მანავის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანავის ციხე

მანავის ციხე — ციხესიმაგრე გარეკახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ახლოს, მაღალ მთაზე. აქ იყო ფეოდალური კახეთის უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ცენტრი. ვახუშტის განმარტებით:

ვიკიციტატა
„„ჰერეთის მთის ძირს, მანავი, სადაცა არს ძველადი ციხე და აწ შემუსვრილი“.“

ამ ცნობის მიხედვით, უკვე XVIII საუკუნის მეორე მეოთხედში მანავის ციხე, დანგრეული ყოფილა.

ციხის მშენებლებს მეტად მარჯვე ადგილი შეურჩევიათ: ამ ადგილას ხეობაც შედარებით გაშლილია და ანსამბლსაც მაღალი მთები აკრავს. ციხე აღუმართავთ წამოწეული მთის ყველაზე მაღალ წვერზე. დღეისათვის იგი ისეა დანგრეული, რომ თავდაპირველი სახის აღდგენა მხოლოდ მიახლოებით თუ შეიძლება. ზოგადი ნიშნებით ციხის ძველი ფენა X–XI საუკუნეებით თარიღდება, ახალი კი XVI-XVIII საუკუნეებით.

მიუხედავად მაღალი მდებარეობისა ციხე მიუდგომელი არაა. ბუნებრივად ყველაზე მეტად დაცულ მხარეს დასავლეთი წარმოადგენს. დანარჩენი მხარეებიდან დაცვა ძირითადად კედლებს ეკისრებოდა.

სიმაგრეს ჰქონია ციტადელიც. მას მაღალი ადგილი ეკავა, ქვედა ციხე კი მასზე აღმოსავლეთიდან ყოფილა მიდგმული. ქვედა ციხე ციტადელს თითქმის ორჯერ აღემატება. ვახუშტის ცნობით, აქ ერთ ხანს მეფის რეზიდენცია ყოფილა და ამ რეზიდენციის მთავარი ნაგებობები სწორედ შიდა ციხეში იყო. ციხეში მთავარი შესასვლელი მდებარეობდა ქვედა ციხის ჩრდილო კედლის შუაში. აქ მდგარა კოშკი, რომლის ქვეშაც ყოფილა კამაროვანი გასასვლელი. ციხეებში ასეთ გადაწყვეტას XVII საუკუნეზე ადრე არ ვხვდებით. შესასვლელის დამცველი კოშკი დღეს უკვე მთლიანად დანგრეულია: ციტადელში შესასვლელი აღმოსავლეთის კედელში, ქვედა გალავნის ჭიშკრის მახლობლად ყოფილა. ამ შესასვლელის კედლები მონგრეულია და მისი ზომები და ფორმები არ ირკვევა.

ციტადელი გეგმით უსწორო ოთხკუთხედია. მისი სიგრძე (ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით) თითქმის ორჯერ აღმატება სიგანეს. გარე კედლებიდან უკეთაა შემორჩენილი დასავლეთის და ჩრდილოეთის, დანარჩენისაგან მხოლოდ კვალიღა ირკვევა. ჩრდილოეთის გალავნის შუაში მოზრდილი სამსართულიანი სახლი მდგარა. მისგან დარჩენილია 6-7 მეტრის სიგრძის კედელი. მესამე სართულის კედლიდან მხოლოდ ქვედა ნაწილია შერჩენილი. შენობის გარე კედელი ყრუა. აქვე, პირველი სართულის ქვეშ ჩადგმული ყოფილა მცირე ზომის სწორკუთხა წყალსაცავი, რომელსაც კამაროვანი გადახურვა აქვს.

ამ შენობის აღმოსავლეთით ჩანს დიდი ზომის კოშკოვანი სახლის ნანგრევები. მისი გეგმა თითქმის კვადრატულია. ქვედა სართული დაფარულია ნანგრევებით. მეორე სართულს აქვს კარი ეზოს მხარეს და სარკმელი კარის პირდაპირ. კარის მარჯვნივ, კუთხეში, პატარა ნიშებია. მესამე სართულის კედლის ფრაგმენტებში რაიმე დეტალი უკვე აღარ გაირჩევა. ციტადელის სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლები ნახევარწრიული ბურჯებით ყოფილა გამაგრებული. როგორც ეტყობა, კოშკები ამ მხარეებზე არ მდგარა. ციხის გალავნის ზედა ნაწილი, ისე როგორც სხვაგან, აქაც არაა შერჩენილი, ამიტომ თავდაცვითი ელემენტების სისტემის გარკვევა ძნელდება.

შიდა ციხის დასავლეთ გალავნისგან სამხრეთის ბოლოღაა დარჩენილი. აქაც, კუთხეში მოზრდილი კოშკოვანი სახლი მდგარა. მისი გეგმა არ იკითხება, რადგან სამი კედელი დანგრეულია, ქვედა ნაწილი კი ნანგრევებშია ჩაფლული. მეოთხე, დასავლეთის კედელზე სამი სართულის კვალი ჩანს. იგი სიმაღლით 8 მეტრს აღემატება. პირველ სართულს მაღალი და განიერი სარკმელი აქვს, მეორე სართული კი ამ მხარეს ყრუა. მესამე სართულს მცირე ზომის სათვალთვალო ხვრელი აქვს დატანებული. თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ამ მხრიდან შენობისათვის სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში დიდი ბურჯი მიუდგამთ, დასავლეთის მთელ სიგრძეზე კი კედელი მიუშენებიათ, რომელსაც პირველი სართულის სარკმელი სანახევროდ დაუფარავს. ციტადელის შუაში ჯგუფად დგას მცირე ზომის სამი ეკლესია. მათგან ყველაზე ადრეულია ჩრდილოეთით მდგარი. მის შიდა კედლებს მოხატვის კვალი არ ეტყობა, ფასადები კი კარგად თლილი შირიმის ქვითაა შემოსილი.

იმის გამო, რომ ციხე მთის წვერზე დგას და აქ წყალს წყალსადენით ვერ ამოიყვანდნენ, სავარაუდოა, რომ ციხის წყლით მომარაგება ან მოზიდვით ხდებოდა, ან წვიმის წყლის დაგროვებით.

ვახუშტის ცნობით, მანავის ციხეში თავისი რეზიდენცია გადმოაქვს კახეთის მეფეს დავით II (1703-1722). ცხადია იგი გამოიყენებდა ადრეული ციხის ნანგრევებს. მის მიერ აგებული სასახლის ფრაგმენტები სრულად ვერ დგინდება.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 401.
  • ზაქარაია პ., სამშობლოს გუშაგები, თბ., 1969.
  • ზაქარაია პ., კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, თბ., 1962.
  • ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველსი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბ., 2002.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]