მილტიადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მილტიადესი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მილტიადე (მრავალმნიშვნელოვანი).
მილტიადე

მილტიადე (ძვ. ბერძნ. Μιλτιάδης; დაახლ. ძვ. წ. 550—489)  — ათენელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. ძვ. წ. 523-513 წლებში ცხოვრობდა თრაკიის ქერსონესში, სადაც თავისი ძმის სტესაგორას სიკვდილის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა და ტირანი გახდა, ცოლად შეირთო თრაკიის მეფის ოლორის ასული, დაიპყრო კუნძული ლემნოსი და შეიმუშავა გეგმა იონიის ბერძნული ქალაქების სპარსელთა ბატონობისაგან გასათავისუფლებლად. მცირეაზიული ბერძნული ქალაქების აჯანყების (ძვ. წ. 500-494) ჩახშობის შემდეგ ათენში დაბრუნდა. აქ მტრებმა ბრალი დასდეს ტირანობის მიტაცებაში და სახალხო სამართალში მისცეს. მილტიადემ შესძლო თავის გამართლება. ძვ. წ. 490 წელს აირჩიეს ერთ-ერთ სტრატეგოსად სპარსელების წინააღმდეგ ომში. მილტიადემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მარათონთან ბრძოლაში (ძვ. წ. 490 წ.). ძვ. წ. 489 წელს გაილაშქრა სპარსეთის მხარეზე მებრძოლი ბერძნული კუნძულების წინააღმდეგ, მაგრამ ლაშქრობა კ. პაროსის წინააღმდეგ წარუმატებლად დასრულდა. ამით ისარგებლეს მილტიადეს მტრებმა, განსაკუთრებით ალკმეონიდებმა, ბრალი დასდეს მას ხალხის ნდობის ბოროტად გამოყენებაში, გაასამართლეს და მიუსაჯეს დიდძალი ფულადი ჯარიმა, რომლის გადახდაც მილტიადემ ვერ შესძლო და დააპატიმრეს. გარდაიცვალა ციხეში. მეორე ცნობით გარდაიცვალა ჭრილობებისაგან განაჩენის გამოტანამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]