მოსკოვის ქართველთა ახალშენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მოსკოვის ქართული ახალშენი)

მოსკოვის ქართველთა ახალშენი — XVIII საუკუნის 90-იან წლებში წარმოქმნილი ქართველთა დასახლების უბანი მოსკოვში. XVI საუკუნიდან საქართველოს სამეფო-სამთავროებმა მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარეს მოსკოვის სახელმწიფოსთან. ამ პერიოდიდან მოსკოვში მრავალი ქართველი პოლიტიკისა და კულტურის მოღვაწე ჩადიოდა. მოსკოვში ქართველთა დამკვიდრების ცალკეული ფაქტები XVII საუკუნის 20-იანი წლებიდან დოკუმენტურად დასტურდება. რუსეთის სამეფო კარის ინიციატივით 1652 წელს მოსკოვში ჩავიდა ნიკოლოზ ბატონიშვილი (შემდეგში ერეკლე I) დედითა და ამალით. მისი მხებლებიდან XVII საუკუნის 70-იან წლებში მოსკოვს დამკვიდრებულმა დავითაშვილებმა საფუძველი ჩაუყარეს ქართველებით დასახლებული უბნის წარმოქმნას.

1684 წელს მოსკოვს ჩავიდნენ ალექსანდრე და მამუკა ბატონიშვილები, 1685 - მათი მშობლები არჩილ II და ქეთევან დედოფალი, ოჯახის წევრებითა და ამალით. 1691 წელს ალექსანდრე და მამუკა ბატონიშვილებს საკუთრებად ებოძათ თავად ვასილ გოლიცინის ყოფილი სასახლე. მალე ქართველებმა ქალაქგარეთ მიიღეს აგარაკი ვსესვიატსკოეში („სვესენწკა“). ასე ჩამოყალიბდა ქართველთა ახალშენი მოსკოვში. 1700 წელს პეტრე I-მა მოსკოვში დაბრუნებულ არჩილ მეფესა და ალექსანდრე ბატონიშვილს წლიური ფულადი და ნატურალური ულუფის ნაცვლად ნიჟნი-ნოვგოროდში ვრცელი მამულები უბოძა (ბელგოროდის, ლისკოვისა და ტერიუშევის თემები. ასზე მეტი დასახლებული პუნქტით, 4 ათასამდე კომლით). ახალშენის პირველი მეთაური იყო ალექსანდრე ბატონიშვილი, მისი დატყვევების შემდეგ არჩილ II. 1712 წელს პეტრე I-მა მემკვიდრეობა არჩილის ქალიშვილს დარეჯანს დაუმტკიცა.

XVIII საუკუნის 20-იან წლებში მოსკოვის ქართველთა ახალშენი შუამავლის როლს ასრულებდა ეუსეთის სახელმწიფო კარსა და ქართლის სამეფოს შორის. 1724 წელს ვახტანგ VI-ისა და მისი მრავალრიცხოვანი ამალის მოსკოვს დამკვიდრებით ქართველთა ახალშენი გაფართოვდა. 1729 წელს პრესნიაზე ქართველთა დასახლებული უბანი „გრუზინი“ შეიქმნა. გაიზარდა ქართველთა რიცხვი ვსესვიატსკოეში, რომლის გვერდით გიორგი ბატონიშვილმა გააშენა სოფ. გეორგიევსკოე. XVII საუკუნის 30-იან წლებში ვსესვიატკოეში დარეჯანმა ააშენა ახალი სამლოცველო, რომელიც დღემდეა დაცული. პრესნიაზე მცხოვრებმა ქართველებმა მთავარმოწამე წმინდა გიორგის სახელზე ჯერ ხის, ხოლო შემდეგ ქვის ეკლესია ააგეს. 1705 წელს დონის მონასტრის წინამძღვარი (არქიმანდრიტი) გახდა ქართველი ლავრენტი. 1711 წელს ამავე მონასტერში საფუძველი ჩაეყარა ქართველ მოღვაწეთა პანთეონს.

1726 წელს დარეჯანმა თავისი მამულების მემკვიდრედ დაამტკიცა ბაქარი. 1740 წელს ეს მამულები გადავიდა ქართველთა ახალშენის მეთაურის ბაქარის ხელში. 1748 წელს მოსკოვის ქართველთა ახალშენის სამფლობელო გაიყვეს ბაქარმა და გიორგი ბატონიშვილმა. ბაქარის გარდაცვალების შემდეგ (1750) მის წილ მამულებს ჯერ დედოფალი ანა, ხოლო შემდეგ ბაქარის შთამომავლები დაეუფლნენ.

