მარტინ ჰაიდეგერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტინ ჰაიდეგერი
The Mesmerhaus in Meßkirch, where Heidegger grew up
Grab Heidegger.JPG

მარტინ ჰაიდეგერი ( დ. 26 სექტემბერი, 1889, მესკირხი, ბადენი – გ. 26 მაისი, 1976, იქვე), გერმანელი ფილოსოფოსი, XX საუკუნის ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა იეზუიტების სკოლაში, შემდეგ ჰ. რიკერტთან ფრაიბურგის უნივერსიტეტში (ბრაისგაუ). 1916 იყო ე. ჰუსერლის ასისტენტი, პროფესორი მარბურგის (1922-1928), ფრაიბურგის (1928-1945) უნივერსიტეტებში. 1933-1934 ფრაიბურგის უნივერსიტეტის რექტორი. 1945 ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა სოფელ ტოდტნაუბერგში. ჰაიდეგერის მოძღვრების ამოსავალია ს. კიერკეგორის ეგზიტენციალური განცდები და ფ. ნიცშეს ირაციონალიზმი, ხოლო მეთოდი - ე. ჰუსერლის ფენომენოლოგია და ვ. დილთაის ჰერმენევტიკა, საკუთარი ფილოსოფიის სახელმძღვანელო აზრთან მისვლას კი იგი ფ. ბრენტანოს უმადლის.

მოძღვრება[რედაქტირება]

ჰაიდეგერის მოძღვრების სახელმძღვანელო აზრია ონტოლოგიური პრობლემა - ყოფიერების საზრისის გარკვევა. ჰაიდეგერის აზრით, ტრადიციულ ონტოლოგიას ეს პრობლემა არ ესმოდა. მისი შეხედულებით, ყოფიერების საზრისის გაგების ჰორიზონტია ეგზისტენციალური დრო - დროულობა (Zeitlichkeit), როგორც ნამყო-აწმყოობადი მომავალი (Gewesend-gegenwärtigende Zukunft). მას ეფუძნება ადამიანის ზრუნვითი ცხოვრება, მისი ისტორიულობა და ისტორია, საერთოდ სამყარო-დრო, როგორც "ვულგარული" დრო. დროულობის ტრანსცენდენტალური სტრუქტურა არის ეგზისტენცის ყოფნის "ზრუნვის" ონტოლოგიური საზრისი. ამგვარად, ჰაიდეგერის აზრით, ყოფიერების ნამდვილი საზრისის გარკვევის მისია უნდა შეასრულოს "ფუნდამენტალურმა ონტოლოგიამ", ე. ი. ადამიანის ყოფნის (Dasein) ეგზისტენციალურ-ფენომენოლოგიურ ანალიზზე დაყრდნობილმა ტრანსცენდენტალურმა ონტოლოგიამ.

ადმიანის არსებობაა ეგზისტენცია - ყოფიერებასთან ღია, დაუფარავი, ამავე დროს დაფარული მიმართება. ეგზისტენციალები მიუთითებენ ადამიანის არსებობის არანამდვილობასა (გაუცხოება, გადასროლილობა, Man და სხვ.) და ნამდვილობაზე (სინდისის ხმა, გადაწყვეტილობა, არჩევა და სხვ.). ინდივიდმა უნდა შეძლოს პირველიდან მეორემდე ამაღლება. საამისო იმანენტური ძალა მასშივეა: მარტოობისა და სიჩუმის დროს სინდისის უხმო ძახილი სწორედ ამას მოუწოდებს პიროვნებას. Man დაიძლევა მაშინ, როცა ინდივიდი გააცნობიერებს თავისი ყოფის სასრულობის განსაზღვრულობას; ნამდვილი პიროვნების ამოცანაა "ჩახედოს თავის გარდაუვალ ხვედრს თვალებში" და გახდეს "თავისი სიკვდილის გმირი", რადგან ადამიანის ყოფა "ნაპერწკალია წყვდიადში", არარასთან დგომაა, ამიტომ პიროვნებამ საკუთარი გადაწყვეტით, თავისუფლებით უნდა განახორციელოს თავისი ერთჯერადი ცხოვრების აზრი.

ჰაიდეგერის ადრინდელი თვალსაზრისი ეგზისტენციალურ ანთროპოლოგიად შეიძლება მივიჩნიოთ. მეორე პერიოდში კი იგი ყურადღებას ამახვილებს ყოფიერების იდუმალებაზე, ეგზისტენციის ყოფიერებით განსაზღვრულობაზე, ენაზე, როგორც "ყოფიერების სახლზე", ყოფიერების ჭეშმარიტებაზე, ამასთან, მისთვის მთავარია არა "შემობრუნება", ცალკეული პერიოდი, არამედ გზის ერთიანობა, გზაზე სვლა. ფილოსოფოსობა არის ძიება, გზაზე ყოფნა, რისთვისაც აუცილებელია დასავლეთის რაციონალური და აღმოსავლეთის არაცნობითი აზროვნების შეხვედრა. ევროპა ყოფიერების გახსენებით უნდა მივიდეს აღმოსავლეთთან. ბოლო პერიოდში ჰაიდეგერთან აღნიშნავენ რელიგიურ ტენდენციებს, მის მოძღვრებას სეკულარიზებულ თეოლოგიად მიიჩნევენ.

ჰაიდეგერის ფილოსოფია უჩვეულო ტერმინოლოგიის გამო დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ხშირად თვით ეგზისტენციალისტებიც ვერ უგებენ ერთმანეთს (მაგ., ჰაიდეგერი და ჟ.პ. სარტრი).

ჰაიდეგერის მოძღვრება ხასიათდება ანტისციენტიზმით, ირაციონალიზმით, სუბიექტივიზმით, ლოგიკურის მიმართ ემოციურის პრიმატით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გორდეზიანი რ., ქსე, ტ. 11, გვ. 589, თბ., 1987