ლიგური მოსულიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოსულიშვილი.
ლიგური მოსულიშვილი
დაბ. თარიღი 10 ივნისი, 1933(1933-06-10)
დაბ. ადგილი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 5 აპრილი, 2010(2010-04-05) (76 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი და ბიოქიმიკოსი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ნათესავ(ებ)ი მიხო მოსულიშვილი
ხელმოწერა
საიტი ligurimosulishvili.blogspot.com

ლიგური მიხეილის ძე მოსულიშვილი (დ. 10 ივნისი, 1933, არაშენდა — გ. 5 აპრილი, 2010, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1933 წლის 10 ივნისს გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში. დედა, ანეტა დავითის ასული ჩომახაშვილი (1915 – 1992) იყო დიასახლისი, ხოლო მამა, მიხეილ ილიას ძე მოსულიშვილი (1914 – 1995) – ბუღალტერი.

1953 წლის მაისში დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა. ამავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინების დიპლომით 1958 წელს და ამავე წლის 18 სექტემბერს აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის მიწვევით ჩაირიცხა უმცროს მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში. 1968 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა საკანდიდატო დისერტაცია ექსპერიმენტულ ფიზიკაში, ხოლო 1985 წელს კი მეცნიერებათა დოქტორის დისერტაცია ნუკლეარულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში.

1959 წლის სექტემბერში დაქორწინდა გიული ალექსანდრეს ასულ ქვარიანზე (1933 – 2007). ჰყავდა ორი შვილი: კახა (1961-2011) და მაია (1963-2015).

ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის ლაბორატორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად მუშაობდა კარსნის ლაბორატორიაში მარგანეცის მადნის ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის (ნაა) ექსპრეს მეთოდების დამუშავების პრობლემებზე. იყენებდა ნეიტრონების იზოტოპურ წყაროებს: რადიუმი -> ალფა -> ბერილიუმი და პოლონიუმი -> ალფა -> ბერილიუმი. ამ წყაროების გამოყენებით მისი ჯგუფის მიერ დამუშავდა მარგანეცის მადნებში Mn-ის განსაზღვრის ექსპრეს მეთოდები (1958 – 1961 წლები).

საქართველოში ბირთვული რეაქტორის ამუშავების შემდეგ საჭირო გახდა ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის ლაბორატორიის შექმნა. მას დაეკისრა ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელობა. ამ მისიას ასრულებდა 1961 – 1975 წლებში. კვლევითი სამუშაოები ძირითადად გამიზნული იყო ბიოლოგიურ ობიექტებში მეტალთა იონების შესასწავლად. ამგვარ ობიექტთა შორის აღსანიშნავია ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების, ზურგის ტვინის სითხის, ბიოფსირემული ქსოვილების, უჯრედის ძირითადი კომპონენტების: ერითროციტების, ლიმფოციტების, მიტოქონდრიების, ცილებისა და შრატების მიკროელემენტური შემცველობისა და განაწილების კანონზომიერებათა შესწავლა.

ნაა–ს ლაბორატორიაში ფრიად საყურადღებო შედეგები იყო მიღებული დაბალტემპერატურული ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზის მეთოდების გამოყენებით. დაბალტემპერატურული დასხივების ტექნიკის შექმნით ფიზიკის ინსტიტუტის რეაქტორს ეკავა წამყვანი პოზიცია და ამ მეთოდებით შესაძლებელი გახდა მცირე მასის (მიახლოებით 0,5 მილიგრამი) მოლეკულური პრეპარატების მულტიელემენტარული ნაა. ამ პერიოდში მისი ჯგუფის მიერ შექმნილი მთელი რიგი შრომებისა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ლიტერატურაში.

1968 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხოლო 1985 წელს კი სადოქტორო დისერტაცია.

ბიოლოგიური ობიექტების სპექტრალური კვლევების განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წლიდან ნაა-ის ლაბორატორიის ბაზაზე უკვე ინსტიტუტის ახალ კორპუსში ჩამოყალიბდა ბიოლოგიური ობიექტების სპექტრალური კვლევების განყოფილება. ლიგური მოსულიშვილს დაევალა ამ განყოფილების ორგანიზება და სათანადო კვლევების ხელმძღვანელობა. ამ დროიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბიოლოგიური სისტემების ექსპერიმენტული კვლევების შესაძლებლობა, რომელთა შორის ნაა-ის მეთოდების გამოყენებას ისევ ძირითადი ადგილი უკავია. ამ პერიოდში მის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შორის ფრიად მაღალი მეცნიერული ღირებულება აქვს შრომას, რომელიც ეძღვნება საქართველოს ტერიტორიაზე 1970 – 1980 წლებში მცხოვრები პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანების სისხლის მიკროელემენტური შემცველობის შესწავლას ფართო ასაკობრივ შუალედში (14 – 107 წლები). ამ შრომაში მიღებულ შედეგებს მეცნიერი განვიხილავდა, როგორც ბიოლოგიის კონსტანტებს.

