ლილიბეუმის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლილიბეუმის ბრძოლა
პირველი პუნიკური ომი ნაწილი
First Punic War Sicily 7 248-241BC.svg
სიცილია ძვ. წ. 241 წელს.
თარიღი ძვ. წ. 250
მდებარეობა ლილიბეუმი
შედეგი რომის გამარჯვება
მხარეები
Spqrstone.jpg რომის რესპუბლიკა Carthage standard.svg კართაგენი
მეთაურები
Spqrstone.jpg გაიუს ატილიუს რეგულუსი
Spqrstone.jpg ლუციუს მანლიუს ვულსონ ლონგუსი
Carthage standard.svg ჰიმილკონი
ძალები
~100,000 ~10,000

ლილიბეუმის ბრძოლა — ბრძოლა, რომელიც გაიმართა პირველი პუნიკური ომის მეთოთხმეტე წელს სიცილიაში, ქალაქ ლილიბეუმთან.

პანორმუსის ბრძოლის შემდეგ, რომაელები ისევ გათამამდნენ და განიძრახეს წარმატების განვითარება და ქალაქ ლილიბეუმის აღება, ვინაიდან ამ ქალაქის ხელში ჩაგდების შემდეგ ადვილად შეძლებდნენ ომის ისევ ლივიაში გადატანას.

ალყის დასაწყისი[რედაქტირება]

პანორმაში ჩავიდა რომაული ფლოტი[1] აქედან კონსულები გაიუს ატილიუს რეგულუსი და ლუციუს მანლიუს ვულსონ ლონგუსი დასავლეთისკენ წავიდნენ და ლილიბეუმს ალყა შემოარტყეს[2]. ქალაქს მაგარი გალავანი ჰქონდა და გარშემო თხრილით იყო დაცული. ქალაქთან რომაელები ორი მხრიდან დაბანაკდნენ. ბანაკებს შორის კი თხრილი და კედელი ააგეს. პორტი კი 15 მსუბუქი გემით დაბლოკეს. შემდეგ ზღვისპირა კოშკს მიუდგეს ალყის ხელსაწყოები. ტარანების, კატაპულტების და სხვა იარაღების მეშვეობით, მათ დაანგრიეს 6 კოშკი.

ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა 10 000 დაქირავებული ჯარისკაცი იყო, რომლებსაც ჰიმილკონი მეთაურობდა[3]. ეს უკანასკნელი მტკიცედ იდგა თავის პოზიციებზე, იგი ან ახალ კედლებს აგებდა, ან თხრილებს აკეთებდა რომაელთა ნაგებობების ქვეშ. მისი რაზმები ხშირად გადიოდნენ დასაზვერად, თუ რისი დაწვა შეეძლოთ რომაელებისთვის. ამ რაზმებს ხშირად მოსდიოდა სისხლისმღვრელი შეტაკებები. კართაგენელებმა მიწით ნახევარმთვარის ფორმის კედელი ააშენეს. რომაელებმა მის ქვეშ გვირაბი გააკეთეს, მაგრამ კართაგენული გვირაბით იყვნენ ნეიტრალიზებულნი. რომაელი მთხრელები დაიღუპნენ, რადგან კართაგენელებმა მათი გვირაბის ხის ბოძები დაწვეს.

ამასობაში, დაქირავებულთა რამდენიმე მეთაურმა გადაწყვიტა ღალატი და ქალაქის რომაელთათვის გადაცემა. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ჯარისკაცები მათ მიემხრობიან და ღამე რომაელთა ბანაკში გადავიდნენ, სადაც კონსულებთან მოლაპარაკება დაიწყეს. მაგრამ ეს შეთანხმება ჩაიშალა, რადგან ერთ-ერთმა დაქირავებულმა ამბავი ჰამილკონს მიუტანა. ამ უკანასკნელმა კი შეკრიბა ქალაქში დარჩენილი მეთაურები და ერთსულოვნებისთვის დიდძალ საჩუქრებს დაპირდა. ამრიგად, ქალაქი არ ჩაბარდა. შეთქმულებმა კი თავი რომაელებს შეაფარეს.

