამე პირებთან ურთიერთობაში. პარტიის ლიდერთან ერთად წარმომადგელობაზე უფლებამოსილი პირია მოძრაობის თავმჯდომარე. ასევე პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ან პოლიტიკური მდივანი – თავმჯდომარის ან ლიდერის დავალებით. პარტიის საქმიანობას და სტრუქტურის მმართვას ახორციელებენ თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივნები (პოლიტიკური მდივანი და ორგანიზაციული მდივანი). მოძრაობის სტრუქტურასა და მუშაობის წესს ადგენს პარტიის თავმჯდომარე, ლიდერთან და მთავარ კომიტეტთან შეთანხმებით. ლიდერს, თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ოთხი წლის ვადით ირჩევს ყრილობა, ხოლო პოლიტიკურ და საორგანიზაციო მდივნებს ამავე ვადით ირჩევს სათათბირო.

საფინანსო საქმიანობას აკონტროლებს სარევიზიო კომისია. კომისია შედგება 3 წევრისგან და ისინი აირჩევიან 4 წლის ვადით ყრილობაზე.

სიმბოლიკა და დევიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრეწველების სიმბოლოკაა ოქროს საწმისი, რომელზედაც მუქ შინდისფერ ფონზე თეთრი ასოებით გამოსახულია მოძრაობის სახელწოდება და აბრევიატურა „მგს“.[6] პარტიის დევიზია „გადავარჩინოთ მრეწველობა - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს!“

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
1999 საპარლამენტო 7,8% მოიპოვა 15 მანდატი
2006 თვითმმართველობის საქართველო: 4,0%
თბილისი: 6,1%
მოიპოვა მანდატები
2010 თვითმმართველობის საქართველო: 2,5%
თბილისი: 6,2%
მოიპოვა მანდატები
2016 საპარლამენტო 0,78% მოიპოვა 1 მანდატი მაჟორიტარული წესით

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რ ე ე ს ტ რ ი (.pdf). საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-08. ციტირების თარიღი: 2011-03-16.
  2. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 167, ISBN 978-9941-0-5972-8.
  3. ინფორმაცია 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. "ცესკო". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-09. ციტირების თარიღი: 2013-03-03.
  4. მრეწველთა პარტია ივანიშვილის კოალიციას შეუერთდა. "სივილ ჯორჯია". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  5. ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" საარჩევნო სია. "ქართული ოცნება". ციტირების თარიღი: 2013-02-24.
  6. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება– მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" წესდება,მეორე ნაწილი, მუხლი 1.4,მიღების ვადა 2010–04–14, რეგისტრაციის თარიღი 2010–05–07