მიტრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიტრა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მიტროპოლიტი ანანია

მიტრა (ძვ. ბერძნ. μίτρα - კრავი} — სამღვდელთმთავრო გვირგვინი, პატარა ხატებითა და ძვირფასი, ფერადი თვლებით შემკული. ეპისკოპოსის ლიტურგიული შესამოსელი. საეკლესიო ლექსიკონში ჩამოთვლილია ღვთისმსახურები: მღვდელმთავრები, არქიმანდრიტები და დამსახურებული დეკანოზები, რომელთაც მიტრის ტარების უფლება აქვთ. კათოლიკოს-პატრიარქის, მიტროპოლიტებისა და მთავარეპისკოპოსების მიტრები სავალდებულოა ჯვრებით გვირგვინდებოდეს. ეს წესი მოსკოვის, 1667 წლის საეკლესიო კრებამ დააკანონა.

ძველად საბერძნეთში მიტრას უწოდებდნენ თავზე წასაკვრელ ფართო ბაფთას, ძველი აღთქმის მღვდელმთავართა კიდარის მაგვარს, რომელიც ინასკვებოდა კეფაზე და გრძელი ბოლოებით ზურგზე ეშვებოდა. შედგებოდაა წინა და უკანა ნაწილისაგან. ორივე მათგანი წაწვეტებული ფორმის იყო. თავსაბურავის უკანა მხარეს უერთდებოდა ორი განიერი, კეფასა და მხრებზე დაშვებული ლენტი. დროთა განმავლობაში ბაფთამ მიიღო ქუდის ფორმა, რომელიც ზემოდან ღია იყო, წინა მხარეს კი ამოქარგული ხატებით შემკული.

მიტრის არსებობის პირველი ცნობა XI საუკუნით თარიღდება, როდესაც რომის პაპმა, ლეო IX-მ (1049-1054) მიტრა უბოძა ტრევირის მთავარეპისკოპოსს ევერარდოს, რომელიც მას რომში გაჰყვა. თავდაპირველად მიტრის ტარების უფლებით მხოლოდ ალექსანდრიის პატრიარქი სარგებლობდა, კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ (1453 წ.) მიტრის ტარება საყოველთაო გახდა როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში და ეპისკოპოსის შესამოსელ აუცილებელ ნაწილად იქცა.

აღმოსავლეთის ეკლესიაში სიმბოლურად ეპისკოპოსის მიტრა მეფის გვირგვინს გაუთანაბრდა, რადგან ეპისკოპოსი მღვდელმსახურების დროს წარმოადგენს ზეცათა მეუფეს — იესო ქრისტეს. მიტრა აღნიშნავს ეკლის გვირგვინს, რომელიც ვნებულ მაცხოვარს დაადგეს თავზე (მათე 27, 29). აგრეთვე სუდარას, რომელიც დამარხვისას თავზე შემოახვიეს (იოან. 20, 7).

მართლმადიდებელი ეკლესიაში, მიტრის ტარების მხრივ, გამორჩეულია ალექსანდრიის ეკლესია და მისი მმართველი, რადგან მისი წოდებაა „პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა“, შესაბამისად მსახურების დროს, პატრიარქის მიტრასთან ერთად იყენებს, პაპის ტიარასაც.

სულხან-საბა ორბელიანი მიტრას ასე განმარტავს:

მიტრა - მღვდელმთავრის გვირგვინი, მღვდელმთავრის ქუდი, რომელ ითქმს დედად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19 2004 წ.
  • გერმანე კონსტანტინეპოლელი, „საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა”, თბ, 2004 წ.
  • პეტროზილო პიერო, „ქრისტიანობის ლექსიკონი“, თბ. 2011 წ.
  • სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, ტ. 1, თბ, 1991 წ.