მაქს ჟაკობი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაქს ჟაკობი (დ. 11 ივლისი, 1876, კემპერი, ფინისტერის დეპარტამენტი — გ. 5 მარტი, 1944, დრანსის საკონცენტრაციო ბანაკი) — ფრანგი მწერალი და მხატვარი.


წარმოშობით ებრაელი; 1915 წელს კათოლიკე გახდა. მეგობრობდა პ. პიკასოსთან, გ. აპოლინერთან, ჟ. ბრაკთან. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა საბავშვო ზღაპრებით "მეფე კაბული და პაწაწა გოვენი" (1902), "მზიური გოლიათი" (1904). ჟაკობის ესთეტიკური შეხედულებები წარმოდგენილია მის წიგნში "პოეტური ხელოვნება" (1922), რომრლშიც იგი ირაციონალიზმის პოზიციებზე დგას, უარყოფს სიუჟეტს. თავის ლექსებსა და პროზაულ ნაწარმოებებში ჟაკობი მიმართავს ფანტასტიკურ ბუნდოვან მითოლოგიურ სახეებს, ალიტერაციას, კალამბურს. მეტად ტიპობრივია რომანები: "ფილიბიუთი ანუ ოქროს საათი" (1923), ჟანრობრივად ძნელად განსასაზღვრავია ნაწარმოებები: "წმინდა მატორელი" (1909), "ძმა მატორელის ბურლესკური და მისტიკური ნაწარმოებები" (1911), "ტარტიუფის დაცვა..." (1919) და სხვა, რომლებშიც მწერალი უგულებელყოფს როგორც ფრანგული სტილისტიკის ნორმებს, ისე ვერსიფიკაციის კანონებს. ჟაკობის სიკვდილის შემდეგ პიკასომ დააარსა "მაკ ჟაკობის" საზოგადოება, რომელიც აწესებს ჯილდოებს საუკეთესო ლექსებისათვის და აქვეყნებს მის ნაწარმოებებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 238, თბ., 1984