მაჭახელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მაჭახელი.

მაჭახელა — ისტორიულ მაჭახლის ხეობაში დამზადებული კაჟიანი თოფის, დამბაჩის საერთო სახელწოდება. საქართველოში ცნობილია XVIII საუკუნის II ნახევრიდან. XIX საუკუნეში სხვადასხვა სახის მაჭახელა მზადდებოდა; მათ შორის საუკეთესო იყო ლულახრახნიანი, მოსევადებული. მაჭახელას დასამზადებელი დაზგა დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში.

მაჭახლის ხეობა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე აჭარა-გურიის იარაღის წარმოების ზონის ერთ-ერთ ძირითად ცენტრს, შეიძლება ითქვას, წარმოების გულს წარმოადგენდა. ხეობის თითქმის მთლიანი მოსახლეობა სხვადასხვა საჭურვლის კეთებას ეწეოდა. აქ დამზადებული მაღალი ხარისხის თოფები და დამბაჩები მიმდებარე რეგიონებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და „მაჭახელას“ სახელით იყო ცნობილი.

არსებობს მოსაზრება, რომ მაჭახლური იარაღის წარმოება გვიან შუა საუკუნეებში უკვე საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო[1]. მაჭახლის ხეობა 1550 წელს, გონიოს ლაშქრობის ფარგლებში, ტრაპიზონის სანჯაყბეგმა მუსტაფა ფაშამ აიღო[2] და, მართალია, პოლიტიკურად მოსწყვიტა საქართველოს დანარჩენ კუთხეებს, თუმცა მოსახლეობას შორის ეკონომიკური თუ სხვა სახის კავშირები არასოდეს შეწყვეტილა.

მაჭახელში შეკრებილი მეიარაღეთა გენეალოგიური მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ მინიმუმ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მაჭახლის ხეობაში იარაღის წარმოება უკვე მაღალ დონეზე მდგარა[3]. ზაქარია ჭიჭინაძე მაჭახლის ხეობაში რუსეთის იმპერიასთან შემოერთების შემდეგ სპეციალურად ჩავიდა. ის ამბობს, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც შემორჩენილია აქაური იარაღი, რომელიც ქართული წარწერებითაა დამშვენებული და ქართველ მეფეთა ხანაშია დამზადებული[4].

მაჭახლის ხეობაში საჭურვლის წარმოების შესახებ ძირითადი ლიტერატურა XIX საუკუნეს უკავშირდება. როგორც ჩანს, აქ ყველანაირი საჭურველი მზადდებოდა: ხმლები, ხანჯლები, იატაგანები, დანები, თუმცა მაჭახლელი ოსტატები განსაკუთრებით განთქმული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღების - თოფებისა და დამბაჩების დამზადების ხელოვნებით. ეს ტენდენცია იმითაცაა საყურადღებო, რომ, როდესაც იარაღის წარმოების ცენტრის დახასიათება ან მოხსენიება ხდებოდა, აქცენტი ხშირად სწორედ ცეცხლსასროლ იარაღზე კეთდებოდა და ცივი იარაღის წარმოებას ავტორები ყურადღებას არც კი აქცევდნენ[5].

ზაქარია ჭიჭინაძის მიერ მაჭახლის ხეობაში შეკრებილი ცნობებით, იარაღისათვის საჭირო რკინას, ტყვიასა თუ სპილენძს ადგილზევე მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ[6], თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უშუალოდ ოსმალეთის მიერ მიტაცებულ ქართულ რაიონებში, ისე მის მომიჯნავე გურიასა თუ იმერეთში ანტითურქული გამოსვლები არასოდეს შეწყვეტილა, ოსმალეთის იმპერია რკინის საბადოების ადგილზე დამუშავებით არ იყო დაინტერესებული. ამიტომ როგორც მთლიანად აჭარა-გურიის იარაღის წარმოების ზონაში, მაჭახლის ხეობაში მადნების ადგილობრივად გადამუშავების დაკნინების პირობებში, XIX საუკუნის განმავლობაში რკინის ნედლეული ძირითადად იმპორტირებული იყო[7].

