მეხსიერების პოლიტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეხსიერების პოლიტიკა — წარსული მოვლენების სელექცია პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად.

მეხსიერების კვლევები ინტერდისციპლინური სფეროა, რომლის მიზანია შეისწავლოს წარსულის დამახსოვრების ხერხები და მისი კვლავ წარმოების მეთოდები. მეხსიერების კვლევებში ერთ-ერთი მიმართულებაა მეხსიერების პოლიტიკასთან, წარსულის აღქმასა და ისტორიის რეპრეზენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. ეს პრობლემატიკა თანაბრად საინტერესოა, როგორც ისტორიის ასევე კულტურის მეცნიერებათა სფეროსთვის. ისტორიკოსებისათვის კოლექტიური მეხსიერება მნიშვნელოვანია, როგორც ისტორიული წყარო და ისტორიულად ცვალებადი ფენომენი; ხოლო კულტურის მკვლევრებისათვის საინტერესოა მეხსიერებისა და ისტორიის რეპრეზენტაციის ვარიაციების კვლევა სხვადასხვა საზოგადოებებსა და კულტურებში.

მეხსიერების პოლიტიკაზე საუბარია მაშინ, როდესაც წარსულში მომხდარი ფაქტები და მოვლენები კონკრეტული, თანამედროვე კონტექსტის შესაბამისად გადმიოცემა, აიხსნება და, შესაბამისად, იცვლება. მეხსიერების პოლიტიკა შესწავლის საგანი გახდა მაშინ, როდესაც ცხადი გახდა, რომ ერთი და იგივე ისტორიული მოვლენები სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებულად არის წარმოჩენილი და შეფასებული; როდესაც საზოგადოებები საკუთარი ისტორიიდან ზოგიერთ მოვლენას მნიშვნელობას ანიჭებენ, ზოგს კი ჩქმალავენ. სხვაგვარად რომ ითქვას, წარსულის აღქმა და მეხსიერების ფორმირება პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული და, შესაბამისად, დროში ცვალებადია. კონკრეტული დრო და ვითარება თავის მოთხოვნებს უყენებს წარსულს, რადგან ცნობილია, რომ ისტორია აწმყო საზოგადოებრივი, თუ სახელმწიფოებრივი მოთხოვნების ლეგიტიმაციისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია. გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება არსებობდეს მეხსიერების პოლიტიკა, ცხადი ხდება, რომ მეხსიერების ფორმირება მიზანმიმართული პროცესის შედეგია, ეს მიზნები კი, როგორც ითქვა, კონკრეტული საზოგადოების კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარეობს. კოლექტიური მეხსიერება პოლიტიკური პროცესების არა მხოლოდ შედეგი, არამედ მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორიცაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეხსიერების პოლიტიკა, ანუ წარსულის დამახსოვრებისა და ისტორიის რეპრეზენტაციის ხერხები განსხვავებულია სხვადასხვა კულტურაში.