მარგარეტ ავსტრიელი (1584-1611)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ ავსტრიელი

1609 წელს, ბართოლომე გონსალესის მიერ შესრულებული მარგარეტის პორტრეტი
ესპანეთისა და პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 აპრილი, 1599
მმართ. დასასრული: 3 ოქტომბერი, 1611
წინამორბედი: ანა ავსტრიელი
მემკვიდრე: ელიზაბეტ ფრანგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 დეკემბერი, 1584
დაბ. ადგილი: გრაცი, ავსტრია
გარდ. თარიღი: 3 ოქტომბერი, 1611, (26 წლის)
გარდ. ადგილი: ესკორიალი, ესპანეთი
დაკრძ. ადგილი: ესკორიალი, ესპანეთი
მეუღლე: ფილიპე III, ესპანეთის მეფე
შვილები: ანა, საფრანგეთის დედოფალი
ფილიპე IV, ესპანეთის მეფე
მარია ანა, საღვთო რომის იმპერატრიცა
ფერდინანდი
კარლი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი
დედა: მარია ანა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარეტ ავსტრიელი (გერმ. Margarete von Österreich, ესპ. Margarita de Austria; დ. 25 დეკემბერი, 1584, გრაცი — გ. 3 ოქტომბერი, 1611, ესკორიალი) — ავსტრიელი ერცჰერცოგინია. 1599 წლიდან ესპანეთის დედოფალი. ფილიპე III-ის ცოლი.

მარგარეტი იყო ავსტრიის ერცჰერცოგის კარლ II-ის ქალიშვილი, რომელიც იმპერატორ ფერდინანდ I-ის და ჰერცოგინია ანა იაგელონის შვილი იყო. მარგარეტს ჰყავდა 14 და-ძმა, რომელთა შორისაც იყვნენ პოლონეთის დედოფალი ანა ავსტრიელი და იმპერატორი ფერდინანდ II. 1599 წელს დაქორწინდა ესპანეთის მეფე ფილიპე III-ზე, რომლთანაც შეეძინა 8 შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრიის ერცჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველასკესის მიერ შესრულებული მარგარეტის პორტრეტი. ინახება პრადოს მუზეუმში, ესპანეთში.

მარგარეტი დაიბადა 1584 წლის 25 დეკემბერს გრაცში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ II-ისა და მისი მეუღლის, ერცჰერცოგინია მარია ანა ბავარიელის ასული. მარგარეტს სულ 14 და-ძმა ჰყავდა, რომელთაგან აღსანიშნავია შვედეთისა და პოლონეთის დედოფალი ანა და საღვთო რომის იმპერატორი ფერდინანდ II.

მარგარეტი, ისევე როგორც მისი დები, ჰაბსბურგთათვის დამახასიათებელი წინ გამოწეული ნიკაპისა და ტუჩების გამო, დიდი სილამაზით არასდროს გამოირჩეოდნენ. მიუხედავად ამისა, მარგარეტი მაინც ყველას ხიბლავდა თავისი ქარიზმით, მეგობრული და მხიარული ხასიათით.

როდესაც წამოიზარდა, ესპანელ და ავსტრიელ ჰაბსბურგებს შორის კავშირის გასამყარებლად საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყო, სადაც ესპანეთის მომავალი მეფე ფილიპე III უნდა დაქორწინებულიყო კარლ II-ის ერთ-ერთ ასულზე. 1596 წელს არაგონის ადმირალი ჩავიდა გრაცის სამეფო კარზე და ფილიპეს მომავალ საცოლეებად მარგარეტი, ელეონორა და გრეგორია შეარჩია, ამ სამიდან კი უკვე თავად მეფეს უნდა ამოერჩია საცოლე. ადმირალმა სამივე დის პორტრეტი ჩაიტანა ესპანეთში, სადაც ფილიპე III-მ მარგარეტი აარჩია, ხოლო მამამისმა, მეფე ფილიპე II-მ კი გრეგორია. აღსანიშნავია, რომ ფილიპე გრეგორიაზე დაქორწინდებოდა, თუმცა იგი მხოლოდ 16 წლის ასაკში გარდაიცვალა მოულოდნელად, რის გამოც ესპანეთის მეფის საცოლედ მარგარეტი იქცა. ვინაიდან ფილიპე და მარგარეტი ახლო ნათესავები იყვნენ, ქორწინებაზე თანხმობა რომის პაპს უნდა გაეცა, რომლის მოპოვებასაც ორი წელი დასჭირდა.

