მიხეილ გელოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ გელოვანი
დაბადების სახელი მიხეილ გელოვანი
დაბადების თარიღი 6 იანვარი, 1893
გარდაცვალების თარიღი 21 დეკემბერი, 1956 (63 წლის)
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი

მიხეილ გელოვანი (დ. 6 იანვარი, 1893, სპათაგორი, სხვა მონაცემებით — ლასურიაში — გ. 21 დეკემბერი, 1956) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1950)[1]. ცნობილი იყო სტალინის როლების შესრულებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ გელოვანი დაიბადა ლეჩხუმში, არისტოკრატულ ოჯახში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა კარგი ხმით და გალობდა საეკლესიო გუნდში. განათლება პეტერბურგის გიმნაზიაში მიიღო და იქვე აპირებდა კონსერვატორიაში სწავლას, მაგრამ, მამის გარდაცვალების გამო, იძულებული გახდა, რომ ბიძასთან გადასულიყო ბაქოში, სადაც შედგა მისი თეატრალური დებიუტი, 1912 წელს იყო ბაქოს ქართული თეატრის სცენაზე; 1913–1914 და 1916 წლებში იყო ბათუმის თეატრის მსახიობი; 1914–1915 წლებში ქუთაისის თეატრის მსახიობი; 1918–1920 წლებში სწავლობდა გიორგი ჯაბადარის სტუდიაში; 1921–1922 წლებში და 1936–1939 წლებში იყო შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1942–1948 წლებში მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობი, 1954 წლიდან გარდაცვალებამდე – მოსკოვის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი.

ჰქონდა კარგი იუმორის გრძნობა და კარგად მღეროდა — ფლობდა სასიამოვნო ბარიტონს, რის გამოც, როგორც თეატრში, ისე — კინოში მისთვის საგანგებოდ იგონებდნენ სამღერ ეპიზოდებს. თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ვასკა პეპელი (მაქსიმ გორკის „ფსკერზე“), კოწია (შალვა დადიანის „გუშინდელნი“), ტარიელ მკლავაძე („ტარიელ მკლავაძე“, ეგნატე ნინოშვილის მიხედვით) ბესო (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), სიმონი (სერგო კლდიაშვილის „გმირთა თაობა“), სტალინი (შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან..“). როგორც თეატრალურ რეჟისორს, დადგმული აქვს ვალერიან შალიკაშვილის „გადაჭრილი მუხა“, ნიკოლოზ შიუკაშვილის „სულელი“ და სხვ. 1924 წლიდან კინოში იღებდნენ. განსახიერებული აქვს როლები: ბახვა ფულავა („სამი სიცოცხლე“), კირილე („ნარინჯის ველი“) და სხვ. მისი რეჟისორობით გადაღებულია ფილმები: „ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928), „ნამდვილი კავკასიელი“ (1931), „დამკვრელი“ (1931); განასახიერა სტალინის სახე სხვადასხვა კინოსტუდიის ფილმებში: „დიადი განთიადი“ (1938), „ცარიცინის დაცვა“ (1942), „ფიცი“ (1946), „ბერლინის დაცემა“ (1950). „დამკვრელი“ (1931).

სტალინის როლში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ გელოვანმა სტალინის სახე პირველად 1936 წელს თეატრის სცენაზე განასახიერა, შალვა დადიანის პიესაში „ნაპერწკლიდან…“ სწორედ ამ დროს შენიშნეს მისი გარეგნული მსგავსება სტალინთან, რის გამოც 1937 წელს რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა მიიწვია ფილმში „დიადი განთიადი“. მისმა შესრულებამ თავად სტალინის მოწონება დაიმსახურა, რის გამოც, იგი კიდევ არაერთგზის მიიწვიეს სხვადასხვა კინოსტუდიაში დადგმულ ფილმებში, ბელადის როლის შემსრულებლად. მსახიობი თავიდანვე სერიოზულად მოეკიდა დავალებას: იგი გამუდმებით მუშაობდა მიმიკაზე, ხმაზე, გამოთქმაზე, საუბრისა და მიხვრა-მოხვრის მანერაზე, რომ მაქსიმალური მსგავსება უზრუნველეყო. ამის გამო, მის მიერ შესრულებულმა „სტალინმა“ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, როგორც კინოსამყაროში, ისე მაყურებელთა შორის. ერთდროულად რამდენიმე ფილმში დაკავების გამო, გელოვანს მოსკოვში მოუხდა გადასახლება, სადაც თავიდან გარეუბანში მდებარე კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა, შემდეგ კი, რეჟისორ მიხეილ ჭიაურელისა და მომღერალ მარკ ბერნესის დახმარებით, ოროთახიანი ბინა მიიღო. გარდა ფილმებისა, გელოვანმა სტალინის როლი შეასრულა ვ. მურადელის ოპერაში „დიადი მეგობრობა“.[2]

