მანანა თანდაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პროფესორი მანანა თანდაშვილი
პროფ. მანანა თანდაშვილი.jpg
დაიბადა 22 მაისი, 1960
თბილისი
პროფესია გერმანიაში მცხოვრები ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
ჯილდოები თბილისის საპატიო მოქალაქე
საიტი http://titus.uni-frankfurt.de/personal/manana.htm

მანანა თანდაშვილი (დ. 22 მაისი, 1960, თბილისი) — გერმანიაში მცხოვრები ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), ქართველი ჰუმბოლტიანელი (1999), ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი (2002 წლიდან), საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების ექსპერტი კავკასიოლოგიის დარგში (2009), მრავალი სამეცნიერო და კულტურული საზოგადოების შექმნის ინიციატორი და ხელმძღვანელი ( ფრანკფურტის ლინგვისტური წრე, ბათუმის საზაფხულო სკოლა, ქართული კულტურის ფორუმი, ფრანკფურტის საკვირაო სკოლა, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი), თბილისის საპატიო მოქალაქე (2011).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის 156-ე საშუალო სკოლა. 1978-1983 წელში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე კავკასიოლოგიის განხრით. 1989 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ქართველური ენების სპეციალობით. დოქტორანტურა დაამთავრა 1993 წელს პროფესორ თედო უთურგაიძის ხელმძღვანელობით და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "კახურის მორფონოლოგიური ანალიზი". 1993 წელს მუშაობა დაიწყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, 1995 წელს დაინიშნა კომპიუტერული ლინგვისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 1999 წელს დაიცვა სადოქტორი დისერტაცია თემაზე "კომპიუტერული მოდელირების ძირითადი პრინციპები ( ქართული და უდიური ენების მაგალითზე)“.

საპატიო თბილისელი - 2011

1999 წელს გახდა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდიატი ენათმეცნიერების დარგში და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანელ კავკასიოლოგებთან ვოლფგანგ შულცესა და იოსტ გიპერტთან ერთად უდიური სახარების ელექტრონული ვერსიის შექმნაზე და ტექსტის გრამატიკის საკითხებზე. 2002 წლიდან არის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის მუდმივი შტატის პროფესორი. გერმანიაში მოღვაწეობის პარალელურად აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოში. განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს მას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ბათუმისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დააარსა ბათუმის საზაფხულო სკოლა კორპუსის ლინგვისტიკასა და ქართველოლოგიაში. აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო ფონდებთან (ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდი, ფოლკსვაგენის ფონდი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) და არის საერთაშორისო ექსპერტი კავკასიოლოგიის დარგში.

2011 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ ქართულ-გერმანული სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის სფეროში გაწეული ღვაწლისათვის.

ბათუმის საზაფხულო სკოლა 2012

აკადემიური მოღვაწეობა საქართველოში[რედაქტირება]

მანანა თანდაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად უკავშირდება ენის მოდელირების, ენათა ელექტრონული დოკუმენტაციისა და კორპუსის ლინგვისტიკის საკითხებს. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ 1992-1997 წლებში მუშაობდა ქართული ენის მოდელირების საკითხებზე პროფესორ თედო უთურგაიძის სამეცნიერო ჯგუფში. 1995-1998 არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ენის კომპიუტერიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციებს და ირაკლი ძოწენიძესთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს "ენის კონცეპტუალური და კომპიუტერული მოდელები". ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდა პროფესორ იოსტ გიპერტთან ქართული შრიფტების - ასომთავრულისა და ნუსხა-ხუცურის უნიკოდში (UNICODE) ინტეგრაციის საკითხებზე.

საჯარო ლექცია გოეთეს უნივერსიტეტში (ფრანკფურტი)

პედაგოგიური მოღვაწეობა გერმანიაში[რედაქტირება]

ლექციაზე. გოეთეს უნივერსიტეტი (ფრანკფურტი).

1999-2001 წლებში კითხულობდა ლექციებს მიუნხენის მაქსიმილიანეს სახელობის უნივერსიტეტში, 2007-2008 წლებში მიწვეული იყო იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად. 2002 წლიდან ხელმძღვანელობს კავკასიოლოგიას ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ფაკულტატიური სემინარის „კავკასიოლოგიის სპეციალური პრობლემების“ ბაზაზე 2010 წელს დააარსა ფრანკფურტის ლინგვისტური წრე, რითაც სტუდენტებსა და დოქტორანტებს საშუალება მისცა ვიწრო აკადემიურ წრეში წინასწარ გამოიტანონ სადისკუსიოდ რეფერატები, საკურსო, სადიპლომო და სადისერტაციო ნაშრომები. ზაქარია ფურცხვანიძესთან ერთად ქართველური და კავკასიური ენებისათვის შეიმუშავა სწავლების თანამედროვე დიდაქტიკური სცენარი "24 საათიანი სასწავლო სივრცე" და შექმნა ქართული ენის სწავლების ინოვაციური პლატფორმა ფრანკფურტის უნივერსიტეტში. იყენებს ელექტრონული ლექციების (eLecture) ფორმატს და სალექციო კურსებს კავკასიოლოგიაში ატარებს ელექტრონული სწავლების მართვის სისტემის OLAT-ის ბაზაზე.

