მეტაბოლისტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაგაკინის კაფსულა გინძაში, ტოკიო.

მეტაბოლისტები, მეტაბოლისტების მოძრაობა — 1959 წელს იაპონელ არქიტექტორთა და ურბანისტთა გაერთიანების სახელწოდება. მომავლის ქალაქისთვის მათი წარმოსახვით დამახასიათებელი იყო დიდი მასშტაბის მოქნილი და გაშლადი კონსტრუქციები, რომლებიც ორგანული ზრდის საშუალებას იძლეოდა. მათი წარმოდგენით ასევე ფორმისა და ფუნქციის ტრადიციული კანონები მოძველებული იყო. მათ სწამდათ, რომ სივრცისა და ფუნქციონალური ტრანსფორმაციის კანონები განსაზღვრავდა მომავალს საზოგადოებისა და კულტურისთვის.

ამ ჯგუფის ნამუშევრებს ხშირად ტექნოკრატულს უწოდებენ, ხოლო მათი პროექტები რიტორიკული ხასიათის ავანგარდად მიიჩნევა. მეტაბოლისტების ნამუშევრები ხშირად ემსგავსება არქიგრამის განუხორციელებელ პროექტებს.

მეტაბოლისტების მოძრაობას საფუძველი 1950-იანი წლების ბოლოს დაედო. 1960 წელს მეტაბოლისტების ჯგუფის კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა მათი პირველი დეკლარაცია: მეტაბოლიზმი 1960 — ახალი ურბანიზმის გეგმა. დეკლარაციის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს კიიონორი კიკუტაკემ, ფუმიჰიკო მაკიმ, მასატო ოტაკამ, კიშო კუროკავამ და კიიოში ავაძუმ. მეტაბოლიზმის იდეები არქიტექტურულის გარდა ფილოსოფიურიც იყო. მათი ბოლო ნამუშევრები 1970 წლის ოსაკას ექსპოზიციაზე გამოჩნდა, შემდეგ კი თითოეული მათგანი საკუთარ შეხედულებებს მიჰყვა.

მეტაბოლისტების პროექტები ეყრდნობა იმ დროის ტექნოლოგიურ წინსვლას და ხშირად ადაპტირებადი ასაწყობი მეგაკონსტრუქციებისგან შედგება. განთქმულ პროექტთა შორისაა ზღვაში მოცურავე ქალაქი (უნაბარას პროექტი), კიიონარი კიკუტაკეს საზღვაო ქალაქი, ტაუერის ქალაქი, ოკეანის ქალაქი, კედლის ქალაქი, სასოფლო-სამეურნეო ქალაქი და კიშო კუროკავას "ქალაქი-ჰელიქსი", ასევე მისივე ნაკაგინის კაფსულის კოშკი.