მე და ღამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„მე და ღამე“გალაკტიონ ტაბიძის ლექსი, რომელიც დათარიღებულია 1913 წლით. იგი შესულია 1914 წელს ქუთაისში გამოცემულ გალაკტიონის ლექსთა პირველ კრებულში. ეს ლექსი ერთ-ერთია იმ ნაწარმოებთაგან, რომელშიც მძაფრად ვლინდება გალაკტიონის მარტოსულობისა და სულიერი ობლობის ტრაგიზმი. გალაკტიონის ადრინდელ ლირიკაში ეს ლექსი ასევე ერთ-ერთი მკაფიოდ გამორჩეული ქმნილებაა ლირიკული განცდის უშუალობითა და გულწრფელობით, პოეტური ოსტატობის დახვეწილი და ნატიფი კულტურით. იმის გამო, რომ ამ ლექსში გალაკტიონის რამდენიმე ადრეულ ლირიკულ ლექსთან ერთად ყველაზე მეტად ვლინდება პოეტის მსოფლმხედველობა, იგი ყოველთვის ლიტერატურული კრიტიკის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი იყო.

ეს ლექსი იმთავითვე იყო და დღესაც არის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და, გალაკტიონისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლექსი. გალაკტიონი აუღელვებლად ვერასოდეს იგონებდა ამ ლექსს. მან მისდამი საკუთარი დამოკიდებულება პოეზიის საგნად აქცია („ან „მესაფლავეს“ რისთვის მღეროდი, ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს““). თავის გვიანდელ ჩანაწერებსა და დღიურებშიც მუდამ რაღაცნაირი სიამაყით იხსნებდა ხოლმე და „რჩეულებშიც“ უთვალსაჩინოეს ადგილს მიუჩენდა ხოლმე.[1] ეს იყო სულით ობლობის, მარტოობის თემაზე შექმნილი გალაკტიონის პირველი ნაწარმოები, რომლითაც გაემიჯნა როგორც წინაპართა გავლენას, ისე ასაკისმიერ ბუნდოვან განცდებს, და მარტოსულობა საკუთარ მსოფლმხედველობრივ ფაქტად აქცია.[2]

ლექსისადმი წაყენებული საბჭოური ბრალდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, გალაკტიონი, რიგ შემთხვევებში, შეგნებულად ჩქმალავდა სიმართლეს საკუთარი ლექსების შესახებ მსჯელობისას ან მათი დათარიღებისას. ამ ფაქტს კი თავისი მიზეზი ჰქონდა. კონკრეტულად, აი, რა: როგორც ცნობილია, მკვლევარნი გალაკტიონის შემოქმედებაში ორ პერიოდს გამოყოფდნენ. დამკვიდრებული აზრის მიხედვით, თავისი მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე, გალაკტიონ ტაბიძე სიმბოლისტი იყო. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კი, ანუ 1921 წლიდან, პოეტის შემოქმედებაში იწყება თითქოს მეორე ეტაპი — რეალიზმის, შემდეგ კი სოციალისტური რეალიზმის ხანა.

სიმბოლიზმის ხსენებაზე საბჭოთა ხელისუფალნი ცოფდებოდნენ, რადგან სიმბოლიზმი მათთვის იყო ლიტერატურის იდეური გახრწნა, ბურჟუაზიული, დეკადენტური მიმდინარეობა. ამიტომაც „ცისფერყანწელები“ თავგამოდებულნი ამტკიცებდნენ, რომ მათ სიბოლიზმის სენი, კარგა ხანია, მოიხადეს და რომ ისინი სოციალუსტური რეალიზმის ერთგული მიმდევარნი იყვნენ... ეს გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ, როცა სიმბოლიზმის შესახებ გალაკტიონის გვიანდელ ჩანაწერებს ვკითხულობთ.

„მე და ღამეც“ ერთ-ერთ სიმბოლისტურ ლექსად იქნა მიჩნეული. გასაგები მიზეზების გამო პოეტი საჭიროდ მიიჩნევდა, უარეყო ეს „ბრალდება“. ამიტომაც წერს გაღიზიანებული: „ისმის თუ არა ამ ლექსში სულიერი სიმტკიცე ახალგაზრდობის, ისმის თუ არა შიგ საიდუმლოების დაცვის ფიცი?“ ამით პოეტი შეგნებულად აუბრალოებს საკუთარი ლექსის სათქმელს. იგი მზადაა, „აღიაროს“, რომ ამ ლექსში ისმის სულიერი სიმტკიცე ახალგაზრდობისა და საიდუმლოების დაცვის ფიცი, ოღონდაც სიმბოლისტობას ნუ „დასწამებენ“.