კართაგენელთა ესკადრის ძირითადი ნაწილი დრეპანაში იდგა, მას ატარბალი მეთაურობდა. ჰანიბალმა მოახერხა შესაფერისი ქარის დროს 50 გემით ქალაქში შეღწევა ჯარებით, საკვებით და ფულით[4]. რომაელებმა ვერ მოახერხეს მისთვის ხელის შეშლა. ჰანიბალის წარმატებამ გაათამამა ალყა შემოტყმულები. ჰიმილკონმა გადაწყვიტა ესარგებლა ამ მომენტით და დაიწყო ბრძოლისთვის მზადება.

ბრძოლა[რედაქტირება]

გამთენიისას ჰიმილკონმა გამოიყვანა ჯარი და თავს დაესხნენ რომაულ ნაგებობებს. რომაელებისთვის ეს არ იყო მოულოდნელობა. მათ მტკიცე წინააღმდეგობა გაუწიეს კართაგენელებს. მალე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ქალაქიდან დაახლოებით 20 000 ჯარისკაცი იყო გამოსული. ბრძოლა მით უფრო სასტიკი იყო, რომ არანაირი საბრძოლო წყობა არ იყო დაცული. განსაკუთრებით ცხარე ბრძოლა ნაგებობებთან იყო. კართაგენელები ნაგებობებს ნაკვერჩხლებს და ჩირაღდნებს ესროდნენ, რომაელების მდგომარეობა ძალიან გართულდა, მათ უკვე ძალიან უჭირდათ კართაგენელების შეკავება. ჰამილკონი ხედავდა, რომ ძალიან ბევრი მეომარი დაიღუპა, მაგრამ მიზანი მიღწეული არ იყო, ამიტომ ბრძანა უკან დახევა.

პარალელურად, დიოდორეს თანახმად რომაელები მეორე მხრიდან კედლის აღებას ცდილობდნენ, მაგრამ კართაგენული ჯარი დროულად მოვიდა და უკუაქცია რომაელები. პოლიბიუსი ამის შესახებ არაფერს არ წერს.

ბევრი კართაგენელი ცდილობდა რომაული ბლოკადის გემებით გარღვევას. ზოგს გამოსდიოდა კიდეც, ყველაზე წარმატებული ჰანიბალ როდოსელი იყო, რომელმაც არაერთხელ შეაღწია ლილიბეუმში. თუმცა, რომაელებმა კაშხალი ააღენეს და ორი გემი დაიჭირეს, ერთერთი როდოსელის იყო, ჰანიბალიც ტყვედ ჩავარდა.

რომაელები ანგრევდნენ კედელს, კართაგენელები აღადგენდნენ, მათ უკვე უარი თქვეს რომაული ნაგებობების აღებაზე. ქარიშხალი ამოვარდა და დააზიანა რომაული მანქანები. ამით ისარგებლეს კართაგენელებმა და ცეცხლი დაუშინეს ნაგებობებს და მანქანებს. ხანძარი მალე გავრცელდა. რომაელებს ამ კატასტროფამ ელდა დასცა, მათ ვერაფრით ვერ შეაჩერეს ხანძარი. ცეცხლმა სრულიად გაანადგურა რომაული ნაგებობები და მანქანები.

ალყის გაჭიანურება[რედაქტირება]

რომაელებმა ქალაქის გარშემო თხრილი გააკეთეს და ლოდინი დაიწყეს. ლილიბეუმელებმა აღადგინეს კედელი. რომიდან სიცილიაში 10 000 მეზღვაური გააგზავნეს ალყის მხარდასაჭერად. რომის ფლოტის ნაწილი, კონსულ პუბლიუს კლავდიუს პულქერის მეთაურობით დრეპანისკენ წავიდა, სადაც სასტიკად დამარცდა და ფლოტის უმეტესი ნაწილი დაიღუპა.

