მამლუქები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამლუქი-კავალერისტი.1810 წლის სურათი

მამლუქები (არაბ. مملوك „თეთრი მონა“), არამუსლიმური წარმოშობის თეთრკანიანი მეომარი მონები. მამლუქთა სოციალური კატეგორია გაძლიერდა XI საუკუნის II ნახევრიდან ეგვიპტეში, XVIII საუკუნის დასაწყისიდან — ერაყში.

ეგვიპტეში მამლუქთა ისტორია სულთან სალაჰ ალ-დინ იბნ აიუბის (1169-1193) სახელთანაა დაკავშირებული. პირველად მან მიჰყო თეთრკანიანი მონების, უმთავრესად თურქებისა და კავკასიელების დიდი რაოდენობით შეძენას, შეიარაღებულ რაზმებში ჩარიცხვას და დაწინაურებას. მონობიდან თავდახსნილი თანამდებობასთან ერთად მსხვილ მიწის ნაკვეთსაც იღებდა. ასე გაჩნდა მამლუქთა სამხრეთ-ფეოდალური კასტა, რომელმაც 1250 ხელთ იგდო ძალაუფლება. ეგვიპტეს მამლუქთა 2 დინასტია განაგებდა: ბაჰრელთა (თურქული წარმოშობისა, განაგებდნენ 1250-1390) და ბურჯელთა (კავკასიელები, რომელთაც ზოგადად ჩერქეზებს უწოდებდნენ, განაგებდნენ 1383-1517). სახელმწიფოს უმაღლესი მბრძანებელი იყო სულთანი. XIII-XIV საუკუნეებში ეგვიპტე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო ახლო აღმოსავლეთში. მამლუქებმა წარმატებით მოიგერიეს თათარ-მონღოლთა თავდასხმები (აინ-ჯალუდის ბრძოლა 1260 წლის 3 სექტემბერი), განდევნეს ჯვაროსნები სირია-პალესტინიდან (1268). მამლუქთა ხანაში მოხდა მმართველობის სისტემის რეორგანიზაცია, გაუმჯობესდა ხელოვნური სარწყავი სისტემა, შეიმჩნეოდა კულტურის, განსაკუთრებით მეცნიერების აღმავლობა.

1517 წელს ხანგრძლივი ფეოდალური აშლილობით დასუსტებული ეგვიპტე ოსმალებმა დაიპყრეს და თავიანთი სახელმწიფოს პროვინციად გამოაცხადეს. ქვეყანას ოსმალეთის სულთნის წარმომადგენელ ფაშასთან ერთად მართავდა მამლუქი ბეგების დივანი (საბჭო). დივანს უფლება ჰქონდა გაეძევებინა ფაშა ეგვიპტიდან. ეს პრივილეგია მამლუქებს ფაქტობრივად გაბატონებულ მდგომარეობას უნარჩუნებდა, მაგრამ მამლუქები მაინც თავიანთ სუვერენიტეტის სრული აღდგენისათვის იბრძოდნენ. 1646 წელს მათ მოაზერზეს დაუფლებოდნენ ქვეყნის თითქმის ყველა ციხესიმაგრეს, ხოლო 1769 წელს ეგვიპტე დამოუკიდენელ სახელმწიფოდაც კი გამოაცხადეს. მაგრამ 1773 წელს ეგვიპტეში კვლავ ოსმალები გაბატონდნენ. მამლუქები არ ემორჩილებოდნენ სულთანს, ატარებდნენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, სხვადასხა დროს ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან, რუსეთთან, საფრანგეთთან, ინგლისთან და სხვა ქვეყნებთან. დიდია მამლუქთა წვლილი ფრანგთა ბატონობისაგან ეგვიპტის განთავისუფლებაში (1795-1801). ნაპოლეონმა ვერ შეძლო მათი დამორჩილება და ეგვიპტეში ფეხის მოკიდება, სულთნის ნაცვალმა ეგვიპტეში მუჰამად ალიმ (1805-1846) ჩამოართვა მამლუქებს მიწები (1808), ხოლო 1811 მამლუქები ბეგები გაჟლიტა.

ერაყში მამლუქთა ბატონობა დაიწყო 1749 წლიდან. მათ 82 წლის განმავლობაში მართეს ერაყი და მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც გაატარეს. ერაყის გაძლიერებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით წარმოშობით ქართველ ფაშებს: სულეიმან აბე ლაილს (1749-1762), სულეიმან ქუჩუქს (1807-1810) და დაუდ-ფაშა გურჯს (1816-1831). 1829 წელს დაუდ-ფაშა სულთანს განუდგა, 1831 წლის 16 სექტემბერს იგი სულთნის ჯარებმა დაამარცხა და ერაყიდან განდევნეს, სხვა მამლუქი ბეგები დახოცეს. ამით მამლუქთა ბატონობა დასრულდა.