სტალინის როლმა მსახიობს არნახული წარმატება მოუტანა, იგი ძლიერ პოპულარული გახდა ხალხშიც – მას ეკითხებოდნენ რჩევას, სთხოვდნენ შუამავლობას და სხვ. ამ ყველაფერმა მასში ერთგვარი განდიდების მანია წარმოშვა. გელოვანმა რამდენჯერმე ბოროტადაც ისარგებლა თავისი პოპულარობით და როლით,[2][3] რის გამოც თვით სტალინის რისხვა დაიმსახურა, თუმცა, მონანიების შემდეგ მსახიობი შეიწყალეს და მან კიდევ რამდენიმე ფილმში შეასრულა სტალინის როლი, მის გარდაცვალებამდე. სხვა როლები, გარდა სტალინისა, გელოვანს აღარ ჰქონდა. იგი „ბელადის“ ერთგვარ ორეულად იქცა.

გიორგი დანელიას მიხედვით, თავად მსახიობს სტალინი ერთადერთხელ ჰყავს ნანახი და სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მას აღარ მიეცა შესაძლებლობა როლი კვლავ ეთამაშა.[4]

სტალინის სიკვდილის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოკიდებულება გელოვანის მიმართ სტალინის გარდაცვალებისთანავე (1953) მკვეთრად შეიცვალა უარყოფითისაკენ — ნეშტთან საპატიო ყარაულში მდგომი მსახიობი დარბაზიდან გააძევეს და ამით ირიბად მიანიშნეს, რომ მისი კარიერა დასრულებული იყო. 1953 წლის შემდეგ გელოვანი მხოლოდ სამჯერ მიიწვიეს თეატრში, ეპიზოდურ როლზე.[2] უროლოდ და უფუნქციოდ დარჩენის ნიადაგზე მსახიობს მძიმე ემოციური მდგომარეობა განუვითარდა. იგი ალკოჰოლს მიეძალა, ხანგამოშვებით რეკავდა და სტალინის ხმით იმუქრებოდა, ან უმისამართოდ დაეხეტებოდა, რის გამოც იგი ფსიქიკურად დაავადებულად შერაცხეს.

ნ. ს. ხრუშჩოვის მიერ დაწყებული ანტისტალინური კამპანიის ფარგლებში, დაიწყო ფილმების გადამუშავება და იმ ეპიზოდების ამოჭრა, სადაც სტალინი (გელოვანი) ჩანდა. მსახიობზე ყოველივე ამან გამანადგურებლად იმოქმედა.

1956 წლის 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეზე, მოსკოვში (ზოგი ცნობით — სოხუმში), მიხეილ გელოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (თავი ჩამოიხრჩო).[5] გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.[6]. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმების დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Указ Президиума Верховного Совета СССР от 6 марта 1950 года «О награждении орденами и медалями работников кинематографии СССР». ციტირების თარიღი: 2022-03-23
  2. 2.0 2.1 2.2 Балиев, Алексей. (20.03.2018) С правом на предсмертную записку. vpk-news.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27.01.2022. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.
  3. Михаил Геловани. akter.kulichki.net. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.
  4. (რუსულად) Георгий Данелия. «В гостях у Дмитрия Гордона». YouTube. 01.03.2009. https://www.youtube.com/watch?v=6kO7FEw-GLM&t=7m59s. წაკითხვის თარიღი: 11 აგვისტო, 2020.
  5. მიხეილ გელოვანი — სტალინის ორეული ლეჩხუმელი თავადი. kvirispalitra.ge. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.
  6. Навсегда со Сталиным. Как роль вождя погубила Михаила Геловани. aif.ru. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.