ზოგჯერ გალაკტიონი შეგნებულად მიმართავდა მისტიფიკაციას. რეალურად ასაღებდა იმას, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. სრული სერიოზულობით თხზავდა ამბავს და მერე ხშირად იმეორებდა.[3] არაერთხელ დასჭირვებია გალაკტიონს, მეტი „სინათლე“ შეეტანა სიმბოლისტურად მიჩნეულ ამა თუ იმ ლექსის შექმნის ისტორიაში. ამის ნათელი ნიმუშია „მე და ღამის“ დაწერის გალაკტიონისეული ვერსიაც. ზოგიერთი მკვლევარისთვის კი გაუგებარი დარჩა პოეტის ამდაგვარი მისტიფიკაციები და მისი ნაამბობი ჭეშმარიტებად მიიჩნია.

ლექსის შექმნის გალაკტიონისეული ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წლის აპრილში ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტებმა გალაკტიონს შეხვედრა მოუწყვეს. შეხვედრაზე მოხენებით წარდგა კრიტიკოსი დიმიტრი ბენაშვილი. ტრადიციისამებრ, „მე და ღამე“ მანაც სიმბოლისტურ ნაწარმოებად მიიჩნია. ამ საღამოს დამსწრე ერთი ლიტერატორი იგონებს: „გალაკტიონმა მიგვიხმო და სთქვა - აი, დიმიტრიც შეცდა დღეს. ჩვენი კრიტიკოსები ცდებიან, გალაკტიონი სიმბოლისტი იყოო, ამტკიცებენ. არა, ძამიკო, არა, დიმიტრი, არა, ამხანაგებო, ეს არ არის სწორი. ეს გაუგებრობაზეა აგებული. მე ასეთი გულუხვობა და ასეთი სიყვარული არსად არ მიგვრძნია და თქვენ გაგანდობთ, ჩემო ძვირფასო ჭაბუკებო და ქალიშვილებო, ჩემი დიდი ხნის საიდუმლოს, „მე და ღამის“ შექმნის საიდუმლოს.“

გალაკტიონი მისტიფიკაციების ოსტატი იყო და ამ და ქვემოთ წარმოდგენილ სიტყვების უკან დიდი ირონია იმალება. დავუბრუნდეთ მოგონების ავტორს, რომელიც სრული სერიოზულობით განაგრძობს თხრობას: „გრძნობდა, რომ ახლა უკვე ის თავისი შემოქმედების ნამდვილ ექსტაზში შედიოდა, იმ ექსტაზში, რომელშიც წარმოიშობა ხოლმე სულის ყველაზე უსათუთესი ღაღადისი, ყველაზე დაფარული გასანდობარი. უცებ უბის წიგნაკი მოვიმარჯვე და სიტყვასიტყვით ჩავიწერე შემდეგი:

— ეს იყო ახალგაზრდობის დროს, 1912 წელს - დაიწყო ნელი, მკაფიო ხმით გალაკტიონმა, - ქუთაისის საგუბერნიო ციხეში ერთი ჩემი ახლო მეგობარი რევოლუციონერი იჯდა. მე და ჩემს ამხანაგს დავალებული გვქონდა, მიგვეღო მისგან საიდუმლო ნიშანი. წინასწარ გაფრთხილებული ვიყავი, რომ ის ციხის ზედა საკნიდან ქუჩისკენ, სადაც ჩვენ უნდა ვმდგარიყავით, პურის ცომისგან მოზელილ გუნდას გადმოაგდებდა, რომელშიც პატარა წერილი უნდა ყოფილიყო მოთავსებული. და, აი, ერთხელ, საღამოჟამს, დავიწყეთ სეირნობა ციხის გალავნის ირგვლივ, დათქმულ ქუჩაზე. დიდხანს მოგვიხდა სეირნობა და ლოდინი. ეტყობოდა, ხელსაყრელ დროს ეძებდა... ბოლოს ჩემს ახლოს დაეცა პურის გუნდა... უმალ ავიღე და გადავტეხე იგი. შიგ მართლაც ბარათი იყო: „იარაღი გამომიგზავნეთო“. ეს მე საიდუმლოდ შევინახე. აი, რამ მომცა ბიძგი, დამეწერა ჩემი „მე და ღამე“ - ეს თქვა და ისევ დიმიტრის მიმართა.
— რა აქვს, დიმიტრი, ამ ამბის შემდეგ საერთო ჩემს „მე და ღამეს“ სიმბოლიზმთან? არაფერი, არაფერი.“

