ლეო ქიაჩელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეო ქიაჩელი
დაბადების თარიღი 7 (19) თებერვალი, 1884
დაბადების ადგილი ობუჯი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 19 დეკემბერი, 1963(1963-12-19)[1] [2] (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[1]
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
ფსევდონიმი Leo Kiacheli
საქმიანობა მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხარკოვის უნივერსიტეტი და ჟენევის უნივერსიტეტი
ჟანრი მოკლე რომანი, მოთხრობა და რომანი
Magnum opus ჰაკი აძბა და გვადი ბიგვა
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და შრომის წითელი დროშის ორდენი
გავლენა მოახდინეს

ლეო ქიაჩელი (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ მიხეილის ძე შენგელაია) (დ. 19 თებერვალი [ ძვ. სტ.7 თებერვალი], 1884, სოფ. ობუჯი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი ― გ. 19 დეკემბერი, 1963, თბილისი) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონმა დაწყებითი განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მისი ლიტერატურული მოღვაწეობის პირველი ნაბიჯები, მისი პირველი მოთხრობა „სიზმარი“ მოსწავლეთა ხელნაწერ ჟურნალ „მომავალში“ იწერება. მომავალი მწერლის გიმნაზიაში სწავლის წლები, საქართველოში რევოლუციური მოძრაობის გაძლიერებას ემთხვევა. ლეონი იმ პერიოდის ქუთაისელი ახალგაზრდების რევოლუციურ ლიდერს ალ.ჯაფარიძეს უახლოვდება და 1904 წელს მოსწავლეთა პირველ პოლიტიკურ გაფიცვას უდგება სათავეში. 1904 წელს ლეო ქიაჩელი ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ირიცხება, თუმცა უნივერსიტეტი 1 წელიწადში იხურება, ქიაჩელი კი სამშობლოში ბრუნდება.

რევოლუციური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეო ქიაჩელი ხარკოვიდან დაბრუნების შემდეგ ხელმეორედ ებმება რევოლუციურ საქმიანობაში. 1906 წელს მას შეიარაღებულ რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის აპატიმრებენ. 1907 წელს, ქუთაისის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას გვირაბი გაჰყავს საპატიმროს ქვეშ და ამ გზით ათავისუფლებს ორგანიზაციის წევრებს. მწერალმა ეს ამბავი მოგვიანებით რომან „სისხლში“ აღწერა. [3]

ემიგრაციის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წელს ლეო ქიაჩელი მოსკოვში მიემგზავრება, სადაც 5 წელიწადს ცხოვრობს და მთელ დროს ლიტერატურულ საქმიანობას უთმობს. მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა„,წარსული აწმყოში“ 1907 წლის 7 მაისს ქვეყნდება გაზეთ „ჩვენ აზრში“. პირველად სწორედ ამ მოთხრობის გამოქვეყნებისას ირჩევს ავტორი ფსევდონიმს ლ.მიხაძე, რომელსაც მალევე ქიაჩელით ანაცვლებს. 1912 წელს ქიაჩელი ჟენევისუნივერსტიეტში სასწავლებლად მიემგზავრება, ხოლო 1917 წელს სამშობლოში ბრუნდება.

ფსევდონიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფსევდონიმი ქიაჩელი სავარაუდოდ ლეო ქიაჩელის სოფელ, ობუჯში დასვენებული ხატის სახელწოდებიდან უნდა მომდინარეობდეს, რომელსაც ძველ სამეგრელოში, ქიაჩს უწოდებნენ. [4]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეო ქიაჩელის ლიტერატურული მოღვაწეობა სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც რუსეთსა და საქართველოში ფეხს იკიდებს ევროპული დეკადანტურ-მოდერნისტული ესთეტიკა და განწყობები, რაც ახალგაზრდა მწერლის შემოქმედებაში სკეპტიციზმის ელემენტების სიუხვით გამოიხატება და შემდგომ წლებშიც თან სდევს მის ნაწარმოებებს. [5] 1907 წლის 7 მაისს სოციალდემოკრატიულ გაზეთ „ჩვენ აზრში“ ლეონ შენგელია, ფსევდენიმით ლ.მიხაძე აქვეყნებს მოთხრობას „წარსული აწმყოში“, რომელშიც შენგელიების ოჯახში მიხა შენგელიას საპატიმროდან განთავისუფლების აღსანიშნავი წვეულებაა აღწერილი. [6] მწერლის შემოქმედებითი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მის მიერ შვეიცარიაში გატარებული წლები. აქ ლეო ქიაჩელს საშუალება ეძლევა საფუძვლიანად გაეცნოს იმდროინდელ ევროპულ ლიტერატურას. სწორედ შვეიცარიაში ცხოვრებისას ქმნის მწერალი თავის პირველ რეალისტურ რომანს„,ტარიელ გოლუა“, რომელიც გაზეთ „სახალხო ფურცელში“ 1916 წელს იბეჭდება. 1922 წელს იბეჭდება მოთხრობა „ისკანდერი“, 1923 წელს „მე და ჩემი ორი მე“ 1925 წელს გამოდის „ალმასგირ კუბულან“. 1927 წელს „თავადის ქალი მაია“. 1933 წელს „ჰაკი აძბა“ და „დახურული წარმოდგენა“, ხოლო 1936-1937 წლებში იბეჭდება „გვადი ბიგვა“, რომელიც 1941 წელს სახელმწიფო პრემიით ჯილდოვდება. 1948 წელს გამოდის მწერლის უკანასკნელი რომანი „მთის კაცი“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემატიკას ეხება. მწერალი მეორე მსოფლიო ომის ამბებს მამისა და შვილის ურთიერთობის ფონზე აღწერს. ლეო ქიაჩელი მწერლობის გარდა აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრი ცხოვრებაშიც, იგი იყო გაზეთ ლომისის რედაქტორი და მრავალი ჟურნალ-გაზეთის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეო ქიაჩელი შემოქმედების პირველ ხანებში ძირითადად ნოველებს ქმნის. მისი სტილი იმდროინდელი ევროპული მოდერნიზმის ნამდვილ მაგალითს წარმოადგენს. პირველი პერიოდის ნაწარმოებები რევოლუციური შემართების კრახითაა ნაკარნახევი და წარმოადგენს მწერლის სულიერი სამყაროს გახლეჩილობას რწმენასა და ურწმუნოებას შორის.

ლეო ქიაჩელის პირველი პერიოდის ნაწარმოებებში თავს იჩენს უიმედო დამოკიდებულება სიყვარულისადმი („ჯადოსანი“„,სტეფანე“„,ისკანდერი“) მიუხედავად იმისა, რომ ლეო ქიაჩელის ადრეულ ნოველებში აშკარად იგრძნობა მოდერნისტული ესთეტიკის ნაკადი„,ჰაკი აძბა“ და „თავადის ქალი მაია“ გვაგრძნობინებს, რომ მწერლისათვის მოდერნისტული წერის სტილი არაა ერთადერთი და რომ მას რეალისტური პროზის წერაც შეუძლია, ამდენად ლეო ქიაჩელის შემოქმედება სპეციალურ ლიტერატურაში ორ ეტაპად იყოფა, როდესაც მასში ჭარბობს მოდერნიზმის ელემენტები და როდესაც მწერალი უბრუნდება ქართული ლიტერატურისთვის დამახასიათებელ რეალიზმს.

ლეო ქიაჩელის შემოქმედებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს მის რომანებს: „ტარიელ გოლუა“, „გვადი ბიგვა“, „სისხლი“ და „მთის კაცი“. მკვლევრები მიუთითებენ რომ ლეო ქიაჩელმა თავისი რომანები საქართველოს გარდაქმნის პერიოდის რამდენიმე ეტაპს მიუძღვნა. „ტარიელ გოლუა“ მოგვითხრობს 1905 წლის რევოლუციის პერიოდზე. რომანში „სისხლი“ აღწერილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის პერიპეტიები. „გვადი ბიგვას“ სიუჟეტი შეეხება საქართველოში კოლექტივიზაციის პერიოდის შემდგომ მოვლენებს „მთის კაცი“ კი მეორე მსოფლიო ომს.

ლეო ქიაჩელის რომანები ხასიათდება მცირე ფორმებით, ერთგვარად ისინი ნოველისტური თხრობის ელემენტებსაც ატარებენ.

ლეო ქიაჩელი წერდა საბავშვო მოთხრობებსაც, რომელთა ერთ-ერთ მთავარ მოტივს მამა-შვილობის თემა წარმოადგენს, რაც მძაფრად იგრძნობა მის ნოველებსა და რომენებშიც (ალმასგირ კიბულან, გვადი ბიგვა, ტარიელ გოლუა, მთის კაცი) ლეო ქიაჩელი საბავშვო მოთხრობებს სხვადასხვა ასაკი ბავშვებისათვის წერდა. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი მწერალია, რომელმაც შექმნა მოთხრობა ფანტასტიკის ჟანრში „ხეთიანის საიდუმლო“. [6]

სიუჟეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობა ჯიუტის სიუჟეტი ქართულ სოფლებში კოლექტივიზაციის დაწყების პარალელურად ვითარდება. მოთხრობაში აღწერილია მოხუცებული გლეხის, ბაადურის ამბავი, რომელიც სიბერისგან ლოგინადაა ჩავარდნილი, მისი შვილი კი სოფლის კოლექტივიზაციას უდგას სათავეში. შვილი ბაადურს კოლექტივის შესახებ უყვება, აცნობს სოფლის მეურნეობაში ახალი შესაძლებლობების შესახებ, რაც მოხუც გლეხს ძალიან მოსწონს, თუმცა ვერაფრით ეგუება იმ ამბავს რომ სოფლის კოლექტივმა მისი ღობე დაანგრია. მოხუცს სინდისი ქენჯნის და სიზმრად თავის მამას ნახულობს. ეს ამბავი მას აიძულებს უკანასკნელი ძალები მოიკრიბოს და ღამით, ჩუმად ისევ შემოღობოს თავისი მიწა. ბაადური წამოდგება, დანგრეული ღობის სარებიდან ყველაზე დიდს ამოარჩევს, მოიქნევს და მიწაში ჩაასობს, თუმცა სარის მიწაში ჩასობისთანავე მისი სხეულიც უსულოდ ეცემა. [7]

დახურული წარმოდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობაში „დახურული წარმოდგენა“ ლეო ქიაჩელი მოგვითხრობს ერთობ ექსპერიმენტალური სპექტაკლის შესახებ, სადაც სიუჟეტის მიხედვით თავისი მეგობრის მიწვევით მოხვდება და ძალიან უცნაური სცენოგრაფიის მოწმე გახდება. სპექტაკლის მოქმედება მიმდინარეობს სცენაზე, რომლის მიღმა დიდი ეკრანია და ხშირად სიუჟეტის მოქმედება ეკრანზე ინაცვლებს. მწერალი აღგვიწერს თავის განცდებს, რომელიც ამ უცნაური სანახაობის ყურებისას ეუფლება. სცენაზე მიმდინარე პიესაში თავდაპირველი მოქმედება სოფლის განაპირა ტყეში მიმდინარეობს, სადაც გოგონა თავისი მომაკვდავი დედისთვის იშვიათ ბალახს ეძებს. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად იცვლება სივრცე და სოფლისა და ტყის გარემოს ქალაქის კონტურები ანაცვლებს, იცვლება დრო და სივრცე და ამასთან ერთად იცვლებიან პერსონაჟები. მოთხრობაში აღწერილი პიესის სიუჟეტი სიმბოლურად მიგვანიშნებს ათიან-ოციანი წლებში მიმდინარე რევოლუციური გარდაქმნების შესახებ, რომელთან ეთადაც იცვლება პერსონაჟთა ბუნება. [8]

ალმასგირ კიბულან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობა „ალმასგირ კიბულან“ მოგვითხრობს სვანი მამა-შვილის ალმასგირისა და გივერგილას ტრაგიკულ ამბავს. ალმასგირ კიბულანი და მისი ვაჟი, მონადირე გივერგილა სვანეთისა და სამეგრელოს საზღვართან ტყის მჭრელთა ბრიგადაში მუშაობდნენ. მათ ხის უზარმაზარი ძელები მდინარე ენგურის კალაპოტით სოფელ ჯვრამდე ჩაჰქონდათ. მოიჯარე ფიფიას დავალებით, ძელების გასათავისუფლებლად მდინარეში შესული გივერგილა ტალღებში გაუჩინარდა. შვილის დაკარგვით განრისხებული ალმასგირი მოიჯარე ფიფიასთან მიიჭრა, გონდაკარგულმა მოიჯარე მოკლა და მდინარე ენგურის კალაპოტს გაჰყვა, მან მანამდე იარა სანამ ზღვას არ მიადგა. ალმასგირს ზღვის ტალღებში თავისი მომღიმარი შვილი მოელანდა და ღონემიხდილი თავადაც გაჰყვა ტალღებს.

