მართლწინააღმდეგობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მართლწინააღმდეგობა სამართლის ყოველ დარგში აღნიშნავს პირის ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება მართლწესრიგს, საზოგადოებაში დამკვიდრებულ კულტურის ნორმებს.

სამართლის თეორიაში მართლწინააღმდეგობის არსი ძირითადად ნეგატიურად, ე. ი. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების სახითაა ჩამოყალიბებული. კანონით აკრძალული ქმედების განხორციელებისას იგულისხმება, რომ მართლწინააღმდეგობა აშკარაა, თუკი არ არსებობს მისი გამომრიცხველი გარემოებანი. მაგალითად, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ სამოქალაქოსამართლებრივ ერთ-ერთ გარემოებას წარმოადგენს უკიდურესი აუცილებლობა.

მართლწინააღმდეგობასა და მის გამომრიცხველ გარემოებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სისხლის სამართალში. კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში გავრცელებულ დანაშაულის სამსაფეხურიან სისტემაში მართლწინააღმდეგობას მეორე ადგილი უკავია (ქმედების შემადგენლობასა და ბრალთან ერთად) და მისი დადგენა აუცილებელი პირობაა დანაშაულის ჩადენის დასასაბუთებლად. თუკი მართლწინააღმდეგობის არსებობა კონკრეტულ შემთხვევაში ვერ მტკიცდება, ჩადენილი ქმედება მართლზომიერად ითვლება.

სისხლის სამართალი იცნობს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ შემდეგ გარემოებებს: უკიდურესი აუცილებლობა, აუცილებელი მოგერიება, დამნაშავის შეპყრობა, მართლზომიერი რისკი, დაზარალებულის თანხმობა ან სავარაუდო თანხმობა და სხვ. თანამონაწილეობის აქცესორული ბუნების გამო, ამსრულებლის ქმედების მართლზომიერება თანამონაწილის ქმედების მართლწინააღმდეგობას გამორიცხავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]