მაკლურა, თუთავაშლა (Maclura), მცენარეთა გვარი თუთისებრთა ოჯახისა. გვარში მხოლოდ ერთი სახეობაა — ნარინჯისებრი მაკლურა (Maclura aurantiaca). იგი ორსახლიანი, ფოთოლმცვივანი, გაშლილვარჯიანი ხეა, რომლის სიმაღლე 20 მ აღწევს. აქვს ღრმად დაშაშრული მურა-რუხი ქერქი, ეკლიანი ტოტები, კიდემთლიანი, კვერცხისებრი, ბოლოწაწვეტილი ფოთლები და დიდი, მრგვალი, ნარინჯის მსგავსი, თუმცა ღრმად დანაოჭებული „ნაყოფი“ (ნაყოფედი), რომელიც არ იჭმება (შეიცავს რძეწვენს). მაკლურას სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა. დეკორატიულ მცენარედ მოშენებულია კავკასიაში, შუა აზიასა და უკრაინაში. საქართველოში ბევრგანაა მოშენებული. შედარებით ყინვაგამძლეა, საკმაოდ კარგად ეგუება მწერსა და რამდენადმე დამლაშებულ და მშრალ ნიადაგს, თუმცა უკეთ ხარობს საშუალო ტენიანობის პირობებში. ადვილად იტანს კრეჭას. იყენებენ მტკიცე და გაუვალი ცოცხალი ღობის გასაშენებლად, აგრეთვე გასამწვანებლად. სამშობლოში დიდად ფასობს მისი ოქროსფერი მერქანი, რომელიც ცნობილია „ბრაზილიური ყვითელი ხის“ სახელით. მისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან ქაღალდს, ყვითელ საღებავს.
- სხიერელი ვ., ქსე, ტ. 6, გვ. 375, თბ., 1975