მერგარჰი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარგარჰის მდებარეობა პაკისტანის რუკაზე
ქალის სტატუა მერგარჰიდან

მერგარჰი ან მერგარი (ინგ . Mehrgarh, урду م‍ﮩ‍رگڑھ) — ნეოლითის ხანის (ძვ.წ. 7000 — 3200) პაკისტანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს კაჩის ვაკეზე პაკისტანის ბელუჯისტანში. ეს არის სამხრეთ აზიაში ერთერთი პირველი ადგილი, სადაც განვითარდა სოფლის მეურნეობა: ხორბლისა და ქერის მოყვანა და მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა..) საქონლის მოშენება.

მერგარჰი 1974 წელს აღმოაჩინა ფრანGი არქეოლოგების ჯგუფმა ჟან-ფრანსუა ჟარიჟის ხელმძღვანელობით. გათხრები მიმდინარეობდა 1974-1986 წლებში უწყვეტად. მერგარჰის ყველაზე ადრეული დასახლება ყოფილა პატარა სოფელი, რომელიც თარიღდება 7 000 — 5 500 წლით ჩვენს ერამდე.

მერგარჰის კულტურა დღეისათვის განიხილება როგორც ჰარაპას ცივილიზაციის წინაპარი. "მერგარჰის აღმოჩენამ შეცვალა მთელი წარმოდგენა ინდის ხეობის ცივილიზაციაზე", წერს აჰმად ჰასან დანი, ისლამაბადში კუაიდ-ი-აზამის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორი. "ახლა ჩვენ აღვადგინეთ პირველი დასახლებების წარმოქმნიდან დაწყებული თანმიმდევრობა."

მერგარჰის ადრეული მცხოვრებნი ცხოვრობდნენ აგურით ნაშენებ სახლებში, სპეციალურ მარცვლეულის შესანახში ინახავდნენ მარცვლეულს, ამზადებდნენ სპილენძის იარაღებს , მოჰყავდათ ქერი, ხორბალი, ფინიკი. მწყემსავდნენ ცხვრებს, თხებს, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და ა. შ. გვიანდელ ხანაში (5 500 — 2 600 წლებში ჩვ. ერამდე) ვითარდება ხელოსნობა, მათ შორის რეწვა, კაჟის დამუშავება, მძივების დამზადება, ლითონის გადამუშავება. მერგარჰი ჩვ. ერამდე 2 600 წლიდან უწყვეტად იქნა დასახლებული ადამიანებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]