მამამძუძე
| ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას მამამძუძეობა (განხილვა). |
მამამძუძე – ბავშვის აღმზრდელი მამაკაცი, რომელიც არ არის მისი ბიოლოგიური მამა. სულხან–საბას განმარტებით – "მამამძუძე – კაცი გამზრდელი". "მძუძეობა" იყო ხელოვნური ნათესაობის ინსტიტუტის ერთ–ერთი ფორმა.
სიტყვა "მამამძუძე" იხსენიება ბიბლიის ძვ. ქართულ თარგმანში:
- "და მიწერა იუ რუვარტაკი სამარიად მთავართა მათ სამარიასათა და მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა აქაბისთა..." (4 მეფ. 10:1).
- "და წარავლინეს სახლისა მისგან და ქალაქისა მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა და ჰრქუეს იუს..." (4 მეფ. 10:5)
ორივე შემთხვევაში, ბერძნულ ორიგინალში (სეპტუაგინტა), ქართულ მამამძუძეს ბერძნული მამრობითი სქესის სიტყვა τιθηνός ("მაწოვნებელი, აღმზრდელი კაცი") შეესაბამება (მდედრობითი სქესისთვის გვაქვს τιθήνη, "დედამძუძე", "აღმზრდელი ქალი"), ზმნიდან θάω, "წოვა".
მამამძუძეობის ინსტუტის არსებობას ძველ საქართველოში ადასტურებენ ძველი ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები:
- "მოქცევაჲ ქართლისაჲ": აზომ, არიან-ქართლის მეფის ძემ, მცხეთაში გამეფებისას არიან-ქართლიდან წამოიყვანა "ათნი სახლნი მამა–მძუძეთანი";[1]
- "მეფეთა ცხოვრება": შიდადინასტიური დაპირისპირებისას, ქართლის მეოთხე მეფის, ფარნაჯომის ძე, მირვანი სპარსეთს შეაფარა მისმა მამამძუძემ;[2]
- "მეფეთა ცხოვრება": როდესაც სპარსეთის მეფემ ქართლში გასამეფებლად დატოვა თავისი შვიდი წლის მცირეწლოვანი ძე, მირიანი, მას მამამძუძედ დაუტოვა სპარსი წარჩინებული, სახელად მურვანოზი;[3]
- "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა": ვახტანგს ჰყოლია მამამძუძე, საურმაგ სპასპეტი ;[4]
- "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა": ვახტანგის პირველი ცოლის, სპარსთა მეფის ასულის მამამძუძე ყოფილა რაჟდენ პირველმოწამე.[5]
სპეციალისტთა დასკვნით, მამამძუძეობის ინსტიტუტის ფესვები ძველ ირანულ სამყაროშია საძებნელი. ირანული გავლენის შედაგად უნდა იყოს გაჩენილი ჩრდილო კავკასიელ ხალხებში ე. წ. "ათალიკობის" ინსტიტუტი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Widengren G., Der Feudalismus im alten Iran, Köln, 1969
- ჩხეიძე თეო, აღზრდის ინსტიტუტი სასანურ ირანში, თბ., 1979
- ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზი, პასუხი ოფიციალურ ოპონენტს, ქ–ნ ნანა ხაზარაძეს, თბ., 2006 (ხელნაწერი)
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 320
- ↑ ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 30
- ↑ ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 64
- ↑ ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 145
- ↑ ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 199
სტატიის