ლიტურგია მართალთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიტურგია მართალთა ეწოდება საღმრთო ლიტურგიის მესამე ნაწილს, რომელზედაც სრულდება წმ. საიდუმლო ზიარება-ევქარისტია, რადგან მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ მონათლულ მორწმუნეებს. მართალთა ლიტურგია პირობითად შეიძლება დავყოთ რამდენიმე ნაწილად:

  1. გადასვენება წმ. ძღვენისა სამკვეთლოდან ტრაპეზზე;
  2. მორწმუნეთა მომზადება ძღვნის კურთხევისათვის;
  3. წმიდა საიდუმლო ზიარების შესრულება;
  4. მორწმუნეთა მომზადება საზიარებლად;
  5. ზიარება;
  6. სამადლობელი ლოცვები ზიარების შემდგომ;
  7. ჩამოლოცვა.

მართალთა ლიტურგია იწყება შემოკლებული დიდი კვერექსით, რომელიც მთავრდება ასამაღლებლით: “რათა ძლიერებითა შენითა...” ამის შემდეგ იგალობება: “რომელი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველსმყოფელსა სამებასა, სამწმიდა არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა, შემწყნარებელსა ანგელოსთაებრ უხილავად, ძღვნის შემწირველთა წესთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია”. გაიხსნება აღსავლის კარები, რადგან ახლა უნდა მოხდეს ძღვნის გადატანა სამკვეთლოდან ტრაპეზზე აღსავლის კარების გავლით. აღნიშნულ მოქმედებას ეწოდება “დიდი გამოსვლა”.

“ქერუბინთას” გალობის დროს მორწმუნენი ვემსგავსებით ქერუბიმებს, რომლებიც უფალს ემსა-ხურებიან. მართალია ეს გალობა ეკლესიებში დიდი გამოსვლით იყოფა ორ ნაწილად, მაგრამ შინაარსითა და წყობით ის ერთი მთლიანი საგალობელია.

წმ. ეკლესია მორწმუნეებს “ქერუბინთას” გალობით დაახლოებით შემდეგს მოუწოდებს: “ჩვენ, რომლებიც წმ. შესაწირავის გადატანისას საიდუმლოდ ვემსგავსენით ქერუბიმებს, მათთან ერთად ვგალობთ სამწმიდა გალობას წმ. სამებისადმი, ყოველგვარი ქვეყნიური ზრუნვა დავთმოთ, განვახლდეთ, განვიწმიდნეთ, რომ ვატაროთ მეუფე დიდებისა, რომელსაც ახლა სინამდვილეში ემსახურება ანგელოზთა სიმრავლე”.

“ქერუბინთას” პირველი ნაწილის გალობისას, მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვას, რომელშიც სთხოვს ღმერთს მადლს, რომ ღირსეულად შეასრულოს წმ. საიდუმლო. დიაკონი ასრულებს კმევას. კმევის შემდეგ მღვდელი და დიაკონი ხელაპყრობილნი სამჯერ წარმოსთქვამენ “ქერუბინთას” ლოცვას და გადადიან სამკვეთლოზე. დიაკონს, მარცხენა მხარზე დიდი დაფარნით, მოკრძალებით გამოქვს ფეშხუმი, ხოლო მღვდელს – ბარძიმი. გამოსვლა ხდება ჩრდილო კარიდან. ისინი ჩერდებიან აღსავლის კარის წინ, პირით ხალხისკენ და იწყებენ მოხსენიებას ერისას, პატრიარქისას, მღვდელმთავრებისას, მიცვალებულებისას და ცოცხლებისას. მღვდლისა და დიაკონის გამოსვლა ბარძიმ-ფეშხუმით სიმბოლურად ნიშნავს მაცხოვრის სვლას გოლგოთაზე, სამღვდელო პირების მოხსენიება კი იმას, რომ იესუ ქრისტე საშინელი წამების დროსაც ლოცულობდა ხალხისთვის, ცოდვილთა ხსნისათვის.

მოხსენიების შემდეგ სამღვდელო პირნი შედიან საკურთხეველში აღსავლის კარით და ბარძიმ-ფეშხუმს დაასვენებენ ტრაპეზზე. მგალობელნი გალობენ “ქერუბინთას” მეორე ნაწილს: “და ვითარცა მეუფისა...”