1860-იანი წლების ლაზისტანის სანჯაყში შემავალი 11 ყაზიდან (ბათუმი, ჩურუქსუ, ქვედა და ზედა აჭარა, მაჭახელი, ლივანა, გონიო, ხოფა, არქავე, ხემშინი, ათინა) საჭურველს მხოლოდ მაჭახელსა და ქვედა აჭარაში ამზადებდნენ[8].

დიმიტრი ბაქრაძე აღწერს იმ ლოკალურ ცენტრებს აჭარაში, სადაც მზადდებოდა ცეცხლსასროლი იარაღი. იგი აღნიშნავს: „მე სავსებით ვიზიარებ Notice sur Batoum-ის აზრს იარაღის დამზადების ადგილთა შესახებ. მართლაც თოფებს, იათაგანებს და სხვა ცივ იარაღებს ამზადებენ მაჭახელაში, ცხმორისში, საღორეთსა და ახოში. იარაღი განსაკუთრებით თოფები ცნობილია „მაჭახელას“ სახელით და განთქმულია არამარტო აჭარაში, არამედ იმერეთშიც“[9] სხვა ნაშრომში დ. ბაქრაძე წერდა: „აჭარაში, ჩურუქ-სუსა და გურიაში ცნობილი თოფებია: მაჭახელა ხრახნილი ლულით, რომელიც მაჭახელაში მზადდებოდა, დამბაჩა ცხმორისში გაკეთებული და „თოფხანა“ ასევე ხრახნილი ლულით, დამზადებული ახოში“[10].

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, მოახლოებული რუსეთ-თურქეთის ომის პირობებში, სადაზვერვო მიზნით სტუმრობდა გიორგი ყაზბეგი, რომელიც ლაზისტანის სანჯაყის ეკონომიკური დახასიათებისას იარაღის წარმოებას აკუთვნებდა იმ მრეწველობის რიცხვს, რომელსაც საბაზრო დანიშნულება აქვს. ის ხაზს უსვამდა, რომ ასეთი მასშტაბით იარაღი მზადდებოდა მაჭახელაში[11].

1878 წელს აჭარის, მაჭახელისა და ქვემო გურიის დედასამშობლოსთან შემოერთების შემდეგ აღნიშნულ მხარეს სტუმრობდა და დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ზაქარია ჭიჭინაძე, რომელმაც XX ს-ის დამდეგს რამდენჯერმე შემოიარა ფეხით სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, მათ შორის, აჭარა-ქობულეთის მხარე და მაჭახლის ხეობა. მან ძვირფასი მასალა შეკრიბა ჩამოთვლილი კუთხეების ისტორიულ წარულზე, მათ ყოფა-ცხოვრებაზე, გეოგრაფიაზე, ეთნოგრაფიასა თუ ფოლკლორზე. ის დიდ ადგილს უთმობს მაჭახელას იარაღის წარმოების ლოკალური ცენტრის აღწერას; უთითებს, რომ ეს ხელოსნობის დარგი უკვე დაცემის პირასაა (მოსახლეობისგან დაცლის გამო), თუმცა წარსულში მთელი ხეობა იარაღის წარმოებას მისდევდა, ხოლო სოფლებში - ეფრატში, ხერთვისსა და მიმდებარე სოფლებში ქარხნებიც არსებობდა და იარაღს მასობრივად აწარმოებდნენ; ათასობით ხმალი, ხანჯალი, თოფი და დამბაჩა გადიოდა ამ ხეობიდან. ძველ მომღერლებში ასეთი ტექსტიც კი იყო გავრცელებული: „მაჭახელი ან სტამბოლი“, ანუ მაჭახლურ თოფს მხოლოდ სტამბულისა თუ შეედრებაო. მაჭახელაში სწავლობდნენ ლაზებიც იარაღის დამზადების ხელოვნებას. მთელ დასავლეთ საქართველოში მაჭახლელი ოსტატები ნაქები იყვნენ. მას ძველი პერიოდიდანვე იცნობდნენ ქართული ფეოდალური სახლები: ათაბაგები, გურიელები, დადიანები, შარვაშიძეები, დადეშქელიანები, მთავარნი და ქართველი მეფეები. საქართველოს ამ ნაწილის ოსმალთაგან დამორჩილების შემდეგ მაჭახლელებმა სახელი გაითქვეს ოსმალეთშიც, განსაკუთრებით - სტამბოლში, დიარბექირში, ქურთისტანში, სირიასა და სხვა ადგილებში. სტამბოლში თანამდებობის პირთა სახლებში მაჭახელას იარაღი პირველობდა. ავტორის თქმითვე, არსებობს ცნობები, რომ მაჭახლური იარაღი, სტამბოლის გარდა, სხვა ქვეყნებშიც მიჰქონდათ გასაყიდათ[6].