გალაკტიონის მიხედვით, ლექსში თურმე მეფის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა, კერძოდ კი, დაპატიმრებულ რევოლუციონერთან საქმიანი კავშირი იგულისმება. ეს რევოლუციონერი კი, კრიტიკოსის აზრით, ოლია ოკუჯავა, პოეტის სატრფო იყო...

ეს ვერსია შეიქმნა 1950-იან წლებში და პოეტზე გარემოს ზეწოლის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. ტრიბუნიდან ტრიბუნაზე, გაზეთიდან გაზეთში გაჰკიოდნენ: გალაკტიონის ადრინდელი შემოქმედება პესიმისტურია, დეკადენტურია, სიმბოლისტურიაო. თანაც ეს სიტყვები, იმ დროისათვის, თითქმის ლაძღვის ტოლფასი იყო. თავიანთი მოსაზრების დასამტკიცებლად, არც თუ იშვიათად, „მე და ღამესაც“ მოიყვანდნენ ხოლმე მაგალითებში. ყოველივე ეს იმდენად აუტანელი გახდა გალაკტიონისთვის, რომ გადაწყვიტა, როგორმე ჩამოეშორებინა ეს არასასურველი ეპითეტები და ხსენებული ლექსი რევულუციურ მოძრაობას დაუკავშირა, აქაოდა, ამ ფაქტს რა საერთო შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიზმთანო. მაგრამ დაუკავშირა ხელოვნურად, მხოლოდ სხვების თვალის ასახვევად.[4]

ცხადია, გალაკტიონის გამონაგონს არ შეუცვლია ლექსის ხიბლი და პათოსი. ვერც შეცვლიდა, რადგან ერთია ლექსის დაწერის საბაბი, ხოლო მეორეა მისი პოეტური განზოგადება, ლაიტმოტივი.[4]

განხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასრულდა ყრმობა, დაირღვა ბავშვობისდროინდელი ჰარმონია და გალაკტიონმა საშინელი ძალით იგრძნო, რომ მარტოდმარტო იყო შთენილი ქაოტურსა და ამოუცნობ სამყაროში.[5] სიყმაწვილიდანვე მარტო დარჩა. ყველგან და ყოველთვის მარტო იყო.[6] თუმცა, ლექსის მიხედვით, პოეტი მარტოობასთან უკვე შეგუებული და, შეიძლება ითქვას, მასზე შეყვარებულიც კი ჩანს. ამა თუ იმ სენის „მორჩენის“ ერთ-ერთი საშუალება ხომ მასთან შეჩვევაცაა, მისი გაშინაურება. მხოლოდ სიზმარში ხედავდა იმას, რასაც ცხადში ეძებდა თავგამოდებით.[7]

ადამიანი ღამით თითქოს უფრო რომანტიკული, უფრო ფაქიზი ხდება, ღამეს უმჟღავნებს იდუმალ ზრახვებსა და ფიქრებს. არის წუთები, როდესაც პიროვნება მარტოობით ტკბება და, ამდენად, ღამე საყვარელი ხდება მისთვის, როგორც მარტოობის თავშესაფარი. გალაკტიონი ამ განწყობით წერს „მე და ღამეს“.

მარტოობასთან შეჩვეული ადამიანი იქმნის კმაყოფილების ილუზიას, მაგრამ ერთ დღესაც ეს ილუზია ინგრევა და პოეტი კვლავ მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდება. ასეთ მომენტებში მარტოობა აუტანელი ხდება და, ამდენად, აუტანელია ღამის იდუმალება და სიშავე. გალაკტიონის პოეზიაში ღამის ამგვარ პერსონიფიცირებასაც შევხვდებით - „აღარ გათენდება ღამე საზიზღარი“, ან - „წყეულო ღამევ, გზა დამიცალე“.