ოდიკი, რომელზედაც დასვენდება ბარძიმ-ფეშხუმი ნიშნავს საფლავს მაცხოვრისას. დიდი დაფარნა, რომლითაც იხურება ბარძიმ-ფეშხუმი გამოხატავს იმ დიდ ლოდს, რითაც იქნა დაბეჭდილი ქრისტეს საფლავი; ვარსკვლავი, რომელიც რჩება ფეშხუმზე დროებით, ნიშნავს ბეჭედს, მართალ იოსების მიერ ქრისტეს საფალვის დაფარვის მიზნით მიგორებულ ლოდს, რომელიც შემდეგ დაბეჭდილ იქნა ებრაელების მიერ, კმევა წინადაგებული ძღვენისა ამ დროს ნიშნავს მაცხოვრის გვამისათვის ნელსაცხებლის ცხებას. აღსავლის კარისა და კრეტსაბმელის დახურვა მოასწავებს იესუ ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლას მორწმუნეთა სულების გამოსახსნელად, აგრეთვე იმ მცველებს, რომლებიც დაყენებულ იყვნენ ურიების მიერ მაცხოვრის საფლავის დასაცავად.

წმ. შესაწირავის ტრაპეზზე გადასვენების შემდეგ იწყება მომზადება ძღვნის კურთხევისათვის. ამ მიზნით აქ იკითხება თხოვნითი კვერექსი, სადაც ჩვეულებრივ თხოვნა-ვედრებას დაემატება თხოვნა წინადაგებული ძღვენის შესახებ, რათა უფალმა მასზე გარდამოავლინოს სული წმიდა და განწმინდოს იგი.

კვერექსი მთავრდება ასამაღლებლით: “მოწყალებათათვის მხოლოდ-შობილისა ძისა შენისასა...”. ამ ასამაღლებლით ეკლესია გამოთქვამს აზრს, რომ შესაწირავის კურთხევისათვის საჭირო მადლს სულიწმიდისას მივიღებთ უფლის მოწყალების გამო.

მას შემდეგ მღვდელი აკურთხებს მორწმუნე ერს: “მშვიდობა ყოველთა”, დიაკონი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ შეურიგდნენ ერთიმეორეს, შეიყვარონ ერთმანეთი, რამეთუ მშვიდობა და სიყვარულია საჭირო სული წმიდის მისაღებად: “ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ”. ეს არის მოწოდება ერთიანი სიყვარულისაკენ, რაზეც მგალობელნი პასუხობენ “მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა, ერთარსებასა და განუყოფელსა”. ეს საგალობელი არის გაგრძელება დიაკვნის მიერ წარმოთქმული მოწოდებისა, “...რათა ერთობით აღვიარებდეთ”-ის შემდეგ ბუნებრივია ისმის კითხვა: ვინ უნდა ვაღიაროთ ერთობითა და სიყვარულით? პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია: წმიდა სამება, ერთარსება და განუყოფელი. ადრინდელ ქრისტიანულ ეკლესიებში აღნიშნული სიყვარულის დასამტკიცებლად მორწმუნენი ერთმანეთს ემთხვეოდნენ ხოლმე: მამაკაცები – მამაკაცებს, დედები – დედებს. თანამედროვე ეკლესიაში ეს წესი შემორჩა მხოლოდ საკურთხეველში, სამღვდელო პირებს შორის, რომლებიც ჯერ ემთხვევიან ფეშხუმს, დაფარნასა და ტრაპეზს და შემდეგ ერთმანეთს სიტყვებით: “ქრისტე არს ჩვენს შორის”, რაზეც პასუხობენ: “არს და იყოს”.

შემდეგ დიაკონი ამბობს: “კარნი, კარნი, სიბრძნით, მოხედენ”. ძველად ამ სიტყევბით დიაკონი მიმართავდა ეკლესიის კარებთან მდგომ მეკარეს, რათა ყურადღებით ედევნებინა თვალი კარებისათვის, რომ ტაძარში არ შემოსულიყო კათაკმეველთაგანი ან ვინმე ისეთი, ვისაც არ ჰქონდა ლიტურგიაზე დასწრების უფლება. სიტყვები “სიბრძნით მოხედენ” განკუთვნილი იყო მორწმუნეთათვის და ნიშნავდა შემდეგს: ვიყოთ ყურადღებით ღვთისადმი უსისხლო მსხვერპლის შეწირვისას. მორწმუნენი კი გახსნილი აღსავლის კარის წინ, როგორც უშუალოდ უფლის წინ, კითხულობენ სარწმუნოების სიმბოლოს – “მრწამსს”, რითაც ამტკიცებენ თავიანთ აღმსარებლობას და კიდევ იმას, რომ მათ შორის არ დგას მწვალებელი და წარმართი. დღეს სიტყვები “კარნი, კარნი”, ახსენებს მორწმუნეებს, რომ მათ გახსნან კარები თავიანთი გულისა და გონებისა, განდევნონ მათგან უცხო აზრები, რათა მიმართონ მთელი თავიანთი ყურადღება უდიდესი საიდუმლოსაკენ.

