მადრეპოროვნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მადრეპოროვნები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ნაწლავღრუიანები
კლასი:  მარჯნის პოლიპები
რიგი:  მადრეპოროვნები
ლათინური სახელი
Madreporaria

მადრეპოროვნები (ლათ. Madreporaria) — ნაწლავღრუიანების რიგი მარჯნის პოლიპების კლასისა. უმთავრესად ზღვის ფსკერზე მიმაგრებული კოლონიური ფორმებია. ზოგი ცალადი ფორმის (Fungia) დიამეტრი 25 სმ აღწევს, კოლონიის ცალკეული ინდივიდისა კი — 1 მმ-იდან 3 სმ-მდე. მადრეპოროვნების ძირითადი ნაწილია კირის ჩონჩხი, მოიცავს 2500-მდე სახეობას. ცხოვრობენ ძირითადად სუფთა, ჟანგბადითმდიდარ ნორმალურად მარილიან წყალში, არანაკლებ 20,5 °C ტემპერატურის პირობებში. ამის გამო მადრეპოროვნები ფართოდ არიან გავრცელებული წყნარი და ინდოეთის ოკეანის, აგრეთვე კარიბის ზღვის ტროპიკულ წყლებში არა უღრმეს 50მ-ისა. აქ მადრეპოროვნები ზღვის სხვა ორგანიზმებთან ერთად ქმნიან მარჯნის რიფებს, რომელთა ნაპრალებში ბინადრობენ სხვადასხვა უხერხემლოები და თევზები. ზღვის სიღრმეში (6000 მ-მდე) ბინადრობენ მხოლოდ პატარ-პატარა ცალადი ფორმები. ყოფილ სსრკ-ში მხოლოდ ცალადი ფორმები გვხვდება: ბარენცის ზღვაში — Flabellum-ი და შორეულ აღმოსავლეთ ზღვებში — Caryophyllia.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]