ესპანეთის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორსული დედოფალი მარგარეტი 1603 წელს

1599 წლის 18 აპრილს, ქალაქ ვალენსიაში შედგა ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე III-ისა და ავსტრიის ერცჰერცოგინია მარგარეტის ქორწინება. ფილიპე III ამ ქორწინებამდე სულ ერთი წლით ადრე ავიდა ესპანეთის ტახტზე. ვალენსიამდე, ფერარაში შედგა მათი მარიონეტული ქორწინება, სადაც ჯვარი რომის პაპმა კლემენტ VIII-მ დასწერათ. აღსანიშნავია, რომ ფერარაში ქორწინებისას მარგარეტს დედამისიც ახლდა. ფერარადან ვალენსიამდე კი იგი ბიძამისმა, ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერმა ალბრეხტ VII-მ ჩააცილა. ფერარადან ისინი ჯერ გენუაში ჩავიდნენ, აქედან კი გემით გაემგზავრნენ ვალენსიამდე. ერცჰერცოგინია მარგარეტის საქორწინო მზითვს 100,000 დუკატი შეადგენდა.

ქორწინების თანავე მარგარეტი ესპანეთისა და პორტუგალიის დედოფლად გახდა. მან ქმარს მალევე შეაყვარა თავი, რის გამოც სამეფო კარზე მეტად გავლენიანი ფიგურა გახდა. ფილიპეს მარგარეტისადმი „მგრძნობიარე დამოკიდებულება და მჭიდრო ურთიერთობა“ ჰქონდა, მათი ურთიერთობა კი 1605 წელს, ვაჟის გაჩენის შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

მადრიდში მარგარეტთან ერთად სამეფო კარზე ცხოვრობდა ფილიპეს მამიდაც, საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ის ქვრივი მარია ესპანელი და მისი ნაბოლარა ასული მარგარეტიც, რომელიც მონაზვნად იყო აღკვეცილი. ამ ქალბატონებმა მალევე ქალთა ძლიერი წრე შეკრეს, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე. მათ ხაზი გაუსვეს ესპანეთის სტატუსს, როგორც უდიდეს კათოლიკურ ძალას, რომელიც ევროპაში კათოლიციზმის მთავარ დამცველად გვევლინებოდა. ასევე ცდილობდნენ ჰაბსბურგთა დინასტიის ერთიანობის შენარჩუნებას, რაც იმითაც გამოიხატება, რომ ფილიპმა ერთხელ მარგარეტის ძმას, იმპერატორ ფერდინანდ II-ს ფინანსური დახმარება სთხოვა, რომელიც მიიღო კიდევაც.

მარგარეტის გერბი

ესპანეთის სამეფო კარზე არსებული პრო-ავსტრიული ქალთა კავშირი ეწინააღმდეგებოდა პრემიერ-მინისტრის, ლერნას ჰერცოგის გეგმებს, რომელსაც ასევე დიდი გავლენა ჰქონდა ფილიპეზე და რომელიც აცხადებდა, რომ მიუხედავად დინასტიური კავშირისა, ესპანეთი სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და ავსტრიასთან კავშირი არაფერში სჭირდებოდა. დედოფალი მარგარეტი მეტად მელანქოლიური გახდა და უკმაყოფილო იყო ლერნას ჰერცოგის გავლენით მის ქმარზე. ცნობილია, რომ იგი პრემიერ-მინისტრს კორუმპირებულსაც კი უწოდებდა. ამას დაერთო ისიც, რომ ლერნამ მეფეს საყვარელი გაუჩინა მარიანა დე სან-ხოსეს სახით, რომელიც ფილიპეს ბოლომდე მართავდა. მარიანა და ლერნა მეფეზე ასეთ გავლენას ფაქტობრივად მისი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდნენ. პრემიერ-მინისტრის გავლენები მხოლოდ 1618 წელს დაეცა, ფილიპეს გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ავსტრიელი გარდაიცვალა 1611 წლის 3 ოქტომბერს, 26 წლის ასაკში. იგი თავისი მერვე მშობიარობიდან რამდენიმე დღეში, ინფექციის შეჭრის შედეგად დაიღუპა. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ დედოფალი მშობიარობას კი არ გადაჰყვა, საკმევლის კვამლით მოწამლეს, რომელიც სპეციალურად აანთეს მის ოთახში დონ როდრიგო დე კალდერონის ბრძანებით. კალდერონს ეს ბრალდება მხოლოდ 1619 წელს წაუყენეს და აღიარების მისაღებად აწამეს, თუმცა საბოლოოდ იგი უდანაშაულოდ სცნეს.