მამლუქები საქართველოდან[რედაქტირება]

1453 წელს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს. ჩერქეზ მამლუქთა სახელმწიფოს საფრთხე დაემუქრა, რაც მალე რეალობად იქცა. 1517 წელს "ფარაონთა ქვეყანა" პორტამ დაიპყრო. შემდეგ ეგვიპტის მმართველ ფაშასაც სტამბოლი ნიშნავდა. ყივჩაღ და ჩერქეზ მამლუქთა მმართვეობისას მცირე რაოდენობით ქართველი მამლუქებიც იყვნენ, მაგრამ სულთანი არც ერთი მათგანი არ გამხდარა. ყველაზე მაღალი პოსტი, რომელიც ქართველებს ეკავათ, ამირას თანამდებობდა იყო. XVI ს–მდე საქართველო მოსახლეობას იცავდა და ტყვეთა ვაჭრობას არ უშვებდა. მაგრამ დაუსრულეელი ბრძოლებით დასუსტებული ქვეყანა სამეფო სამთავროებად დაიშალა, რასაც XVI ს–ში ოსმალეთის მიერ ისტორიული მესხეთის დაპყრობა და მისი ახალციხის საფაშოდ ქცევა მოჰყვა. ოსმალებმა შავ ზღვაზე გასასვლელი ჩაკეტეს და ამით, ფაქტობრივად საქართველო გარე სამყაროს მოწყვიტეს. უსასხროდ დარჩენილმა ქართველი ფეოდალების ნაწილმა თავისი ყმა–გლეხებით ვაჭრობა დაიწყეს. ეს აძლევდა ხელს ოსმალეთსაც. ახალგაზრდებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იტაცებდნენ და სტამბოლის ბაზრებზე ჰყიდნენ. თავდაპირველად ტყვეები ჩრდ. კავკასიიდან ყირიმში გადაჰყავდათ. ახალციხის საფაშოს შექმნის შემდეგ კი ეს კუთხე იქცა ქართველ მოანათა მნიშვნელოვან სატრანზიტო პუნქტად.საქართველოდან გაყვანილი ახალგაზრდობის რიცხვი ამ დროიდან მკვეთრად იზრდება. XVI ს–ის მიწურულს ევროპელი ავტორები წერენ, რომ ეგვიპტის მამლუქთა შორის არიან ქართველები. XVII ს–ის ევროპელ ავტორთა და სხვათა ცნობებით იმ დროს საქართველოდან სამიდან ხუთი ათასამდე ტყვე გაჰყავდათ. თუ "მცირე" რიცხვს სამი ათასს ავიღებთ, გამოდის რომ სამშობლოს საუკენეში სამასი ათას ახალგაზრდას სტაცებდნენ. XVI, XVII, XVIII ს–ებისა და XIX ს–ის პირველი ნახევრის ჩათვლით საქართველოდან სულ ცოტა ერთი მილიონი 13–14 წლის ჯანმაგარი ვაჟი და ლამაზი გოგონა გაიყვანეს. აქვე უნდა გავიხსენოთ ირანიც, სადაც მრავლად იყო როგორც გადასახლებული (ფერეიდანი), ისე სპარსეთის ჯარში ძალით თუ ნებით მოხვედრილი ქართველი.

ოსმალეთის, როგორც ცენტრალური, ისე პროვინციული ელიტა ყიდულობდა ქართველ ახალგაზრდებს, ასწავლიდა მათ ცხენზე ჯდომას, ჯირითს, ცივი და ცხელმსროლელი იარაღის ხმარებას და ზრდიდნენ პროფესიონალ სამხედროებად. ამ დროს გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში ლამაზი ბიჭის სახელად ქურჯი–გურჯი, ხოლო ქალისად – ქურჯია. ეგვიპტისა და სირიაში ქალის საკუთარ სახელად დღესაც გვხვდება ქურჯია.

XVII ს–ის მეორე ნახევრიდან ქართველების რაოდენობა ოსალეთის იმპერიაში მატულობს. ეს კარგად ჩანს ამავე საუკუნის მიწურულის, როგორც თურქი მოგზაურის ევლია ჩელების ნაშრომიდან, ისე ოსმალური საგადასახადო რეესტრებიდანაც. XVII ს–ის ოსმალეთში დადასტურებულია ეთნიკური სოლიდაროის ფენომენი. სხვადასხვა ქვეყნიდან მოხვედრილი ტყვეები ერთმანეთისადმი გარკვეულ სოლიდარობას იჩენდნენ, რაც გამოიხატებოდა სხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ ძალაუფლებისა და გავლენისათვის ბრძოლისას ურთიერთ მხარდაჭერასა და კავშირში. ერთი წარმომავლობის "ოსმალო" მოხელეები და ჰარამხანაში მოხვედრილი ქალები, რომელთაც აერთიანებდათ საერთო კულტურა, ენა, ფასეულობები გვერდში ედგნენ ერთმანეთს. XVII-XVIII ს–ების ოსმალეთში ნათლად იკვეთება "დასავლელთა" (ბალკანეთისა და აღმ. ევროპის) და "აღმოსავლელთა" (ჩერქეზები, აფხაზები, ქართველები) ეთნიკური დაჯგუფებები. სოლიდარობა შეიმჩნეოდა როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებშიც.

