ალოიზ მიზანდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მიზანდარი, ალიოზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიზანდარი.
ალოიზ მიზანდარი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალოიზ მიზანდარი
დაბ. თარიღი 1 სექტემბერი/13 სექტემბერი 1838
დაბ. ადგილი გორი
გარდ. თარიღი 1 ივნისი/14 ივნისი 1912
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პიანისატი
კომპოზიტორი
პედაგოგი
ალოიზ მიზანდარი ვიკისაწყობში

ალოიზ იოსების ძე მიზანდარი (დ. 13 სექტემბერი [ ძვ. სტ. 1 სექტემბერი] 1838, გორი — გ. 14 ივნისი [ ძვ. სტ. 1 ივნისი] 1912, თბილისი) — ქართველი პიანისტ-ვირტუოზი, კომპოზიტორი და პედაგოგი. პირველი ქართული დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი (რომანსი „ჩვენ დავშორდით“ 1863 წ.), საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი, პირველი სამუსიკო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, რუსეთის საიმპერატორო მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილების საპატიო წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალოიზ მიზანდარი დაიბადა 1837 წელს ქალაქ გორში. 1855-1863 წწ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. გამოდიოდა უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მილი ბალაკირევსა და ანტონ რუბინშტეინთან ახლო ურთიერთობამ გავლენა იქონია მიზანდარის შემდგომ მოღვაწეობაზე. ხარლამპი სავანელსა და კონსტანტინე ალიხანოვთან ერთად 1874 წელს თბილისში დააარსა სამუსიკო სკოლა, რომელიც 1886 წელს სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდა.

პეტერბურგში სწავლისას და ევროპაში გასტროლების დროს (პარიზი, ვენა 1865-1867) ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩაიკოვსკისთან, რუბინშტეინთან, ბალაკირევთან, ლისტთან, როსინისთან, ბრამსთან, გუნოსთან, ვერდისთან და სხვ. გადმოცემის თანახმად, მიზანდარი და ლისტი ხშირად უკრავდნენ ოთხ ხელში.

მიზანდარის საკონცერტო გამოსვლებს კრიტიკა მაღალ შეფასებას აძლევდა: „იშვიათი მოხდენილობითა და გენიალური შესრულებით ბატონმა მიზანდარმა მსმენელები განაცვიფრა“. (გაზეთები: „Der Wanderer” (1867), „Die Debate” (1867), „Vorderblatt” (1867) „Neue Wienner Theaterzeitung” (1867); მიზანდარის საფორტეპიანო ნაწარმოებები ქართული პროფესიული მუსიკის პირველი ნიმუშებია. დაკარგულია მრავალი ნაწარმოები, მათ შორის ოთხხმიანი მესები, რომლებიც თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში სრულდებოდა. ალოიზ მიზანდარის მოსწავლე იყო ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ანა თულაშვილი, ასევე ე. ი. პოლტორაცკაია და სხვ.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიზანდარი ლ., მიზანდარი (მონოგრაფია), „გრიფონი“ 2011;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 679.
  • ვაჩნაძე მ., ნარკვევები ქართული საფორტეპიანო მუსიკის ისტორიიდან, „ხელოვნება“, 1973;
  • გიორგაძე ნ., ალოიზ მიზანდარი, თბ., 1969;
  • თულაშვილი ა., ქართული პიანისტური სკოლის ფუძემდებელი, იქვე, 1954, № 5.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 271, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]