“მრწამსის” გალობის დროს მღვდელი იღებს დიდ დაფარნას და არხევს წინადაგებული ძღვენის თავზე, რაც მასზე სული წმიდის ძალისა და მადლის ფრქვევას მოასწავებს. აღსავლის კარისა და კრეტსაბმელის გახსნა ასამაღლებელზე “კარნი, კარნი...” ნიშნავს მიწისძვრასა და ტაძრის კრეტსაბმელის შუაზე გაპობას ჯვარზე იესუ ქრისტეს სიკვდილის დროს.

ამის შემდეგ იწყება ლიტურგიის უმთავრესი ნაწილი – კურთხევა წმიდა შესაწირავისა. დიაკონი ერთხელ კიდევ მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ შიშითა და მოკრძალებით მოემზადნენ წმ. საიდუმლოს შესასრულებლად: “ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედე წმიდასა ამას შესაწირავსა, მშვიდობით შეწირვადსა”. მორწმუნენი პასუხობენ: “წყალობა, მშვიდობა, შესაწირავი ქებისა”, რაც ნიშნავს: ჩვენ შემოგწირავთ იმ უსისხლო მსხვერპლს, რომელიც არის წყალობა და მადლი ღვთისა, რომელიც ადამიანებს მოგვეცა ღვთისაგან ნიშნად ღმერთისა და კაცის შერიგებისა.

ამის შემდეგ მღვდელი აკურთხებს და დალოცავს მორწმუნეებს წმ. სამების სახელით: “მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვა-რული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა, იყავნ თქუენ ყოველთა თანა”. მორწ-მუნე ერიც იგივეს უსურვებს მღვდელს და პა-სუხობს: “და სულისაცა შენისა თანა”. მღვდელი განაგრძობს: “ზე გვაქვდინ გულნი”, ე.ი. უფლისადმი ავამაღლოთ გულები ჩვენნი. ამაზე მორწმუნენი პასუხობენ: “გვაქვს უფლისა მიმართ”, ე.ი. ჩვენ ავმაღლდით უფლისადმი და შევემზადენით დიდი საიდუმლოს შესასრულებლად.

მოამზადებს რა თავის თავსა და მორწმუნეთ წმ. საიდუმლოსათვის, მღვდელი გადადის საიდუმლოს შესრულებაზე.

უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ საიდუმლო სერობაზე აღასრულა შემდეგი: 1.ადიდა ღმერთი; 2.აკურთხა და წმიდაჰყო პური და ღვინო; 3.ზიარების შემდეგ სერობა დაამთავრა მამა ღმერთისადმი ლოცვით: “მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა” (იოანე 17.11). უფლის მსგავსად ჩვენთანაც ძღვნის კურთხევა შედგება სამი ნაწილისაგან: 1.სამადლობელი ლოცვები წმ. შესაწირავის კურთხევის წინ; 2.თვით შესაწირავი კურთხევა; 3.მოწოდება ზეციური ეკლესიის წევრებისა და ლოცვა ქვეყნიური ეკლესიის წარმომადგენლებისა ცოცხალთა და მიცვალებულთათვის. მსგავსად იესუ ქრისტესი, რომელიც მადლობდა მამა ღმერთს წმ. ზიარების წინ საიდუმლო სერობაზე, მღვდელი იწვევს მორწმუნეებს ღვთისადმი მადლობის აღსავლენად შემდეგი ასამაღლებლით: “ვმადლობდეთ უფალსა”. მორწმუნენი ამ დროს ღვთისადმი მადლობის გამოსახატავად ხრიან თავებს, გუნდი კი გალობს: “ღირს არს და მართალ თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, სამებისა ერთარსებისა და განუყოფელისა”. ამ დროს ირეკება ეკლესიის ზარები, ნიშნად იმისა, რომ დაიწყო უმთავრესი ნაწილი ლიტურგიისა – წმ. ძღვნის კურთხევა, მათთვის, ვინც რაიმე მიზეზის გამო ვერ მოახერხა ეკლესიაში მისვლა, რათა ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში აღავლინონ ღვთის დიდება. მღვდელი ამ დროს კითხულობს საიდუმლო ლოცვას, სადაც აქებს ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს უსასრულობას; მადლობს ღმერთს ადამიანის შექმნისა და გამოხსნისათვის, მოწყალებისათვის და იმისათვის, რომ ღირს-გვყოფს ჩვენგან უსისხლო მსხვერპლის მიღებას, რომელსაც ემსახურებიან ათასეულნი და ბევრეულნი ანგელოზნი. “მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი” – მღვდლის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები არის წინასწარმეტყველ ეზეკიელისა (1.4-24) და მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის (აპოკალიფსი 4.6-8) სიტყვები, რომელთაც წინასწარ იხილეს მეუფე დიდებისა გარშემორტყმული ანგელოზებით, რომელნიც უღაღადებდნენ “წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა”. ამის გალობის დროს მღვდელი შეუდგება მეორე საიდუმლო ლოცვის კითხვას, სადაც იხსენებს საიდუმლო სერობასა და იმ სიტყვებს, რომლებიც წარმოსთქვა მაცხოვარმა წმ. ზიარების საიდუმლოს დაწესებისას, რომელთაც წარმოსთქვამს დიდი ხმით: “მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა” და “ჰსუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქუენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა”. ამის შემდეგ მღვდელი იხსენიებს მაცხოვრის აღთქმას ზიარების შესრულებაზე (“ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა”), ადიდებს მაცხოვრის ტანჯვა-წამებას, რითაც მან გამოისხნა კაცობრიობა, მის ჯვარცმას, აღდგომას, ამაღლებასა და მეორედ მოსვლას. ამ დროს დიაკონი მოწიწებით აღამაღლებს ბარძიმ-ფეშხუმს, მღვდელი კი წარმოსთქვამს: “შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის” ე.ი. შენს მიერ ბოძებულს შენ შეგწირავთ ღმერთო ყველაფრისათვის, – შენი აღთქმის შესასრულებლადაც და ყველა იმ ტანჯვისათვის რამაც მიანიჭა ადამიანებს ხსნა. მორწმუნენი ამაზე პასუხობენ: “შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით შენ ღმერთო ჩვენო”. ამის შემდეგ სრულდება სული წმიდის მოწვევის ლოცვები. მღვდელი განსაკუთრებული მოკრძალებით შესთხოვს უფალს სული წმიდის გარდამოვლენას მორწმუნეებზე და წინამდებარე ძღვენზე, განსაწმედელად და საკურთხებლად. ამის შემდეგ მღვდელი ხელაპყრობილი სამჯერ წარმოსთქვამს მესამე ჟამნის ლოცვას: “უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი...” დიაკონი ტროპარის პირველი წაკითხვის შემდეგ ამბობს: “გული წმიდაი დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა”, მეორედ კი იტყვის: “ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან”. მღვდელი აკურთხებს ფეშხუმზე პურს სიტყვებით: “და ჰყავ უკუე პური ესე...”. “ამინ”. შემდეგ აკურთხებს ღვინოს: “ხოლო ბარძიმსა ამას შინა...”, “ამინ”. და ბოლოს აკურთხევს ორივეს: “შესცვალე სულითა შენითა წმიდითა”. “ამინ, ამინ, ამინ”.

