მარხილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარხილი
მარხილი

მარხილი — სახმელეთო უბორბლო საზიდი საშუალებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელიც ურმის დანიშნულებას ასრულებს. ბარში მარხილი თოვლზე სატარებლად იხმარებოდა, მთაში კი — წლის ყველა დროს იყენებდნენ და ძირითად სამეურნეო ტრანსპორტს წარმოადგენდა. გამწევ ძალად უპირატესად ხარებს აბამდნენ.

მარხილს აკეთებდნენ თელის, იფანის, წიფლის, ნაძვის და სხვა ხისაგან. იყო საგანგებო დანიშნულების მარხილებიც. მაგ., ქვის საზიდი მარხილი — თურში (აღმოსავლეთ საქართველო მთა), მძიმე ქვევრების გადასატანი მარხილი — თუში (იმერეთი), მინდვრად პატივის გასატანი გოდორმარხილი — ჯინი, შეშის ან მცირე ტვირთის საზიდი მარხილი — ლეკმარხილი. შიდა სამეურნეო მსუბუქი საქმეებისათვის იხმარებოდა ხელმარხილიც. ზოგან გამწევ ძალად ცალ საქონელსაც აბამდნენ, ასეთ საზიდს მარტუღელა ეწოდებოდა. კონსტრუქციული თავისებურებით გამოირჩეოდა მთიდან ძნისა და თავის ჩამოსაზიდი მარხილი (სვანური მარხილი, მესხური სელი, აჭარული ხიზეკი და სხვა).

ქართულ წერილობით წყაროებში მარხილის ერთ-ერთ სახეობად მოხსენიებულია ნალო, რომელიც თოვლში გამოსაყენებელი, ადამიანთა ჩასასხდომი უთელო ეტლი ყოფილა. თანამედროვე ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ნალო ამ მნიშვნელობით აღარ გვხვდება. წყაროებში მოხსენიებული აგრეთვე მანჯიკი — მომცრო მარხილი და ციგა. მთაში მარხილი ტვირთის საზომ ერთეულად იხმარებოდა მარხილი თივა, მარხილი შეშა და სხვა.

საქართველოს ვერტიკალური ზონალობის ბუნებრივ-სამეურნეო პირობებში, კერძოდ, მთისა და ბარის გარდამავალ ზოლში ისტორიულად ჩამოყალიბდა შერეული ტიპის საზიდი საშუალებანი, რომლებშიც კარგად არის შეხამებული თრევა-სრიალისა და გორვის სამოძრაო პრინციპი. ამგვარი საზიდი ნახევრად მარხილს და ნახევრად ურემს წარმოადგენს (აჩაჩა ურემი, ბოლოთრია, სელი). მარხილის ტიპის საზიდი მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხისათვის არის ცნობილი. მარხილს დღემდე შემორჩა პრაქტიკული მნიშვნელობა ჩრდილოეთ მხარეებში, სადაც გამწევ ძალად ძაღლებსა და ირმებს იყენებენ (ნარტები).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გეგეშიძე მ., ქართული ხალხური ტრანსპორტი, თბ., 1956;
  • დავითიძე ა., სატრანსპორტო საშუალებათა დამზადების ხალხური წესები ზემო აჭარაში, «აჭარის ასსრ სახელმწიფო მუზეუმის შრომები», 1972, ტ. 7;
  • გეგეშიძე მ., ქსე, ტ. 6, გვ. 475-476, თბ., 1983.