მარკიზ დე სადი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკიზი დე სადი

დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი (ფრანგ. Donatien Alphonse François de Sade, 2 ივნისი, 1740, პარიზი — 2 დეკემბერი, 1814, შარანტონ-სენ-მორისი) — ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, ჰედონისტი, ათეისტი, ლიბერტინაჟის მიმდევარი. საყოველთაოდ ცნობილია მარკიზ დე სადის სახელით. იგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ნაწარმოებებით, რომლებშიც შედის ძალმომრეობისა და პორნოგრაფიის ამსახველი პასაჟები, რასაც, ისევე როგორც თავის აღვირახსნილ ცხოვრებას, ავტორი ფილოსოფიურ გამართლებას აძლევს. თავისი რომანებისა და ცხოვრების სტილის გამო სადმა 30 წელი ციხეში გაატარა. სადის სახელიდან გამომდინარე ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა შემოიღო სიტყვა „სადიზმი“, რაც ნიშნავს სხვისადმი ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებასა და „სექსუალურ აღგზნებას“.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ახალგაზრდობა[რედაქტირება]

მარკიზ დე სადის პორტრეტი. ჰ. ბიბერშტეინი

სადი დაიბადა 1740 წლის 2 ივნისს პარიზში, ოტელ დე კონდეში, ძველი არსტოკრატის, გრაფი ჟან-ბატისტ ფრანსუა ჟოზეფ დე სადის, მეზანის მარკიზისა და მარი-ელეონორ დე ლაიე დე კარმენის ოჯახში. დედა, კარმენის მარკიზის ქალიშვილი, პრინცესა კონდეს სეფექალი იყო. დიპლომატი მამა კი კოლონის პრინცს ემსახურებოდა. 1745 წლიდან სადზე მზრუნველობას იღებს მამამისის ძმა, აბატი დე სადი. ბავშვი განათლებას იღებს ებრეილის სენ-ლეგერის სააბატოში, შემდეგ სომანში.

1750 წელს სადი შედის პარიზში ლუი-ლე-გრანის ლიცეუმში, რომელსაც იმ დროს იეზუიტები მართავდნენ. ამ პერიოდში იწყება მისი გატაცება თეატრითა და სცენით. აქვე გაიცნობს აბატ ამბლეს, რომელიც მას კერძო გაკვეთილებს უტარებს.

1754 წელს 14 წლის სადი შედის შვო-ლეჟერის სკოლაში, რომელიც არისტოკრატებისთვის იყო განკუთვნილი. აქ იწყება მისი სამხედრო კარიერა. მომავალ წელს იგი მეფის ინფანტერიის შენაერთში უმცროს ლეიტენანტად ინიშნება. 1757 წელს იგი შვიდწლიან ომში მონაწილეობს. 1759 წელს მას ბურგონის კავალერიაში კაპიტნის წოდებას მიანიჭებენ. აქედან მოყოლებული იგი პარიზში მსახიობებისა და კურტიზანი ქალების ხშირი სტუმარია.

ომის დასრულების შემდეგ სადი დემობილიზირებული იქნება 1763 წლის მარტში. იგი ბინავდება ლა კოსტის ოჯახურ ციხე-სიმაგრეში. აქ ხვდება ლორ დე ლორის, რომელიც შეუყვარდება და ცოლად მოყვანა სურს. მაგრამ ოჯახი ამას ეწინააღმდეგება და საბოლოოდ სადი იძულებული ხდება ცოლად შეირთოს მდიდარი მაგისტრანტის ქალიშვილი, რენე-პელაჟი დე მონტეილი, რომლის ოჯახსაც დიდი კავშირები აქვს სამეფო კარზე.

ლიბერტინაჟი[რედაქტირება]

ქორწინებიდან 4 თვის შემდეგ სადს მეფის ბრძანებით აპატიმრებენ აღვირახსნილობისა და დებოშის გამო და 15 დღით ციხეში სვამენ. მამის ჩარევის შემდეგ, ნოემბერში ათავისუფლებენ, თუმცა იძულებულია დარჩეს ნორმანდიაში, ცოლის ოჯახის მამულში.