XVIII ს–ის დამდეგგს ვხედავთ ქართველ ამირებსა და ბეგებს, ანუ ბეიებს. ეგვიპტის პოლიტიკურ ასპარეზზე მათ შორის ყველაზე წარმატებული მუჰამედ ბეგ კატამიში იყო, რომელსაც მანამდე არნახული ძალაუფლება ჰქონდა. კატამიში იყო პირველი ქართველი მამლუქი, რომელმაც საკუთარი სახლი შექმნა. ასეთი სახლები მხოლოდ ძალზე ცნობილ პირებს ჰქონდათ. სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე ასეთი სახლები იქმნებოდა არა ნათესაური, არამედ პატრონისადმი კუთვნილების ნიშნით. პატრონები ყიდულობდნენ ყმაწვილებს და შვილებივით ზრდიდნენ. ბიჭებიც ძმებივით იზრდებოდნენ, თუმცა შემდეგ მათ შორის ორგულობაც ხდებოდა. მუჰამედ კატამიში შეთქმულებმა 1736 წ–ს მოკლეს.

ეგვიპის მომდევნო მმართველი კადზაღლის სახლის წარმომადგენელი იბრაჰიმ ქათხუდა იყო. შემდეგ ქვეყანას იბრაჰიმ და რიდვან ქათხუდების დუუმვირატი განაგებდა.

იბრაჰიმ ქათხუდასა და სხვა ქართული წამომვლობის მამლუქთა შესახებ ცნობებს გავწვდის ცნობილი ლევანტელი მოგზარაური სავიურა ლუზინიანი წიგნში "ოსმალეთის პორტას წინააღდმეგ ალი–ბეის აჯანყების ისტორია". ეს ნაშრომი, ელ ბეგ ალ–ქაბირს ეძღვნება და 1783–84 წწ–ში ორჯერ გამოიცა ლონდონში, 1784 და 1789 წწ–ში ბერლინსა და პეტერბურგში, ხოლო 1793 წ–ს თბილისში. ლუზინიანმა მნიშვნელოვანი და ზოგჯერ უნიკალური ცნობები შემოგვინახა მამლუქი ბეგების ქართული წარმომავლობის შესახებ, თუმცა დასავლელი მკვლევარები მის ცნობებს ნაკლებად ენდობიან. ჯეინ ჰასავეიმ, ამერიკელმა მამლუქოლოგმა ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა ქათხუდასა და კადზაღლის სახლს, სადაც იბრაჰიმს ჯერ ქართველად, ბოლო კი ოსმალოდ მოიხსნიებს. პროფ. გოჩა ჯაფარიძემ და ამერიკელმა ორიენტალისტმა კრესელიუსმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, როგორც ლუზინიანის წიგნის, ასევე ქართველი მამლუქების შესახებ სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებისა და პოპულარიზების საქმეში. იბრაჰიმ ქათხუდამ გზა გაუხსნა ქართული წარმომავლობის მამლუქებს ეგვიპტის მმართველ ელიტაში. ის 1754 წ. გარდაიცვალა და მის შემდეგ ეგვიპტეს განაგებდნენ კადზაღლის სახლის მამლუქები ან ამ მამლუქთა მამლუქები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალი-ბეი ალ-ქაბირი (1768–72 წწ.) იყო, რომელიც აუჯანყდა ოსმალეთის პორტას, რათა ეგვიპტე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ექცია. მან ოსმალოს ფაშა გააძევა ეგვიპტიდან და ოსმალური გარნიზონის ძალა მნიშვნელოვნად შეამცირა. ალი ბეგ ალ–ქაბირი აფხაზეთიდან იყო. დანიელი მოგზაური, კარსტენ ნიბური წერს, რომ მისი მამა, სახელად დავითი, მღვდელი იყო საქართველოდანო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სილაგაძე ბ., ერაყი მამლუქთა გამგებლობის ხანაში (1749-1831), თბ., 1978;
  • ჯანელიძე დ., სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში, თბ., 1967;
  • Мачарадзе В. Г., Грузинские документы из истории русско-грузинско-египетско-эфиопских отношений 80-х годов ХЖИИИ века, Тб., 1967;
  • Семёнова Л.А., Салах ад-дин и мамлюки в Египте., М., 1966;
  • Muir W., The Mamluke of alave dinasty of Egypt, Amst., 1868;
  • სილაგაძე ბ., ქსე, ტ. 6, გვ. 397-398, თბ., 1983
  • მუდმივი კავშირის სამყარო 1(37)2008