ლუკას კრანახი უფროსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუკას კრანახი უფროსი

კრანახი, ლუკას (უფროსი) (დ. 1472, კრონახი, ზემო ფრანკონია, — გ. 16 ოქტომბერი, 1553, ვაიმარი), — გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა მამის ხელმძღვანელობით. მუშაობდა ავსტრიაში (დაახლ. 1500-1504), ვიტენბერგში საქსონიის კურფიურსტის ფრიდრიხ ბრძენისა და მისი მემკვიდრეების კარზე (1505-1550), აუგსბურგსა (1550-1552) და ვაიმარში (1552-1553). 1509 წელს იმოგზაურა ნიდერლანდში. კრანახის ადრინდელი ნაწარმოებები ნოვატორულია. მათში სახეთა თამამი სიმართლე და კომპოზიციის მკვეთრი ასიმეტრია თითქოს შთაგონებულია საზოგადოებაში მოსალოდნელი დიდი ცვლილებების წინათგრძნობით („ჯვარცმა“, 1503, ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი); სურათში „შესვენება ეგვიპტის გზაზე“ (1504, ბერლინ-დალემის სურათების გალერეა), პირიქით, ჭარბობს იდიალური განწყობილება, ხოლო ბუნების აღქმის სიცოცხლე და სიმახვილე საფუძველს უყრის დუნაის სკოლის წარმატებებს. ვიტენბერგში ჩამოყალიბდა კრანახის წინააღმდეგობებით აღსავსე შემოქმედებითი სახე, რომელიც გამოხატავდა მხატვრის გარემომცველი სამყაროსა და ეპოქის სირთულეს. კრანახის ტილოები „წმინდა ეკატერინეს საკურთხეველი“ (1506, დრეზდენის სურათების გალერეა), „სათავადო საკურთხეველი“ (1510, სახელმწიფო გალერეა, დესაუ) დგას აღორძინების ხელოვნების მიღწევათა დონეზე. მხატვრის გვიანდელი პერიოდის რელიგიურ თემაზე შესრულებულ ნამუშევრებში რენესანსული პრინციპები შეერწყა მანიერიზმის ნიშნებს, რომლებიც გვაგონებენ გვიანდელი გოთიკის ხელოვნებას. ნამუშევრები: „ვენერა და ამური“ (1509), „მადონა“ (ორივე ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი), „წყაროს ფერია“ (1518, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ლაიფციგი). კრანახი მარტინ ლუთერის გავლენით რეფორმაციის იდეების პროპაგანდას ეწეოდა („იოანე ნათლისმცემლის ქადაგება“, გრავიურა ხეზე, 1516), მაგრამ რეფორმაციის მოწინააღმდეგეებისგანაც იღებდა შეკვეთებს (კარდინალ ალბრეხტ ბრანდენბურგელის პორტრეტი, 1526, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). კარის მხატვრის მდგომარეობამ განაპირობა კრანახის ნამუშევართა ერთგვარი სტანდარტულობა , მაგრამ პორტრეტულ ჟანრში მან შეინარჩუნა ემოციური ცხოველმყოფელობა და ოსტატობა. ვაიმარში არის კრანახის სახლი, სასახლის მუზეუმში კი — კრანახის გალერეა. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულია სურათი „მაჭანკალი“, ვარაუდობენ რომ იგი კრანახს ეკუთვნის.

ლიტერატურა[რედაქტირება]