მოხოროვიჩიჩის ზედაპირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედამიწის კვეთი. მოჩანს მოხოროვიჩიჩის ზედაპირი, მონიშნულია როგორც 2
ოფიოლითები, რომელიც ორდოვიციულში ჩაწოლილი იყო „მოხოში“; შემდეგ, ტექტონიკური ძალების შედეგად ამოიზიდა ზედაპირზე

მოხოროვიჩიჩის ზედაპირი (მოხოროვიჩიჩის საზღვარი; როგორც წესი ეწოდება მოხო, ან უბრალოდ M)[1] — გამყოფი ზედაპირი დედამიწის ქერქსა და მანტიას შორის, რომელიც დადგენილია სეისმოლოგიური მონაცემებით. გრძივი სეისმური ტალღების გავრცელების სიჩქარე მოხოროვიჩიჩის ზედაპირზე გადასვლისას (ზემოდან ქვემოთ) ნახტომისებურად იზრდება 6,7-7,6-იდან 7,9-8,2 კმ/წმ-მდე, ხოლო განივი ტალღებისა — 3,6-4,2-იდან 4,4-4,7 კმ/წმ-მდე.[2] სხვადასხვა გეოფიზიკური, გეოლოგიური და სხვა მონაცემები გვიჩვენებენ, რომ ნახტომისებურად უნდა იცვლებოდეს ნივთიერებათა სიმკვრივეც: 2,9-3,0-იდან 3,1-3,5 ტ/მ³-მდე. ვარაუდობენ, რომ მოხოროვიჩიჩის ზედაპირი ერთმანეთისაგან ყოფს სხვადასხვა ქიმიური შედგენილობის ფენებს.

სახელი ეწოდა ხორვატელი მეტეოროლოგისა და გეოფიზიკოსის ანდრია მოხოროვიჩიჩის პატივსაცემად, რომელმაც 1909 წელს პირველმა დაადგინა ამ საზღვართან დაკავშირებული სეისმური ტალღები.[3] ზოგიერთ უნიკალურ რაიონში მოხოროვიჩიჩის ზედაპირი სუსტად არის გამოხატული, ფიზიკური პარამეტრები ვერტიკალზე იცვლება თანდათანობით რამდენიმე კილომეტრის ინტერვალში.[1]

მოხოროვიჩიჩის ზედაპირის ბუნებაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. გეოფიზიკური მონაცემების მიხედვით, მოხოროვიჩიჩის ზედაპირის ქვემოთ ვრცელდება ან ულტრაფუძე შედგენილობის ზედაპირი (პერიდოტიტების ტიპი), ან ძირითადი შედგენილობის მჭიდრო ზედაპირი — ეკლოგიტები.[1] მოხოროვიჩიჩის ზედაპირი ოკეანის საგების ქვეშ 5-იდან 10 კმ-მდე ვრცელდება, ხოლო კონტინენტური ქერქიდან 20-იდან 90 კმ-მდე, საშუალოდ 35 კმ-მდე.[4] ბურღვით მოხოროვიჩიჩის ზედაპირამდე მიღწევის რამდენიმე ცდა განხორციელდა XX საუკუნეში, თუმცა უშედეგოდ.

გასული საუკუნის 60-იან წლებში ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ განხორციელდა პროექტი „მოხოლე“, აღსანიშნავია აგრეთვე კოლის ზეღრმა ჭაბურღილი, ყოფილ სსრკ-ში. ამ პროექტების ძირითადი დანიშნულება იყო მოხოროვიჩიჩის ზედაპირის გამოკვლევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]