„მე და ღამეში“ კი ღამე პოეტის სულს ესალბუნება და მეგობარივით მისდგომია მის სარკმელს. ღამის საიდუმლოება, ღამის სიმშვიდე მის აფორიქებულ და დაღლილ სულს მხსნელივით მოვლენია.

პოეტი ახდენს ბუნების პერსონიფიკაციას. „სარკმლით მონაქროლი“ სიო, რომელიც პოეტს „ველთა ზღაპარს“ ეუბნება, მთვარის „ვერცხლის საბანში“ გახვეული არემარე, ლურჯ სვეტებით დასერილი „მტრედისფერი ცა“ და ნიავის შემოქროლვით ატოკებული იასამანი ბუნების იდუმალ მშვენიერებას რომანტიკული შთამბეჭდაობით აცოცხლებენ მკითხველის წარმოსახვაში. ეს განცდა ისე ექსპრესიულადაა გამოხატული ლექსის ექსპოზიციურ ნაწილში, რომელიც პირველ ოთხ სტროფს მოიცავს, რომ აშკარა კონტრასტს ქმნის ლექსის მომდევნო სტროფებთან, სადაც პოეტი ერთბაშად არღვევს ღამეული მშვენიერების ხილვით მოგვრილ რომანტიკულ განწყობილებას და პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მიკიბვის გარეშე, გვამცნობს თავისი სულიერი ობლობისა და მარტოსულობის ამბავს:

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ,
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ამას მოსდევს თვითაღიარება იმისა, რომ პოეტის გულის ბნელ სიღრმეში მოთავსებულ ამ საიდუმლო ფიქრს ვერანაირი „უამესი წუთი“ ვერ მოსტაცებს - ვერც „ქალის ხვევნა და ალერსი“, „ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა და ვერც თასი ღვინით სავსე“. პოეტის ეს დიდი საიდუმლო ერთადერთმა მხოლოდ თეთრად გატეხილმა ღამემ იცის, ღამემ, რომელიც მარტოსულად შთენილი პოეტის მეგობარი და თანამოაზრეა:

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

ასეთი ემოციური ექსპრესიულობით გამოხატა გალაკტიონმა პიროვნული მარტოობისა და სულიერი ობლობის ის მძაფრი ტკივილი, რომელიც წარმოიქმნება სიცოცხლის წარმავლობაზე, ცხოვრების ამაოებასა და ყოფითი ყოველდღიურობით დამსხვრეულ მაღალ ადამიანურ იდეალებზე ფილოსოფიურად დაფიქრებისას.

ერთხელ გალაკტიონს ჩაუწერია: „შეხედე, გალაკტიონ: საქართველოს ყოველ კუთხეში იპოვი ნანგრევებს წარსულისას, ნაშთს სიხარულისას, მხოლოდ სიმშვიდეს და მოსვენებას ვერ იპოვი ვერსად.“[8] მარტოობის სენით შეპყრობილ ადამიანს მართლაც გაუჭირდება სიმშვიდის და მოსვენების პოვნა. გალაკტიონი იმდენად მარტოსული იყო, იმდენად განსხვავებული და თავისებური, რომ მასთან დაახლოება და გაშინაურება, მისი გაცნობა და შეცნობა შეუძლებელი იყო.[6] უჭირდა სხვასთან დაახლოება და დაკავშირება და, მით უფრო, თავისი გულის საიდუმლოს გამხლა. თვითონაც გრძნობდა და წუხდა: „მე ხომ სრულიად ლაპარაკი არ ვიცი... მე იმდენად არ ვიცი ლაპარაკი, რომ კაცს ხშირად ვერ ვაგებინებ...“[6] ბოლომდე გულღია და გულწრფელი თითქმის არავისთან ყოფილა.[9] ეს „სასტიკი სინამდვილე“ თავადაც იცოდა: „...და ერთ რამეში, სასტიკ სინამდვილეში თანდათან ვრწმუნდები. მე, თურმე, მთელ დედამიწის ზურგზე არ შემძლებია არავისთან გულწრფელი საუბარი... ეს ჩემი გულის ღრმა ტრაგედიას შეადგენს.“[10] აკი ერთგან წერს კიდეც მარტოსულობისგან გატანჯული: „მე აღვაგე ტაძარი, ტაძარი ჩემი ტანჯვა-წამების, რომელშიც შესვლა არ შეუძლია, ჩემს გარდა, არავის.“[11]

ტიციან ტაბიძემ, გალაკტიონის ბიძაშვილმა, ჯერ კიდევ 1916 წელს უწოდა გალაკტიონს „მარტოობის ორდენის კავალერი“.[12]

პარალელები გალაკტიონსა და ბარათაშვილს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალაკტიონის განწყობა მსგავსია იმისა, რაც ნიკოლოზ ბარათაშვილის „სული ობოლში“ ჩანს:

ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ ჩივის თავისს უთვისტომობას,
საბრალოა მხოლოდ სული ობოლი.

