მოხმარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოხმარებაეკონომიკაში პროდუქციისა და მომსახურების საბოლოო გამოყენებას აღნიშნავს, რომელიც მათ სარგებლიანობას განსაზღვრავს. კეინსიანელთა ეკონომიკაში „მოხმარება“ პირადი მოხმარების დანახარჯების შემოკლებული ტერმინია და განისაზღვრება მოხმარების ფუნქციით, განსაკუთრებით მოხმარებისკენ ზღვრული მიდრეკილებით. ის ნაწილია აგრეგატული მოთხოვნისა ან ნამდვილი მოთხოვნისა.

მოხმარება შეიძლება ასევე განისაზღვროს, როგორც „საქონლისა და მომსახურების ამორჩევა, გამოყენება, (ნარჩენების) გადაგდება და უტილიზაცია“, რისი საპირისპიროცაა საქონლისა და მომსახურების პროექტირება, წარმოება და მარკეტინგი.

მოხმარების კვლევები არკვევს იმას, თუ როგორ და რატომ მოიხმარს საზოგადოება ან ინდივიდი ამა თუ იმ საქონელსა და მომსახურებას, და რა გავლენას ახდენს მოხმარება საზოგადოებაზე და ადამიანთა ურთიერთობებზე. ჩვეულებრივ მოხმარების კვლევები ფოკუსირებულია მოხმარების მნიშვნელობასა და როლზე ადამიანის თვითიდენტიფიცირებისათვის, აგრეთვე „მომხმარებელ“ საზოგადოებაზე. ტრადიციულად მოხმარება საკმაოდ უმნიშვნელოდ ითვლებოდა წარმოებასთან და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან შედარებით. მოგვიანებით, მომხმარებელი საზოგადოების განვითარებამ, რამაც თავის მხრივ გაზარდა მომხმარებელთა ძალაუფლება ბაზარზე, ასევე მარკეტინგის და რეკლამების განვითარებამ, უფრო მომთხოვნი მომხმარებლების, მათ შორის ე.წ. ეთიკური მომხმარებლების გაჩენამ ადრინდელი შეხედულებების გადახედვა და მოხმარების წინა პლანზე წამოწევა განაპირობა. ამას მოჰყვა მოხმარების სოციოლოგიის განვითარება. თავდაპირველად სოციოლოგთა ყურადღება იმ მომხმარებელმა მიიპყრო, რომლისთვისაც მოხმარება თავისი სოციალური სტატუსის დემონსტრირების საშუალება იყო. ამ მიმართულების მიმდევარნი მომხმარებელს მწარმოებელთა და საკუთარი სოციალური სტატუსის „მსხვერპლად“ განიხილავენ და მომხმარებლის თავისუფლების შეზღუდვის ეკონომიკურ და კულტურულ ფაქტორებს იკვლევენ. საწინააღმდეგო თეორია კი მომხმარებელს აქტიურ შემოქმედად მიიჩნევს და ყურადღებას მოხმარების ისეთ შემთხვევებზე ამახვილებს, როცა მომხმარებელი პროდუქტს იმ მიზნით იყენებს, რომელიც მწარმოებელს გათვალისწინებული სულაც არ ჰქონია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ინტერნეტის გამოყენება მუსიკის მოსასმენად ან ქალაქის მოედნების გამოყენება სკეიტბორდებით სასრიალოდ.

მოხმარების კვლევები სხვადასხვა მიზნით ხორციელდება. მომხმარებელთა კვლევები მარკეტინგის დახმარებას ცდილობს: მომხმარებლის გამოკითხვა ეხმარება პროდუქტის დიზაინის გაუმჯობესებას; ფემინისტური კვლევები ქალების, როგორც მომხმარებელების, მნიშვნელობას უსვამს ხაზს, განსაკუთრებით კი საოჯახო არენას მოხმარებაში. მედიის კვლევები ეხმარება მასმედიის პროდუქციის, როგორიცაა ტელევიზია და ვიდეო თამაშები, მოხმარების გაანალიზებას. აღსანიშნავია, რომ კრიტიკული თეორია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე კვლევებზე, ვინაიდან მოხმარება თანამედროვე საზოგადოების კულტურის ცენტრალური ასპექტი ხდება.

მოხმარების შესწავლა შეიძლება გამოხორციელდეს ტრადიციული გამოკითხვის ტექნიკით, ან სხვადასხვა ეთნოგრაფიული მეთოდებით. ამასთან მოხმარების შესწავლა საკმაოდ რთულიცაა, ვინაიდან ის მოიცავს ყოველდღიური ცხოვრებისეული სიტუაციების გამოძიებას.

დისკუსიები ადამიანთა მიერ რესურსების მოხმარებაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ეკონომიკაში, ასევე გარემოს დაცვაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Deaton, Angus (1992). Understanding Consumption. Oxford University Press. ISBN 0-19-828824-7. 
  • Friedman, Jonathan (1994). Consumption and Identity (Studies in Anthropology & History). Washington, DC: Taylor & Francis. ISBN 3-7186-5592-6. 
  • Isherwood, Baron C.; Douglas, Mary (1996). The World of Goods: Towards an Anthropology of Consumption (Paperback). New York: Routledge. ISBN 0-415-13047-6. 
  • Mackay, Hugh (Editor) (1997). Consumption and Everyday Life (Culture, Media and Identities series) (Paperback). Thousand Oaks, Calif: SAGE Publications. ISBN 0-7619-5438-4. 
  • Miller, Daniel (1998). A Theory of Shopping (paperback). Ithaca, N.Y.: Cornell University Press. ISBN 0-8014-8551-7. 
  • Slater, Don (1997). Consumer Culture and Modernity. Cambridge, UK: Polity Press. ISBN 0-7456-0304-1.