მაღალაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღალაძეებიქართველი მწიგნობარ-კალიგრაფები. სოფ. წინარეხში (კასპის რაიონი) მცხოვრებ აზნაურთა გვარიდან. მაღალაძეებს საგვარეულოდ ჰქონდათ მცხეთის ქადაგის თანამდებობა, სახლთუხეცესობა და მდივანმწიგნობრობა.

თვალსაჩინო პიროვნებები იყო ბერი ნიკოლოზი, სვეტიცხოველის ქადაგი (XVII ს.), თავისი მამის, პაპუას მსგავსად კოშკებისა და ეკლესიების მაშენებელი და შემკეთებელი, კალიგრაფი. მას გადაუწერია სასულიერო თხზულებათა კრებული (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A — 904). ნიკოლოზის სახელი გვხვდება XVII საუკუნის მიწურულის ხატებზე, მის მიერ შეკეთებული მაღალაანთ ეკლესიისა (წინარეხთან) და სვეტიცხოვლის კედლებზე.

ნიკოლოზის ბიძაშვილი სოლომონი (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა) 1702 წელს კათოლიკოსის მდივან-მწიგნობარ-მგალობელი იყო, წერდა საბუთებს, იყო ცნობილი კალიგრაფი. ლამაზი მხედრულით გადაუწერია ბესარიონ ორბელიანის „გრდემლი“ (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S — 286), აგრეთვე ვახტანგის სამართლის წიგნების ერთ-ერთი უძველესი ნუსხა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S — 3683) და სხვა. მონაწილეობდა ვახტანგ VI-ის სტამბის საქმიანობაში (მისი დამზადებული უნდა იყოს ხელნაწერი ნიმუში სასტამბო მხედრული შრიფტისათვის). სოლომონს აუშენებია წელს მაღალაანთ ეკლესიის სამრეკლო.

ამავე ხანებში მოღვაწეობდა ზურაბი, უფრო მოგვიანებით (XVIII ს.) - მეორე ნიკოლოზი, ანტონ I კათოლიკოსის კარის პროტოპაპ-მდივან-ქადაგი. 1761 წელს პეტერბურგში მას გადაუწერია „კრებული სამეცნიერო“ (სიტყვანი და სწავლანი სამეცნიერონი; სიტყვისგება სოგრატისი; ხელნაწერთა ინსტიტუტი, H — 1053).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]