ობოლი სული კი საბრალოა, რადგან -

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,
ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა.

გალაკტიონიც ასევე სკეპტიკურად არის განწყობილი. მას ობოლი სულის ფიქრი ვერავისთვის გაუნდვია: „არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის“. არათუ ამ ორ ლექს შორის შეიძლება დავინახოთ მსგავსი მსოფლმხედველობა, არამედ პოეტთა პირად წერილებშიც: ბარათაშვილის მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ წერილსა და გალაკტიონის იოსებ გრიშაშვილისადმი მიწერილ წერილს შორის, სადაც ორივე მათგანი საკუთარ მატოსულობაზე, სულით ობლობასა თუ უთვისტომობაზე შესჩივიან წერილის ადრესატებს. გალაკტიონის ბარათი დაწერილია 1912 წელს, რამდენიმე თვით ადრე „მე და ღამის“ შექმნამდე. ლექსშიც სწორედ ეს განაწყობილებაა ასახული.

გალაკტიონმა ამ ლექსით, კიდევ რამდენიმე თავის ნაწარმოებთან ერთად, ახალ საფეხურზე აიყვანა 1910-იანი წლების დასაწყისის ქართული პოეზია. მისი პოეტური სამყარო იდუმალებითაა მოცული და აზრთა სხვაობას იწვევდა და იწვევს. ყოველი ადამიანი, ყოველი თაობა თავისებურად კითხულობს, აღიქვამს, ხსნის და ამართლებს.[13]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახტანგ ჯავახაძე (1991). უცნობი. თბილისი: „ნაკადული“. ISBN 5-525-00540-90 Invalid ISBN. 
  • ნოდარ ტაბიძე (1989). „მას არც წარსულის, არც მომავლის არ ეშინია“, რედ. ნ. სუხიტაშვილი: გალაკტიონ ტაბიძე: რჩეული. თბილისი: "განათლება". ISBN 5-505-00156-4. 
  • რევაზ თვარაძე (1972). „მე და ღამე“, გალაკტიონი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება. თბილისი: „ნაკადული“. 
  • ნოდარ გრიგალაშვილი (2004). რედ. ამირან გომართელი: სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები, მეოთხე გამოცემა, თბილისი: "უნივერსალი". ISBN 99940-32-02-X. 
  • ავთანდილ ნიკოლეიშვილი (2004). ქართული ლიტერატურა, XI კლასი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერიტეტი. ISBN 99928-79-37-8. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თვარაძე (1972), გვ. 57
  2. თვარაძე (1972), გვ. 58
  3. ტაბიძე (1989), გვ. 22
  4. 4.0 4.1 ტაბიძე (1989), გვ. 23
  5. თვარაძე (1972), გვ. 56
  6. 6.0 6.1 6.2 ჯავახაძე (1991), გვ. 6
  7. მარიამ თაბორიძე (1981). „მოსწავლეთა ლიტერატურულ-ესთეტიკური განათლება გალაკტიონის სწავლებისას“, რედ. თამარ კვაჭანტირაძე: ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, №4, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სამეცნიერო პედაგოგიურ ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების“ ყოველკვარტალური დამატება, თბილისი: საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობა. 
  8. ჯავახაძე (1991), გვ. 92
  9. ჯავახაძე (1991), გვ. 93
  10. ჯავახაძე (1991), გვ. 224
  11. ჯავახაძე (1991), გვ. 7
  12. ტიციან ტაბიძე (1989). „მარტოობის ორდენის კავალერი“, რედ. ნ. სუხიტაშვილი: გალაკტიონ ტაბიძე: რჩეული. თბილისი: "განათლება". ISBN 5-505-00156-4. 
  13. ჯავახაძე (1991), გვ. 16