აი, უმთავრესი და უწმიდესი ადგილი ლიტურგიისა. ამ დროს პური და ღვინო გარდაიქმნება ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად მაცხოვრისა. ღვთისმსახურნი და ყველა მორწმუნენი ტაძარში უდიდესი მოწიწებით ასრულებენ წმ. შესაწირავის წინ მეტანიას. მღვდელი წმ. ძღვენის კურთხევის შემდეგ მოიხსენებს მათ, ვისთვისაც შეიწირა ეს მსხვერპლი და უპირველეს ყოვლისა წმინდანებს, რამეთუ მათი სახითა და მათი მეოხებით წმიდა ეკლესია განიმზადებს აღთქმულ ზეციურ სასუფეველს. ამ წმინდანებიდან ჩვენ განსაკუთრებით გამოვყოფთ ღვთისმშობელს: “უმეტესად ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა...” მორწმუნენი ამაზე პასუხობენ ღვთისმშობლის საგალობლით: “ღირს არს ჭეშმარიტად...” მღვდელი განაგრძობს საიდუმლო ლოცვებს: 1.მიცვალებულთათვის; 2.ჯანმრთელობისათვის: ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთათვის; მოიხსენებს აგრეთვე წმ. კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, ღვთივ-დაცულ ერს, მთავრობასა და მხედრობას; შემდეგ იხსენებს ეკლესიის მამამთავარს, რაზეც მორწმუნენი პასუხობენ: “ყოველთა და ყოვლისათვის”, ე.ი. მოიხსენე უფალო ყველა მორწმუნე მამაკაცი და დედაკაცი. შემდეგ მღვდელი ლოცულობს საიდუმლოდ ქალაქისა (სოფლისა) და მას შინა მცხოვრებთათვის, ლოცვას ამთავრებს ასამაღლებლით: “და მომეც ჩვენ უფალო ერთითა პირითა და ერთითა გულითა, დიდებად და გალობად ყოვლად პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა...” ამის შემდეგ მღვდელი აკურთხებს მორწმუნე ერს: “და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა”.

წმ. ძღვენის კურთხევის ლოცვები მთავრდება თხოვნითი კვერექსით, რომელსაც დაემატება თხოვნა შეწირული და განწმედილი პატიოსანი ძღვნისათვის. ამ კვერექსში ითხოვს მღვდელი, რათა ღირს-ყოს მორწმუნენი წმ. საიდუმლოს მიღებისა. კვერექსი მთავრდება ასამაღლებლით: “და ღირს მყვენ ჩვენ, მეუფეო, კადნიერებით დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა ზეცათა ღვთისა მამისა და თქმად”. აღნიშნული ასამაღლებლის შემდეგ, რომელსაც მღვდელი წარმოსთქვამს ხელაღპყრობით, მორწმუნენი გალობენ საუფლო ლოცვას “მამაო ჩვენოს”. ამ დროს დიაკონი, რომელიც დგას აღსავლის კარის წინ, იკეთებს გინგილას ჯვარის სახედ იმიტომ: 1.რომ არ ჩამოუვარდეს იგი და დაუბრკოლებლივ ეზიაროს; 2.რათა გამოხატოს თავისი მოკრძალება წმ. ძღვენისადმი მსგავსად სერაფიმებისა, რომლებიც უფლის მსახურებისას იფარავენ სახეს თავიანთი ფრთებით (ისაია 6.2-3). შემდეგ მღვდელი აკურთხებს მრევლს და როდესაც ეს უკანასკნელი დიაკონის მოწოდებაზე “თავნი თქვენნი...” თავს მოხრიან, საიდუმლოდ ავედრებს მათ უფალს, რომ დაუსჯელად აზიაროს ისინი წმ. საიდუმლოს. აქ იხურება აღსავლის კარები და კრეტსაბმელი. მღვდელი დიდი კრძალვითა და შიშით აღამაღლებს ფეშხუმზე წმ. ტარიგს და ამბობს: “წმიდაა წმიდათა”. აზრი ამ სიტყვებისა შემდეგია: წმიდა შესაწირავი შეიწირება მხოლოდ წმინდანებისაგან. მორწმუნენი დარწმუნებულნი თავიანთ ცოდვასა და უღირსებაში, სასოებით აღავლენენ: “ერთ არს წმიდა ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, სადიდებელად ღვთისა მამისა. ამინ”. ამის შემდეგ ღვთისმსახურნი ეზიარებიან ქრისტეს ხორცსა და სისხლს ცალ-ცალკე, მსგავსად მოციქულთა. წმ. ზიარების დროს მორწმუნეთა შორის დიდი სულიერი აღმაფრენისათვის იგალობება საგანგებო საგალობლები, ზოგჯერ ითქმის ქადაგებანი.

სამღვდელო პირთა ზიარების შემდეგ იხსნება კრეტსაბმელი და აღსავლის კარები ერისკაცთა საზიარებლად, რაც სიმბოლურად გვახსენებს მიწის ძვრას, რომელიც თან მოჰყვა ქრისტეს აღდგომასა და საფლავიდან ლოდის გადაგორებას. ზიარების შემდეგ მღვდლის ბარძიმით გამოსვლა ამბიონზე მოასწავებს იმას, რომ იესუ ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა ხალხს, ხოლო ბარძიმის საკურთხეველში შესვენება ნიშნავს მაცხოვრის ზეცად ამაღლებას.