ალინა და ვალკურის ილუსტრაცია. კასტელინას დაკითხვა.

1764 წელს სადს პარიზში დაბრუნების უფლებას რთავენ, იმავე წელს იგი იღებს ბურგონის პარლამენტში გენერალ ლეიტენანტის წოდებას, რაც მას მემკვიდრეობით დარჩა მამის გადადგომის შემდეგ. ივლისის თვეში იწყება მისი ურთიერთობა იტალიელ მსახიობ ქალთან, მადმუაზელ კოლესთან, იგივე კოლეტთან. მომავალ წელს უკვე სხვა მსახიობთან, მადმუაზელ დე ბოვუაზენთან აბამს კავშირს. იგი საცხოვრებლად თავის სასახლეში გადმოჰყავს და ხალხს საკუთარ მეუღლედ ან მეუღლის ნათესავად აცნობს.

ერთი წლის შემდეგ სხვა ქალებით, ჯერ მეძავი მადმუაზელ დორვილით, შემდეგ კი მოცეკვავე მადმუაზელ ლერუათი ინტერესდება.

1767 წლის იანვარში მამა გარდაიცვლება და სადი მემკვიდრეობით იღებს ლა კოსტის, მაზანის, სომანის მამულებს და გრაფის წოდებას, თუმცა ცხოვრების ბოლომდე თავის თავს მარკიზს უწოდებს. ამავე წელს მიატოვებს 5 თვის ორსულ ცოლს და ბოვუაზენთან შესახვედრად ლიონში მიემგზავრება.

27 აგვისტოს იბადება სადის პირველი ვაჟი, ლუი-მარი. სადი დედაქალაქში ბრუნდება და იწყება მისი ახალი გატაცება ახლა უკვე ბალეტის მოცეკვავე მადმუაზელ რივიერასთან. ამ დროისთვის მარკიზის რეპუტაცია უკვე ძალიან შერყეულია.

1768 წელს მარკიზს ისევ აპატიმრებენ 6 თვით. 1772 წელს მას ბრალად დასდებენ ერთ-ერთი მეძავი ქალის მოწამვლას ე. წ. „ესპანური ბუზით“. ეს უკანასკნელი არის მწერი, რომელიც იწვევს ადამიანის სასქესო ორგანოების გადიდებას და აღმგზნებ საშუალებას მიეკუთვნება. სადი იტალიაში გაქცევას მოასწრებს, საფრანგეთში კი მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ.

1777 წელს მას აპატიმრებენ, მაგრამ ცოლის ოჯახის ჩარევის შემდეგ სასიკვდილო განაჩენს სამუდამო პატიმრობით შეუცვლიან.

სწორედ ციხეში ყოფნის დროს მოწყენილობის გასაქარვებლად იწყებს სადი წერას. 1790 წელს რევოლუციის პერიოდში მას, ისევე როგორც მეფის დროს დაპატიმრებულ ბევრ ადამიანს, ათავისუფლებენ.

ამ პერიოდში მისი ორი ვაჟი ემიგრაციაშია წასული, ქონება განიავებულია და უსახსროდ დარჩენილი სადი იძულებულია თეატრალური პიესების წერით ირჩინოს თავი. 1793 წელს მას ისევ სიკვდილს მიუსჯიან, თუმცა ამჯერად გილიოტინას ადმინისტრაციული შეცდომის გამო გადაურჩება.

1801 წელს მას ისევ აპატიმრებენ, ამჯერად მის ნაწარმოებებში ასახული პორნოგრაფიული ძალადობის გამო და შარანტონის საგიჟეთში ჩაკეტავენ. მიუხედავად მისი პროტესტისა და სრულიად საღი აზროვნებისა, სადი აქ სიცოცხლის ბოლომდე დარჩება.

მარკიზი დე სადი გარდაიცვალა 1814 წლის 2 დეკემბერს, 74 წლის ასაკში. აქედან 30 წელი მან ციხეში გაატარა.

ნაწარმოებები[რედაქტირება]

ჟულიეტის გერმანული გამოცემის ილუსტრაცია. 1800

რომანები და ნოველები[რედაქტირება]

თეატრი[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]