მოსკოვის ქართველთა ახალშენი ქართული კულტურის მძლავრი კერა იყო. არჩილ II-ის ინიციატივით მოსკოვში გაკეთდა ქართული საბეჭდი დაზგა, 1704 წელს იქვე ჩამოისხა ქართული შრიფტი, ხოლო 1705 წლის მარტში დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი „ფსალმუნი“. XVIII საუკუნის 30-იან წლებში ვახტანგ VI მოსკოვში ქართულ საგამომცემლო საქმიანობის განახლებას შეეცადა. 1736-1737 წლებში იოსებ სამებელის (ქვაბულიძე) ხარჯითა და ქრისტეფორე გურამიშვილის ხელმძღვანელობით პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში ჩამოისხა ქართული შრიფტი, დამზადდა სასტამბო მოწყობილობა და დაიბეჭდა „ანბანი“. 1737-1738 წლებში მოსკოვში ამოქმედდა დამოუკიდებელი ქართული სტამბა, რომელშიც ძველი ქართული კულტურის ათამდე სახელწოდების შესანიშნავი ძეგლი დაიბეჭდა (მათ შორის „დაბადება“ 1743). 1762 წელს მოსკოვში ათანასე თბილელმა გახსნა სტამბა, ხოლო XIX საუკუნის დამდეგს გ. პაიჭაძემ.

მოსკოვის ქართველთა ახალშენშე ითარგმნა მრავალი ძეგლი მათ შორის „პროლოგ-სვინაქსარი“ (XVII საუკუნის 80-იან წლებში); ბ. სოლოღაშვილმა დაიწყო ბერძნულიდან მსოფლიო ისტორიის („ქრონოგრაფიის“) თარგმნა, შემდეგ ეს თარგმანი რუსულიდან არჩილ II-მ დაასრულა (1706-1710). ამავე პერიოდში ითარგმნა სერბული რომანი „ალექსანდრიანი“. შეიქმნა სახელმძღვანელო „არტილერიის წიგნი“ (XVIII საუკუნის 20-იან წლები), გადაიწერა ვახტანგ VI-ის ლექსები და პოემები, აგრეთვე — „ქართლის ცხოვრება“, არითმეტიკისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოები, შემდეგ პერიოდში მამუკა ბარათაშვილმა აქ შემნა პოეტიკის სახელმძღვანელო „ჭაშნიკი“ . ითარგმნა და გამოიცა თ. პროკოპოვიჩის „პირველ სასწავლო ყრმათა“ (1739) და სხვა.

XVIII საუკუნის 30-იან წლებში ბაქარის სასახლეში მოეწყო მცირე ობსერვატორია. მეცნიერ-ენციკლოპედისტმა ვახუშტი ბატონიშვილმა პრესნიაზე შექმნა „საქართველოს ატლასი“, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (1744), თარგმნა და გადაწერა „მსოფლიო გეოგრაფია“ და სხვა. მოსკოვის ქართველთა ახალშენის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. დიდი თეატრის პირველივე დასის წევრი იყო ნ. ზანდუკელი, მოსკოვის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ქველმოქმედი გიორგი ბატონიშვილი. მოსკოველ ქართველ მოღვაწეებს მჭიდრო შემოქმედებითი კავშირი ჰქონდათ პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიასთან, მოწინავე რუს მეცნიერებთან: მიხეილ ლომონოსოვთან, ნ. ტატიშჩევთან, თეოფანე პროკოპოვიჩთან და სხვებთან. მოსკოველმა ქართველებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსეთის არმიის გარდაქმნაში. აღსანიშნავია რუსული არტილერიის მშენებლობაში ალექსანდრე ბატონიშვილის, ბაქარის, გ. დადიანისა და სხვების როლი. მოსკოველი ქართველები აქტიურად მონაწილეობდნენ კასპიისპირეთის ლაშქრობაში, XVIII საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბებულმა ქართველ ჰუსართა პოლკმა შესანიშნავი ფურცლები ჩაწერა რუსი და ქართველი ხალხის საბრძოლო თანამეგობრობის მატიანეში. ქართველ ჰუსარმა დავით გურამიშვილმა თავისი „დავითიანით“ უმღერა ქართველი, რუსი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას. მოსკოვის ქართველთა ახალშენიდან გამოვიდნენ რუსეთის თვალსაჩინო სამხედრო, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები. ქართველთა ცხოვრება მოსკოვში აღბეჭდილია რუს და ქართველ ხალხთა შემოქმედებითი მეგობრობის შედეგად შექმნილ მატერიალურ კულტურის ძეგლებში. ქართველთა აქ ცხოვრების კვალი ისტორიულ ძეგლებმა, ადგილთა სახელწოდებებმა შემოგვინახა. მოსკოვის ქართველთა ახალშენმა დიდი როლი შეასრულა რუს და ქართველ ხალხთა დაახლოებაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუხაძე ტ., ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVIII საუკუნეები), თბ., 1960;
  • სიხარულიძე ფ., მოსკოვის ქართული ახალშენის როლი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში (XVIII საუკუნის I მეოთხედი), კრ.: საქართველო, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, ტ. 1, თბ., 1968;
  • მისივე, რუსეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის ისტორიიდან (XVII საუკუნის 30-იან წლებში), კრ.: მეგობრობა, თბ., 1979;
  • ისივე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, «საისტორიო კრებული», 1970, ტ. 2;