მიხეილ იშხნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ნიკოლოზის ძე იშხნელი (დ. 1886, სოფ. არადეთი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 თებერვალი, 1938, ქ. მინუსინსკი, კრასნოიარსკის მხარე, რუსეთი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ იშხნელი დაიბადა სოფელ არადეთში 1886 წელს. უმაღლესი სამედიცინო განათლება რუსეთში მიიღო. საექიმო მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1915 წლიდან).

I მსოფლიო ომში (1914-1918) სამხედრო ექიმად მსახურობდა ჩრდილოეთის ფრონტზე. 1918 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. იყო დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული (ეროვნული) პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა გამათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო კომისიის“ წევრი. უშუალოდ იყო ჩართული 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში. აჯანყების წინ ფარულად იმყოფებოდა ჩაჩნეთში ადგილობრივ მეამბოხეებთან ერთობლივი მოქმედების შესათანხმებლად. გამოსვლების ჩახშობის შემდეგ დამოუკიდებლობის კომიტეტის სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს შიომღვიმეში. მიუსაჯეს დახვრეტა, რომელიც შეეცვალა 10 წლით თავისუფლების აღკვეთით „სასტიკი იზოლაციით“. 1934 წელს 3 წლით გადაასახლეს ციმბირში, ქალაქ მინუსისკში, სადაც 1937 წლის 6 ნოემბერს დააპატიმრეს ე. წ. „ჯანდაცვის სამინისტროს საქმესთან“ დაკავშირებით. 1938 წლის 13 თებერვალს საბჭოთა საგანგებო სასამართლომ მოუსაჯა სიკვდილით დასჯა ქონების კონფისკაციით. 20 თებერვალს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს მიერ 1956 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]