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მუზეუმში დაცულია იმერთა მეფის სოლომონ მეორის მიერ ნიჟარაძეებისათვის ნაჩუქარი ხმალი, რომელსაც ახლავს ქუთაისის თავად-აზნაურობის მარშლის დავით ნიჟარაძის მიერ ჩაწერილი ლეგენდაც, რომ ეს ხმალი მაჭახლის ხეობაშია დამზადებული, სამცხის ათაბაგების პერიოდში, სადაც აქაურები საუკეთესო იარაღებს ამზადებდნენ და ქარხანაც კი ჰქონიათ[12].

გურია-აჭარის იარაღის გავრცელებულობის თვალსაზრისით ნიშანდობლივია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, ფშავში გავრცელებული ყოფილა თოფი სახელწოდებით „აჭარა“, რაც, ბუნებრივია, იმას ნიშნავს, რომ ეს თოფები სწორედ გურია-აჭარის იარაღის წარმოების ზონიდან იყო. იგივე უნდა ითქვას სამეგრელოსა და აფხაზეთზეც, სადაც ასევე „მაჭახელა“ და „ამაჩხალ“ არის დაფიქსირებული[13], რაც, ბუნებრივია, მაჭახელაში დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღს გულისხმობს, რომელიც „მაჭახელას“ სახელით იყო გავრცელებული.

მაჭახლის ხეობაში იარაღის წარმოების კერები განლაგებული იყო სოფლებში: ზედა ჩხუტუნეთში, ცხემლარაში, გორგაძეთში, ხერთვის-ქავთარეთში, ეფრატსა და ზედვაკეში, სადაც იარაღის ხელოსანთა მთელი გვარები ცხოვრობდნენ. საუკეთესო ხელოსნებად ცნობილი იყვნენ: ნაგერვაძეები (ზედა ჩხუტუნეთი), ქავთარაძეები (ხერთვის-ქავთარეთი), გორგაძეები და გვიანიძეები (გორგაძეთი). სამი უკანასკნელი გვარი „ტბეთის სულთა მატიანეშიცაა“ მოხსენიებული.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, სამჭედლოები განლაგებული იყო როგორც ცალკე, ისე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე. სახელოსნოში 2-3 მჭედელი მუშაობდა, რომელთაგან ერთი ოსტატი იყო, ხოლო ორი დამხმარის როლს ასრულებდა. მჭედლები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ხალხში, რაც საქართველოს სხვა კუთხეებშიც შეინიშნება. სამჭედლო ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილადაც კი გვევლინებოდა[14].

ზემოხსენებულ სახელოსნო ცენტრებში ორი სახის გრძელლულიანი თოფი მზადდებოდა: „თოფხანე“ და „ნალფარა“. პირველი მათგანი ვერცხლით, ძვლით, ოქროთი შემკული ყოფილა და ხრახნიანი ლულა ჰქონდა, რომელიც სხვადასხვა - რკინისა და ფოლადის ნაწილების შედუღებით მზადდებოდა. „ნალფარა“ შემკულობითა და ლულის დამზადების ტექნიკით თოფხანეს ჩამოუვარდებოდა და გაცილებით იაფი ღირდა[15].

აჭარა-გურიის იარაღის წარმოების ზონაში, მათ შორის, მაჭახლის ხეობაში, იარაღის წარმოების შემცირება და შემდეგ სრულად გაქრობა გამოიწვია სხვადასხვა მიზეზმა: ოსმალეთის იმპერიაში განხორციელებული რადიკალური რეფორმები, მუჰაჯირობა, ბათუმის პორტო-ფრანკოს რეჟიმი, რეგიონში უცხოური იარაღის იმპორტი. განსაკუთრებული დარტყმა კი წარმოებას მიაყენა მოსახლეობის მასობრივმა გადასახლებამ ოსმალეთის იმპერიაში, რაც ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების ერთობლივი ხელშეწყობითა და წაქეზებით წარიმართა და რამაც ლამის მთლიანად დააცარიელა რეგიონი[16].