მარგარეტი დაკრძალეს ესკორიალში, ესპანეთის მეფეთა და დედოფალთა საძვალეთში. მის შემდეგ ფილიპე III აღარ დაქორწინებულა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა გარდ. ასაკი მეუღლე წოდება
ანა 22 სექტემბერი, 1601 20 იანვარი, 1666 64 წლის ლუი XIII დე ბურბონი საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი
მარია 1 თებერვალი, 1603 2 თებერვალი, 1603 1 დღის
ფილიპე IV 8 აპრილი, 1605 17 სექტემბერი, 1665 60 წლის
  1. ელიზაბეტ ფრანგი;
  2. მარიანა ავსტრიელი;
ესპანეთის, პორტუგალიის, ნეაპოლის,

სიცილიისა და სარდინიის მეფე,

მილანისა და ბურგუნდიის ჰერცოგი,

ესპანური ნიდერლანდების მონარქი

მარია ანა 18 აგვისტო, 1606 13 მაისი, 1646 39 წლის ფერდინანდ III ჰაბსბურგი საღვთო რომის იმპერატრიცა,

გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა

და ბოჰემიის დედოფალი,

ავსტრიის ერცჰერცოგინია

კარლი 15 სექტემბერი, 1607 30 ივლისი, 1632 25 წლის ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტი
ფერდინანდი 16 მაისი, 1609 9 ნოემბერი, 1641 32 წლის ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტი,

კარდინალი

მარგარიტა

ფრანსისკა

24 მაისი, 1610 11 მარტი, 1617 6 წლის
ალფონს

მორისი

22 სექტემბერი, 1611 16 სექტემბერი, 1612 11 თვის

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Magdalena S. Sánchez, Pious and Political Images of a Hapsburg Woman at the Court of Philip III (1598–1621). in: Magdalena S. Sánchez and Alain Saint-Saëns (ed.), Spanish women in the golden age: images and realities. Greenwood Publishing Group (1996).
  • Deutsche Gesellschaft für Rassenhygiene: Archiv für Rassen- und Gesellschafts-Biologie einschließlich Rassen- und Gesellschafts-Hygiene. Band 8, S. 779 (Digitalisat)
  • Societatea Academică Română: Acta historica. Band 3, Societatea Academică Română, 1959, S. 162.
  • Karl Acham: Kunst und Geisteswissenschaften aus Graz. Band 2, Böhlau Verlag Wien, 2009, S. 88.
  • Jahrbuch für Europäische Geschichte 2007. Band 8, Oldenbourg Wissenschaftsverlag, 2007, S. 46 (Digitalisat)
  • Magdalena S. Sánchez, Alain Saint-Saëns: Spanish women in the golden age: images and realities. Greenwood Publishing Group, 1996, S. 98.
  • Colin Pendrill: Spain 1474–1700: the triumphs and tribulations of Empire. Heinemann, 2002, S. 131.
  • Johann Rainer: Du glückliches Österreich heirate. Die Hochzeit der innerösterreichischen Prinzessin Margarethe mit König Philipp III. von Spanien 1598/99. Historische Landeskommission für Steiermark, Graz 1998, ISBN 3-901251-13-8.