დიაკონის მოწოდებაზე: “შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით”, ერისკაცნი შიშითა და მოკრძალებით გულზე ხელგადაჯვარედინებულნი ამბობენ ზიარების ლოცვას (ამ ლოცვას ზიარების წინ კითხულობენ ასევე სამღვდელო პირნიც), რომელშიც აღიარებენ თავიანთ რწმენას ქრისტესადმი და ითხოვენ მისგან წმ. საიდუმლოს ღირსებით მიღებას. მღვდელი აზიარებს ერის ხალხს მაცხოვრის ხორცითა და სისხლით. ზიარების შემდეგ ზიარებულნი ემთხვევიან ბარძიმს გარედან და დააყოლებენ ღვინოს თბილი წყლით ანუ სარღვნელს, რათა პირის ღრუში არ დარჩეს მცირე ნაწილაკიც კი წმ. ხორცისა.

ერისკაცთა ზიარების შემდეგ საკურთხეველში შესული მღვდელი ფეშხუმზე დარჩენილ წმ. ნაწილებს ჩაუშვებს ბარძიმში, რაც ნიშნავს მათ წმ. სისხლით განწმენდა-განბანას მათი ცოდვებისაგან. შემდეგ მღვდლის მიერ ხდება ერის კურთხევა: “აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი”. ამაზე მგალობელნი პასუხობენ: “ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და განუყოფელსა სამებასა თაყვანი ვცეთ, რათა გვაცხოვნეს ჩვენ”, რაც ნიშნავს, რომ წმ. ზიარებისაგან განვიწმიდებით ცოდვებისაგან და ვხედავთ ღვთის ნათელს. დიაკონს ფეშხუმი გადააქვს სამკვეთლოზე, მღვდელი მიიღებს ბარძიმს და დაბალი ხმით ამბობს: “კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი”. წმ. ბარძიმით აკურთხებს ხალხს და ხმამაღლა იტყვის: “ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე”, და გადაასვენებს სამკვეთლოზე. ეს არის უკანასკნელი გამოვლინება წმ. შესაწირავისა ხალხისადმი. მისი სამკვეთლოზე გადასვენება და მღვდლის ასამაღლებელი გვახსენებს იესუ ქრისტეს ზეცაში ამაღლებასა და მის აღთქმას: “და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”. მორწმუნენი წმ. შესაწირავის წინაშე ხრიან თავებს, როგორც უშუალოდ ქრისტეს წინაშე და მადლობენ ღმერთს წმ. საიდუმლოს მიღებისათვის. აქ იკითხება უკანასკნელი სამადლობელი კვერექსი, რომელიც მთავრდება მღვდლის ასამაღლებლით: “რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო...”

წმ. შესაწირავის ტრაპეზიდან სამკვეთლოზე გადასვენებითა და კვერექსით მთავრდება საღმრთო ლიტურღია. მღვდელი მიმართავს მორწმუნეებს: “მშვიდობით წარვიდეთ” ე.ი. მშვიდობით გავიდეთ ტაძრიდან. ამაზე მორწმუნენი პასუხობენ: “სახელითა უფლისათა”. ამის შემდეგ მღვდელი გამოდის საკურთხევლიდან და ამბიონის წინ კითხულობს ლოცვას, სადაც იგი კვლავ შესთხოვს მაცხოვარს ხსნას ერისას, ეკლესიის, ღვთისმსახურთა და ყოველთა ქრისტიანთა კეთილდღეობას.

ამბიონის ლოცვის დამთავრების შემდეგ მორწმუნენი კვლავ აღავლენენ ლოცვას ღვთისადმი ამ სიტყვებით: “იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე”. შემდეგ იკითხება სამადლობელი ფსალმუნი 33-ე “ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა...” ეს ის ფსალმუნია, რომელსაც ძველად მორწმუნეთა ზიარებისას გალობდნენ ქრისტიანები. ამის შემდეგ მღვდელი უკანასკნელად აკურთხებს ხალხს: “კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა...” და ბოლოს ასრულებს ჩამოლოცვას, სადაც ყოვლად-წმიდა ღვთისმშობლისა და სხვა წმინდანების შუამდგომლობით სთხოვს ღმერთს მორწმუნეთა შეწყალებასა და კეთილდღეობას. გუნდი გალობს მრავალჟამიერს. მორწმუნენი ემთხვევიან ჯვარს და მიიღებენ წმ. სეფისკვერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „გზა ტაძრისაკენ“ ბათუმი, 2009 წ.