ქართული ენის ეროვნული კორპუსი[რედაქტირება]

მანანა თანდაშვილი არის საქართველოში კორპუსის ლინგვისტიკის განვითარებისა და ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში 1995 წელს დაწყებული საქმიანობა ქართული ენის დიგიტალიზაციის მიმართულებით 2002 წლიდან გააგრძელა ფრანკფურტის უნივერსიტეტში. პროფესორ იოსტ გიპერტთან თანაავტორობით შეიმუშავა ქართული ენის ეროვნული კორპუსის ტექნოლოგიური ჩარჩოს კონცეფცია, რომელსაც 2012 წლიდან ფოლკსვაგენის ფონდი (Volkswagen Stiftung) აფინანსებს. ამჟამად პროფესორ იოსტ გიპერტთან (გერმანია), პაულ მოირერთან (ნორვეგია) და მარინე ბერიძესთან (საქართველო) ერთად აქტიურად მუშაობს "ქართული ენის ეროვნული კორპუსის" პროტოტიპული ვერსიის შექმნაზე.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა[რედაქტირება]

ქართული კულტურის ფორუმი[რედაქტირება]

მანანა თანდაშვილის საზოგადოებრივი მოღვაწეობა რამდენიმე სფეროს მოიცავს. ქართული კულტურის გერმანიაში პოპულარიზაციის მიზნით 2005 წელს დააარსა ფრანკფურტის ქართველთა სათვისტომო "ქართული კულტურის ფორუმი". 2008 წელს ფრანკფურტისა და თბილისის მერიებთან თანამშრომლობით ფრანკფურტში ჩაატარა მასშტაბური კულტურული ღონისძიება "ქართული კულტურის დღეები ფრანკფურტში - 2008". 2006 წელს ფრანკფურტის ქართული კულტურის ფორუმის ფარგლებში ქართველი ბავშვებისათვის დააარსა საკვირაო სკოლა და 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა მას.

ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი[რედაქტირება]

ლიტერატურული საღამო სალონში. რომანის ფაბრიკა.

ქართული ლიტერატურის გერმანიაში პოპულარიზაციის მიზნით 2009 წელს წამოიწყო ქართული ლიტერატურის საღამოების ციკლი, ხოლო 2010 წელს დააარსა ქართული ლიტერატურის სალონი, რომელიც "ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი ევტერპეს" სახელით არის ცნობილი. გერმანიაში მთარგმნელობითი საქმიანობის გააქტიურების მიზნით 2011 წელს სალონთან შექმნა მთარგმნელთა და ლიტერატურულ ლექტორთა ასოციაცია და გერმანელ ქართველოლოგ იოსტ გიპერტთან ერთად გამოსცემს ქართულ ლიტერატურას გერმანულად. 2010 წლიდან აქტიურად მონაწილეობს წიგნის საერთაშორისო ფესტივალებზე ფრანკფურტსა და ლაიფციგში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

მანანა თანდაშვილს ჰყავს სამი შვილი - ლუკა, მარიამი და ანასტასია.

სალექციო კურსები:[რედაქტირება]

  • ზოგადი ენათმეცნიერების შესავალი
  • ლინგვისტური ტერმინოლოგია
  • ლინგვისტური მიმდინარეობები და სკოლები
  • ენობრივი კონტაქტი და ბილინგვალობა
  • ენათა დოკუმენტაცია და ლინგვისტურ მონაცემთა ელექტრონული დამუშავება
  • კავკასიის ხალხები და ენები
  • იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი
  • სპეციალური პრობლემები (ერგატიულობა ქართველურ ენებში, ბრუნების ტიპოლოგია კავკასიურ ენებში, მოდალობა ქართულში, უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში, რეფერენციალობა ქართულში)
  • შედარებითი ქართველოლოგია
  • ქართული ენა (ფონეტიკა-ფონოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი, პრაგმატიკა)
  • უდიური ენა (ფონეტიკა-ფონოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი, პრაგმატიკა)
  • სვანურის სტრუქტურული კურსი
  • მეგრულის სტრუქტურული კურსი
  • ხუნძურის სტრუქტურული კურსი

საერთაშორისო პროექტები და კონფერენციები[რედაქტირება]