ლიგური მოსულიშვილის მიერ შესრულებუილ გამოკვლევებში ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს უკავია მნიშვნელოვანი ადგილი. ჩერნობილის ეტიოლოგიის რადიონუკლეიდური ნაკადის შემოჭრა საქართველოში პირველად დაფიქსირებულ იყო მის ლაბორატორიაში 1986 წლის 2 მაისს. ამ დღიდან დაწყებული 2000 წლის ბოლომდე (თოთხმეტი წლის განმავლობაში) მის ლაბორატორიაში სრულდებოდა სისტემატური დაკვირვება სასიცოცხლო გარემოში ჩერნობილის ეტიოლოგიის რადიონულეიდების აკუმულაციისა და მიგრაციის პროცესების შესწავლისთვის. ამ პრობლემის ირგვლივ შესრულებული პუბლიკაციები გამოქვეყნებულია სამეცნიერო ლიტერატურაში.

ილია ფრანკის ნეიტრონული ფიზიკის ლაბორატორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიზიკის ინსტიტუტის ბირთვული რეაქტორის დაკონსერვების შემდეგ ლიგური მოსულიშვილმა ნაა-ის ექსპერიმენტები გააგრძელა დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი, კერძოდ, ილია ფრანკის ნეიტრონული ფიზიკის ლაბორატორიაში. ამ კვლევების შესრულებაში უაღრესად დიდია ამ ლაბორატორიის აქტივაციური ანალიზის სექტორის სამეცნიერო ხელმძღვანელის, დოქტორ მარინა ვლადიმერის ასულ ფრონტასიევას[1] როლი. 1999 – 2006 წლებში ლიგური მოსულიშვილის ლაბორატორიამ შეასრულა მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რომლებიც აისახა დუბნის პრეპრინტებსა და საჟურნალო სტატიებში. გარდა ამისა, დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის ორი საავტორო პატენტი გამოგონებაზე წყალმცენარე სპირულინის სელენშემცველი და ქრომშემცველი სამკურნალო პრეპარატების დამზადების ორიგინალური ტექნოლოგიის დამუშავებისა და მათი გამოყენების თვალსაზრისით[2].

საერთაშორისო პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიგური მოსულიშვილის ლაბორატორიის მიერ საერთაშორისო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრში (ISTC) 1999 წელს წარდგენილმა პროექტმა G-348 (ნელი წიბახაშვილი) კალიფორნიის ლოურენს ბერკლის ინსტიტუტის დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, 2001 წელს, ასევე ISTC–ის ეგიდით, შესრულდა პროექტი G-408, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლიგური მოსულიშვილი, ხოლო კოლაბორატორის როლს ასრულებდა დევიდ გლაზგოვი[3], ოუკ რიჯის ეროვნული ლაბორატორიის (ეს ლაბორატორია ფუნქციონირებს ოუკ რიჯის მაღალნაკადიან რეაქტორზე) ქიმიური და ანალიზური განყოფილების ხელმძღვანელი. ამ პროექტით შესწავლილი იქნა ტოქსიკური და მძიმე მეტალების როლი წყალმცენარე სპირულინას კულტივაციის პროცესში. ამ კვლევის შედეგები იბეჭდებოდა პრესტიჟულ უცხოურ ჟურნალებში.

ნილს ბორი საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წლის 13–17 მაისს საქართველოში სტუმრად მყოფი ნილს ბორი ესტუმრა ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის (ნაა–ს) ლაბორატორიას, რომლის ხელმძღვანელი იყო ილია ნასყიდაშვილი და სადაც ლიგური მოსულიშვილიც მუშაობდა. თავის მოგონებების წიგნში „ეპიზოდები ფიზიკოსების ცხოვრებიდან“[4] ლიგური მოსულიშვილი ასე იხსენებს ამ ნობელიანტს:

