მასობრივი საფლავები ჩეჩნეთში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუსი ჯარისკაცები მასიურ სასაფლაოსთან

რუსეთ–ჩეჩნეთის მეორე ომის პერიოდში დაიწყო მასობრივი საფლავების აღმოჩენა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. დღემდე აღმოჩენილია 57 ასეთი საფლავი, თითოეულ მათგანში გვამების რაოდენობა მერყეობს რამდენიმე ათეულიდან ასეულებამდე. საერთაშორისო ამნისტიის (ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია) თანახმად, საერთო ჯამში რამდენიმე ათასი ადამიანია დამარხული მსგავს საფლავებში, მათ შორის 1999 წლიდან უგზო–უკვლოდ დაკარგული 5 000 ჩეჩნეთის მოქალაქე. ყველაზე დიდი მასიური საფლავი ნაპოვნია გროზნოში, სადაც 800 გვამი აღმოჩნდა: 1995 წლის 2 იანვრიდან 31 ოქტომბრამდე (11 თვის მანძილზე) დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები. როგორც ექსპერტიზამ დაადასტურა, რამდენიმე მათგანი ცოცხლად იყო დამარხული (სავარაუდოდ, დაჭრილ მდგომარებაში). Human Rights Watch–ის წლიური ანგარიშის თანახმად, რუსი ჯარისკაცები დახვრეტილ ჩეჩენ მოქალაქეებს პირდაპირ გზის პირებზე, საავადმყოფოების ეზოებში ან სხვა, ნებისმიერ ადგილას მარხავდნენ. აღმოჩენილი გვამების იდენტიფიცირება მათი დიდი რაოდენობის გამო, ძნელდება. ამიტომ, Human Rights Watch–მა საკუთარ თავზე აიღო სპეციალური ლაბორატორიის მშენებლობის დაფინანასება.

მნიშვნელოვანი საფლავები[რედაქტირება]

  • 2003 წლის 3 მარტს, გერმანიის N24–მა ტელევიზიამ უჩვენა მასობრივი საფლავები. გვამები გაკოჭილები იყვნენ, ბევრი მათგანი კი საბარგო ავტომობილზე იყო გამობმული , ნათრევი და ამ გზით მოკლული. ასევე ნაჩვენები იქნა, თუ როგორ ყრიდნენ სატვირთო ავტომობილებიდან მოკლულთა გვამებს რუსი ჯარისკაცები.
  • 2000 წლის 27 ივლისს ჩეჩნეთის სამხრეთ ნაწილში ნაპოვნი იქნა მორიგი საფლავი, რომელშიც 150 გვამი აღმოჩნდა. მოკლულებს ხელები ეკლიანი მავთულებით ჰქონდათ შეკრული.
  • 2001 წლის 21 თებერვალს გროზნოს მახლობლად აღმოაჩინეს 50 გვამი, მათ შორის ქალები და ბავშვები. მოკლულებს დამტვრეული და დაგლეჯილი ჰქონდათ კიდურები, თითები და ყურები, რაც მათ წამებაზე მეტყველებს. როგორც ექსპერტიზამ დაადასტურა, ეს ადამიანები 2000 წელს გაუჩინარებულთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ, გატაცებულნი იყვნენ რუსი ჯარისკაცების მიერ.
  • 2001 წლის 23 აპრილს რუსულმა დაზვერვამ იპოვნა კიდევ ერთი მასიური საფლავი სამხრეთ ჩეჩნეთში. გვამების რიცხვი 18–დან 30–მდე იყო. ყველა მათგანი მოკლულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღით, რის შემდეგაც თავები მოაჭრეს.
  • 2002 წლის 9 აპრილს 100 ადამიანის ჩონჩხი იქნა ნაპოვნი. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ დახოცილთა უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. ადგილზე აღმოჩნდა არყის ცარიელი ბოთლები და კონსერვის ქილები, რომლებიც რუს ჯარისკაცებს დარჩათ.
  • 2002 წლის 8 სექტემბერს ინგუშეთის პოლიციამ ჩეჩნეთის საზღვართან ახლოს იპოვნა 15 ჩეჩენი მამაკაცის ჩონჩხი. მათგან 7 ამოცნობილ იქნა. გაირკვა, რომ ისინი რუსმა ჯარისკაცებმა დააპატიმრეს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას, შემდეგ კი ერთად დახოცეს.
  • 2003 წლის მარტში ჩეჩენმა მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ ქალაქ არღუნში იპოვეს 20 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან მხოლოდ სამი იქნა ამოცნობილი.
  • 2003 წლის 6 აპრილს ჩეჩნეთის პოლიციამ განაცხადა, რომ აღმოაჩინა 24 საათით ადრე დახოცილი დამახინჯებული გვამებით სავსე ოთხი საფლავი. მოკლულებს თავები და მკლავები მოჭრილი ჰქონდათ.
  • 2004 წლის 9 ოქტომბერს რუსულმა ტელეკომპანია NTV–იმ განაცხადა, რომ ქალაქ გროზნოში სამშენებლო მოედანზე საძირკვლის გათხრისას, აღმოაჩინეს ოთხი გვამი, დახოცილები აღმოჩენამდე სამი თვით ადრე.
  • 2006 წლის 2 აპრილს, გროზნოში, კიროვის პარკში აღმოჩენილ იქნა 57 გვამი. ჩეჩნეთის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ დახოცილები რიგითი, ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ და არავითარ გამოძიებას არ ჩაატარებდნენ. ექვსი წლით ადრე, 2000 წელს, ამავე პარკში, სამშენებლო გათხრების დროს იპოვეს ცხრა გვამი, თუმცა პროკურატურამ მაშინაც უარი თქვა გამოძიებაზე, თან დაუმატა, რომ ამ ადგილზე ახმედ კადიროვის სახელობის გრანდიოზულ გასართობ ცენტრს აშენებდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]