მელიტონ კელენჯერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე (დ. 5 თებერვალი, 1864, სოფ. ტაბაკანი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ― გ. 15 აგვისტო, 1942, თბილისი), ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1894 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისსა და ფოთში. იკვლევდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საკეთხებს, კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. 1893-1894 წლებში ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“ (ცალკე წიგნად — 1896, ქუთაისი). 1915 წელს გამოსცა ხალხური ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებული.

შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“, „ქართული ქრესტომათია“, „ქართული ენის გრამატიკა“ და სხვა. მელიტონ კელენჯერიძე ავტორია გამოკვლევებისა ქართული ეკლესიის ისტორიიდან: „გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა“ (1913), „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ (1918), „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ (რუსულ ენაზე, 1906) და სხვა.

მრავალმხრივი მოღვაწე და მეცნიერი, იგი თავის სიტყვას ამბობდა ფოლკლორისტიკაში, თეოლოგიაში, სიტყვიერების თეორიაში; კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 3, თბ., 1968;
  • ქსე, ტ. 5, გვ. 462, თბ., 1980