მახარობელ ურუშაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურუშაძე.
მახარობელ ურუშაძე
1788 - 1861
Makharobel Urushadze.jpg
დაბ. ადგილი ლანჩხუთი
გარდ. ადგილი ლანჩხუთი
ეროვნება ქართველი
კუთვნილება გურიის სამთავრო, რუსეთის იმპერია
მოღვაწეობა 18071829
წოდება პოდპორუჩიკი
ბრძოლები/ომები რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)
ჯილდოები

წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი,
წმინდა გიორგის I და II ხარისხის მედლები,
ვერცხლის მედალი „თურქეთის 1828-1829 წლების ომში გამოჩენილი თავდადებისათვის“,
წმ. გიორგის ხმალი „მამაცობისათვის“

კავშირი ავთანდილ ურუშაძის წინაპარი
სამსახურიდან
გადადგომა
1829

მახარობელ (მახარბელ) იესეს ძე ურუშაძე (დ. 1788, ლანჩხუთი ― გ. 1861, იქვე) ― გურიის სამთავროს აზნაური, XIX საუკუნის ქართველი სამხედრო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა გურიელების სამთავრო კარის მდივან-მწიგნობრის ოჯახში. იყო გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V-ის (სამთავროს მართავდა 1810-1826 წლებში) სიყრმის მეგობარი და თანამოაზრე. 1807-1808 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სეპარატისტი ფეოდალის, ლანჩხუთის მოურავის ზუბაიდელ ჟორდანიას წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ზუბაიდელის დამარცხებით და სამთავრო ხელისუფლების განმტკიცებით დასრულდა. 1810 წელს, სამთავრო ტახტზე ასვლისთანავე, მამია V-მ ურუშაძეს უბოძა ლანჩხუთის მამასახლისობა („ხელოსნობა“) და ზუბაიდელ ჟორდანიასეული მამული მასზე მოსახლე გლეხებით. მომდევნო წელს მას ებოძა მეორე სახელო, - გურიელების სოფელ ლესას მამულის მოურავობა.

მახარობელ ურუშაძე იყო თურქ-ოსმალთა წინააღმდეგ 1810-1812 წლების ბრძოლების და რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომის აქტიური მონაწილე. სამხედრო სამსახურიდან გადადგა პოდპორუჩიკის წოდებით. მხედრული წარჩინებისათვის მიღებული ჰქონდა: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, წმ. გიორგის I და II ხარისხის მედლები, ვერცხლის მედალი „თურქეთის 1828-1829 წლების ომში გამოჩენილი მამაცობისათვის“ და ე. წ. „გიორგის ხმალი“ „მამაცობისათვის“.

მისი მეუღლე იყო მარგარიტა (მართა) თავდგირიძე (იმერეთის მეფის დავით II-ის შვილიშვილის შვილი). მახარობელ ურუშაძის ჩამომავლები არიან პროფესორები აპოლონ ურუშაძე, იგორ ურუშაძე და ზურაბ ურუშაძე, პოლიტიკური მოღვაწე ავთანდილ ურუშაძე, ჟურნალისტი მარგარიტა ურუშაძე, ხელოვნებათმცოდნეები ლიორა ურუშაძე და პაოლა ურუშაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ურუშაძე და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დიმიტრი ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987, გვ. 277.