მუჰაჯირობის შემდეგაც ოსმალეთის სიღრმეში გადასახლებულებმა ახალ საცხოვრისებს ისეთივე სახელები უწოდეს, როგორიც მშობლიურ სოფლებში ჰქონდათ, მაგალითად, ჩარხიღელე. ასევე მუჰაჯირ მაჭახლელთა სოფელში გაჩნდა ტოპონიმი თუფექჩიკონაღი, რომელიც თურქულად მეთოფეების ადგილს ნიშნავს, და ა. შ.[17]

ოსმალეთის ერთ-ერთ მსხვილ იარაღის წარმოების ცენტრში - ბურსაში მუჰაჯირობის შემდეგ ოსტატების საკმაოდ დიდი ტალღა მისულა, რომელსაც ადგილობრივ დანების წარმოებაზე დიდი გავლენა მოუხდენია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბურსაა ის რეგიონი, სადაც იარაღის წარმოებით განთქმული ლოკალური ცენტრებიდან - აჭარიდან და მაჭახლიდან გადასახლებული ქართველი მუჰაჯირები კომპაქტურად ჩასახლდნენ და შექმნეს მრავალრიცხოვანი სოფლები, ასევე რეგიონის ქალაქებშიც - კომპაქტური დასახლებები. ამდენად, ბურსას დანების წარმოებაში მათი წვლილი საგრძნობია[18].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩოლოყაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 515.
  • Двалишвили Л. Б., Талантов С. В., «О производстве оружия в Аджарии и Гурии в XVIII-XIX веках», Историческое оружиеведение — № 11, 2021.
  • კახიძე ნ., მაჭახლის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), ბათუმი: საბჭოთა აჭარა, 1974.
  • ჭიჭინაძე ზ., „ყოფილი ოსმალეთის საქართველო, მესხეთ-ჯავახეთის გათათრება“, ტფილისი: იდეალი, 1906.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დვალიშვილი, 2021, გვ. 60-61
  2. შაშიკაძე ზ. ოსმალთა მიერ მაჭახლის ხეობის დაპყრობის თარიღის დადგენისათვის // შრომები, თბილისის უნივერსიტეტი.— 2004. — ტ. 361. —417—426 გვ.
  3. კახიძე, 1974, გვ. 60
  4. ჭიჭინაძე, 1906, გვ. 12-13
  5. დვალიშვილი, 2021, გვ. 66
  6. 6.0 6.1 ჭიჭინაძე, 1906, გვ. 14
  7. დვალიშვილი, 2021, გვ. 60
  8. Кавказский календарь на 1867 год. — Тифлис: Главное управление наместника Кавказского, 1866. გვ.402.
  9. Бакрадзе Д.З. Археологическое путешествие по Гурии и Адчаре [Аджарии] — СПб.: Тип. Импер. Акад. наук. 1878გვ. 74.
  10. Бакрадзе Д.З. Краткий очерк Гурии, Чурук-Су и Аджары — Тифлис.: тип. Гл. упр. наместника кавк, 1873. გვ. 6.
  11. Казбек Г.Н. Военно-статистический и стратегический очерки Лазистанского Санджака, Составленные генерального штаба подполковником Казбеком. — Тифлис: тип. Окр. штаба Кавказск. воен. окр., 1876. გვ. 31.
  12. დვალიშვილი, 2021, გვ. 85
  13. ბუკია მ. ნარკვევები ქართველურ-აფხაზური ლინგვოკულტურული ურთიერთობის ისტორიიდან, ნაწ. 1 —თბ.:მერიდიანი, 2013. გვ. 162.
  14. კახიძე, 1974, გვ. 58
  15. კახიძე, 1974, გვ. 62
  16. დვალიშვილი, 2021, გვ. 91-92
  17. სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეზობელ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსშტი // საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მასალები.—ბათუმი.: შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009. გვ. 289.
  18. დვალიშვილი, 2021, გვ. 84