ვიკიციტატა
„გარეგნულად ეს დიდი მეცნიერი გამოიყურებოდა მხნედ. მას ჰქონდა ხორბლისფერი კანი და ბრგე, ნამდვილი სპორტსმენის გარეგნობა. ნილს ბორი ყურადღებით ისმენდა მის პატივსაცემად წაკითხულ მოხსენებას. ჩემზე განუზომელი შთაბეჭდილება დატოვა ამ მხცოვანი მეცნიერის მიერ გამოჩენილმა ყურადღებამ მომხსენებლის მიმართ. მას ჰქონდა დიდი, ჭაღარა, მარაოს მსგავსი წარბები და წამწამები. მომხსენებლის მიერ წარმოთქმული ფრაზების მოსმენის დროს მისი რეაქცია გამოისახებოდა თვალების ხამხამის სიხშირით: თუ ინტერვიუს თარგმანი ინგლისურ ენაზე ზუსტი იყო, მისი თვალების ხამხამის სიხშირე იზრდებოდა, ხოლო თარჯიმანის მიერ ნაკლებად გასაგები ფრაზების მოსმენის დროს, მისი თვალების ხამხამის სიხშირე კლებულობდა. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სხვისი მოხსენების მოსმენის ასეთი მაღალი კულტურა მე ცხოვრებაში შემდეგ აღარ შემხვედრია.“

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Liguri Mosulishvili, Nelly Tsibakhashvili, Elene Kirkesali, Linetta Tsertsvadze, Marina Frontasyeva, Sergei Pavlov - Biotechnology in Georgia for Various Applications[მკვდარი ბმული] საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე, ტ. 2, #3, 2008 - BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES, vol. 2, no. 3, 2008
  • L.M. Mosulishvili, E.I. Kirkesali, A.I. Belokobylsky, A.I. Khizanishvili, M.V. Frontasyeva, S.S. Pavlov, S.S. Gundorina (2002), J. Pharm. Biomed. Anal., 30(1): 87.
  • L.M. Mosulishvili, E.I. Kirkesali, A.I. Belokobylsky, A.I. Khizanishvili, M.V. Frontasyeva, S.F. Gundorina, C.D. Oprea (2002), J. Radioanal. Nucl. Chem. Articles, 252 (1): 15-20.
  • L.M. Mosulishvili, M.V. Frontasyeva, S.S. Pavlov, A.I. Belokobylsky, E.I. Kirkesali, A.I. Khizanishvili (2004), J. Radioanal. Nucl. Chem., 259 (1): 41-45.
  • A.I. Belokobylsky, E.N. Ginturi, N.E. Kuchava, E.I. Kirkesali, L.M. Mosulishvili, M.V. Frontasyeva, S.S. Pavlov, N.G. Aksenova (2004), J. Radioanal. Nucl. Chem., 259 (1), 65-68.
  • L.M. Mosulishvili, A.I. Belokobylsky, E.I. Kirkesali, M.V. Frontasyeva, S.S. Pavlov, N.G. Aksenova (2007), J. Neutron Res., 15(1): 49.
  • M.V. Frontasyeva, E.I. Kirkesali, N.G. Aksenova, L.M. Mosulishvili, A.I. Belokobylsky, A.I. Khizanishvili (2006), J. Neutron Res., 14 (2): 1-7.
  • L.M. Mosulishvili, A.I. Belokobylsky, A.I. Khizanishvili, E.I. Kirkesali, M.V. Frontasyeva, S.S. Pavlov (2001), Patent of RF No. 2209077, priority of March 15.
  • L. M. Mosulishvili, A. I. Belokobylsky, E.I. Kirkesali, M.V. Frontasyeva, S.S. Pavlov (2002), Patent of RF No. 2230560, priority of June 11.
  • N.Ya. Tsibakhashvili, M.V. Frontasyeva, E.I. Kirkesali, N.G. Aksenova, T.L. Kalabegishvili, I.G. Murusidze, L.M. Mosulishvili, H.-Y.N. Holman (2006), Anal. Chem. 78: 6285-6290.
  • N.Ya. Tsibakhashvili, L.M. Mosulishvili, E.I. Kirkesali, T.L. Kalabegishvili, M.V. Frontasyeva, E.V. Pomyakushina, S.S. Pavlov (2004). J. Radioanal. Nucl. Chem., 259 (3): 527-531.
  • N. Tsibakhahsvili, T. Kalabegishvili, L. Mosulishvili, E. Kirkesali, S. Kerkenjia, I. Murusidze, H.-Y. Holman, M.V. Frontasyeva, S.F. Gundorina (2008), J. Radioanal. Nucl. Chem. (accepted).
  • N. Tsibakhashvili, N. Asatiani, M. Abuladze, B. Birkaya, N. Sapozhnikova, L. Mosulishvili, H.-Y. Holman (2002), Biomed. Chrom., 16: 327.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]