კონსული ლუციუს იუნიუს პული კი სიცილიაში წამოვიდა არმიისთვის სურსათის მოსატანად. იგი სიტაკუზებში გაჩერდა, საიდანაც კვესტორებს გაატანა სატვირთო გემები ლილიბეუმში სურსათის ჩასატანად.

საზღვაო მოქმედებები ლილიბეუმთან[რედაქტირება]

ამ დროს დრეპანაში მდგომმა ადმირალმა ატარბალმა კარტალონი 100 გემით ლილიბეუმისკენ გაუშვა, იქ მდგომი რომაული ფლოტიდან რამდენსაც მოახერხებდა შეეპყრო, დანარჩენი კი დაეწვა. კარტალონმა მისია წარმატებით შეასრლა, რითაც რომაელთა რიგებში შეშფოთება გამოიწვია.

ჰიმილკონმა ამით ისარგებლა და ქალაქიდან ჯარისკაცები გამოუშვა. კართაგენის ფლოტის მეთაური კი ლილიბეუმიდან ჰერაკლიუმისკენ დაიძვრა, რათა გზა ჩაეკეტა რომაული გემებისთვის. კართაგენელებმა მათთან შებრძოლება განიძრახეს. კვესტორებმა შორიდან შეიტყვეს კართაგენული საშიშრიოების შესახებ, მათ ჩათვალეს, რომ არ არიან ბრძოლისთვის მზად და თავი უახლოეს რომაულ ქალაქს შეაფარეს. იქიდან მათ ნაპირზე კატაპულტები და ქვების სასროლები გადმოიტანეს.

კართაგენელებმა ჩათვალეს რომ ადვილად დაეუფლებოდნენ რომაულ ფლოტს. მაგრამ რომაელები თავდადებით იბრძოდნენ და კართაგენელთა ნადავლი საკმაოდ მცირე აღმოჩნდა. მათ თავი იქვე მდინარის შესართავს შეაფარეს. ამ დროს სირაკუზებიდან კონსული გამოვიდა დანარჩენი ფლოტით. მან არაფერი იცოდა წინ წასული გემების შესახებ. კართაგენის ფლოტის მეთაურმა როდესაც შეიტყო რომაელთა მოახლოვების შესახებ, გავიდა ზღვაში, რათა მეორე ფლოტისგან მოშორებით შებრძოლებოდა მათ.

იუნიუსნმა რომ დაინახა კართაგენული ფლოტი, ამჯობინა ბრძოლისთვის თავი აეცილებინა და გაჩერდა კლდოვანმ ნაპირებთან. საბოლოოდ რომაულ ფლოტს ბოლო კართაგენელებმა კი არა შტორმმა მოუღო.

მოიხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, რომაელებმა მაინც არ მოხსნეს ლილიბეუმის ალყა.

ძვ. წ. 242 წლის ზაფხულში კართაგენული ფლოტის სადგომები ქალაქთან გაიუს ლუტაციუს კატულუსმა ახალი ფლოტის მეშვეობით აიღო.

ჩიხში შესულ დაპირისპირებას ლილიბეუმთან ბოლო მხოლოდ ომის დასრულებამ მოუღო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ოროზიუსის თანახმად 200 გემი, დიოდორეს თანახმად 240 დიდი და 60 მსუბუქი გემი.
  2. ოროზიუსის თანახმად რომაული არმია 4 ლეგიონისგან შედგებოდა, დიოდორე კი 110 000 ადამიანე საუბრობს, თუმცა აქედან უმეტესი წილი მენიჩბეები იქნებოდნენ, ჯარისკაცი კი არა უმეტეს 30 -40 ათასისა.
  3. დიოდორეს თანახმად 7 000 ქვეითი და 700 მხედარი.
  4. პოლიბიუსის თანახმად მან 10 000 მეომარი ჩაიყვანა, დიოდორესთან მხოლოდ 4 000.