  1. კავკასიური ენების ელექტრონული ანოტირებული ბიბლიოგრაფია - 1998-1999 (გერმანიის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის სტიპენდია);
  2. უდიური სახარების ტექსტის გრამატიკა - 1999-2002 (ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდია);
  3. არმაზი - კავკასიური ენები და კულტურები: ელექტრონული დოკუმენტაცია - 1999-2002 (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, იოსტ გიპერტთან თანაავტორობით);
  4. ECLinG - საფრთხეში მყოფი კავკასიური ენები საქართველოში - 2002-2005 (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, იოსტ გიპერტთან თანაავტორობით);
  5. კავკასიოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "სოციოლინგვისტური სიტუაცია თანამედროვე საქართველოში", 12-14 დეკემბერი, 2003 წ. ფრანკფურტი (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, იოსტ გიპერტთან თანაავტორობით);
  6. კავკასიური წარმოშობის პალიმფსესტები - 2004-2006 (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, იოსტ გიპერტთან თანაავტორობით);
  7. სოციოლინგვისტური სიტუაცია თანამედროვე საქართველოში - 2005-2007 (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, იოსტ გიპერტთან თანაავტორობით);
  8. მათესა და მარკოზის სახარების ხელნაწერთა კრიტიკული გამოცემა - 2006-2009 (ინტასი,იოსტ გიპერტთან თანაავტორობით);
  9. ქართული პალიმფსესტური ხელნაწერები - 2009-2012 (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, იოსტ გიპერტთან თანაავტორობით);
  10. ფოლკსვაგენის ფონდის პროგრამის "ევროპასა და აზიას შორის - შუა აზია და კავკასია მეცნიერების ფოკუსში" შემაჯამებელი საერთაშორისო კონფერენცია, 17-21 მაისი 2010 წ. თბილისი (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, იოსტ გიპერტთან თანაავტორობით);
  11. ქართული ენის ეროვნული კორპუსი: ტექნოლოგიური ჩარჩოს შექმნა - 2012-2014 (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, იოსტ გიპერტთან თანაავტორობით);
  12. რადიოპროექტი „26 რჩეული“ - ფოლკსვაგენის ფონდის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების რადიომიმოხილვა (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, იოსტ გიპერტთან და ნინო დათუკიშვილთან თანაავტორობით);
  13. დრო და სივრცე ქართველურ ენებში - 2012-2014 (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ბელა ქობალავასთან თანაავტორობით)
  14. ბათუმიs საზაფხულო სკოლა 2012 - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით;
  15. ბათუმის საზაფხულო სკოლა 2013 (ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით).

წყაროები:[რედაქტირება]

  • Folia Caucasica, Tbilisi/Frankfurt am Main, 2011, (Hrg. Manana Tandaschwili/Zakharia Pourtskhvanidze)
  • Georgische Gegenwartsliteratur, Reichert Verlag, Wiesbaden, 2010 (Hrg. Manana Tandaschwili/Jost Gippert)
  • Techno der Jaguare, Frankfurter Verlagsanstalt, Frankfurt a/M, 2012 (Hrg. Manana Tandaschwili/Jost Gippert)
  • Der Geschmack von Asche – Erzählband von Beso Chwedelidze, Literaturverlag Leipzig, 2013 (Hrg. Manana Tandaschwili/Jost Gippert)

ინტერნეტის საიტები:[რედაქტირება]

  1. მანანა თანდაშვილის ოფიციალური გვერდი
  2. ქართული ენის ეროვნული კორპუსი
  3. უდიური სახარების ელექტრონული ვერსია
  4. არმაზი: კავკასიური ენები და კულტურები-ელექტრონული დოკუმენტაცია
  5. ECLinG
  6. ფრანკფურტის ლინგვისტური წრე
  7. ქართული კულტურის ფორუმის ვებგვერდი
  8. ფრანკფურტის საკვირაო სკოლა
  9. ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის ვებგვერდი

ინტერნეტრესურსები:[რედაქტირება]

  1. თბილისის საპატიო მოქალაქე, 2011 წელი
  2. საპარლამენტო გამოსვლა "ქართული ენის ეროვნული კორპუსი - მნიშვნელობა და პერსპექტივები", 2012 წელი
  3. ქართული ენის ეროვნული კორპუსის პრეზენტაცია და კვლევითი ცენტრის "ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები" გახსნა
  4. საპარლამენტო შეხვედრა 13.10.2008
  5. კავკასიოლოგია ფრანკფურტში (24 საათი)
  6. ბათუმის საზაფხულო სკოლა 2013
  7. რადიოინტერვიუ პიკის საათში
  8. ლექციები ილიაუნიში
  9. თანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებს შორის
  10. ქართული კულტურის დღეები ფრანკფურტში - 2008
  11. ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის პრეზენტაცია თბილისში (23.03.2010)
  12. ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი - 2012 წელი
  13. ბესო ხვედელიძის ლიტერატურული საღამო ფრანკფურტში (2012)
  14. ქართული პოეზია ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე (2013)
  15. ეკა თხილავას ლიტერატურული საღამო ფრანკფურტში (2012)
  16. ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი თბილისში (2012)
  17. ზაზა ბურჭულაძის ლიტერატურულის საღამო ფრანკფურტში (2010)
  18. ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული საღამო ფრანკფურტში (2012)
  19. ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული საღამო ფრანკფურტში (2011)
  20. მირიან ებანოიძისა და სოსო იარღანაშვილის ლიტერატურული საღამო ფრანკფურტში (2011)
  21. ლიტერატურული საღამო „ლიტერატურული კავკასია“ რომანის ფაბრიკაში (2012)
  22. ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი „ევტერპე“ ლიტერატურის მუზეუმში (2011)
  23. „შავი ავაზა“ ლიტერატურის სახლში


წყაროები გერმანულად[რედაქტირება]