თავადის ქალი მაია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„თავადის ქალი მაია“ ტრაგიკული მოთხრობაა, რომელშიც აღწერილია ბოლშევიკების მიერ ქონებაჩამორთმეული ქალის ტრაგიკულ ამბავს. თავადის ქალი მაია ზღვისპირა ქალაქში მიემგზავრება, სადაც მას თავისი ახალგაზრდა საყვარელი ბონდო ელოდება. მაიას თან მოახლე გოგონა დაფინო და მეეტლე ამბაკო ახლავს. ნაწარმოების სიუჟეტიდან ირკვევა რომ ბონდოს თავადის ქალი აღარ უყვარს, რადგან მას დაფინო უამბობს რომ ბონდო მას გაეარშიყა. მაია გადაწყვეტს ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ბონდო და მას დაფინოსთან ღამის გატარებას სთავაზობს, რაზეც ბონდო უარს ეუბნება, თუმცა მაია საქმეს ისე მოაწყობს, რომ ბონდო და დაფინო კარავში მარტო აღმოჩნდებიან, კარავში მარტო დარჩენილი ბონდო დროს იხელთებს და დაფინოს მოეხვევა, რა დროსაც კარავში მეეტლე ამბაკო შემოდის, რომელსაც დიდი ხანია უყვარს დაფინო და ამ სცენის შემხედვარე, განრისხებული კლავს ბონდოს. მოთხრობის ბოლო სცენაში მაია და დაფინო ზღვაში ღრმად შეცურავენ, მაია გოგონას თხოვს რომ ნაპირიდან თავშალი მოუტანოს, დაფინო ნაპირისკენ გაცურავს, მაგრამ როდესაც უკან დაბრუნებას გადაწყვეტს მაია აღარსად ჩანს. [8]

ტარიელ გოლუა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი მოგვითხრობს უბრალო გლეხის, ტარიელ გოლუას ამბავს, რომელსაც მომავალი რევოლუციის ბედი აღელვებს. რომანის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენს მისი ვაჟი, ლევან გოლუა, რომელიც რომანის დასაწყისში თავის შეყვარებულს, აზნაური დავითის, შვილს იტაცებს და მის ამალასთან ბრძოლაში ებმება. ამ ამბას იგებს ტარიელ გოლუა, რომელიც აზნაურ დავითთან მოსალაპარაკებლად მიდის. ისინი გადაწყვეტენ რომ ლევანი ქალს დააბრუნებს, ოღონდ თავად უვნებელი უნდა დარჩეს. ლევანს უჭირს საყვარელი ქალის დათმობა, მაგრამ ტარიელი მას დააიმედებს, რომ საბოლოოდ იგი მოახერხებს მიზნის მიღწევას.

გაივლის დრო, სოფელში რევოლუციური მუხტი იფეთქებს, რომლის სათავეშიც ლევანი და მისი მეგობარი ბეჟანა დგანან. აზნაური დავით სიფრთხილეს იჩენს, იგი გადაწყვეტს თავისი შვილი გაიოზ გადალანდიას მიათხოვოს, იმ პირობით თუ იგი ლევანს მოკლავს. გაიოზი დაუახლოვდება ლევანს და ერთ-ერთ საქმეზე ერთად წავლენ. თინა, რომელმაც გაიოზის განზრახვა იცის ამ ამბავს ტარიელს შეატყობინებს, თუმცა იგი შვილს ცოცხალს ვერ მიუსწრებს. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდგომ ტარიელ გოლუას ციხეში ჩასვამენ. ლევანის მკვლელი გაიოზი ქალაქში მიდის ჟანდარმად სამუშაოდ, საბოლოოდ კი მას ლევანის მეგობარი ბეჟანა კლავს. [8]

ჰაკი აძბა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჰაკი აძბა“ ლეო ქიაჩელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, მეტიც, იგი ითვლება მწერლის Magnum opus-ად.

ნაწარმოებში მოქმედება სოხუმში ვითარდება. რევოლუციის განთიადზე ქალაქს ბოლშევიკების გემი, კრეისერ „შმიდტი“ მოადგა. ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა ისინი ქალაქში შემოუშვან, რაც ყველაზე მეტად თეთრგვარდიელ უჯუშ ემხას არ აწყობს. ბოლშევიკები ქალაქში შემოვლენ. მიუხედავად დიდი მცდელობისა, უჯუშ ემხა ვერ შეძლებს მათ თავი აარიდოს და ორმხრივ სროლაში მოკლავს ეკიპაჟის ერთ წევრს, ერთს კი დაჭრის. გემის კაპიტან კუზმა კილგას ტყვედ აჰყავს საბჭოს თავმჯდომარე ბექირბი ჩაჩბა და ქალაქს ულტიმატუმს უყენებს, დაიჭირონ და ჩააბარონ უჯუშ ემხა.

უჯუშის ამ თავგადასავალს შეიტყობს მისი ძუძუმტე, ჰაკი აძბა და მის საძებნელად გაეშურება, ისინი მთაში გახიზვნას გადაწყვეტენ, თუმცა გაიგებენ რომ ხალხმა ტყვეტ უჯუშის ოჯახის წევრები აიყვანეს. ისინი იძულებულნი ხდებიან ჩაბარდნენ. ჰაკი აძბა ძმადნაფიცის დანაშაულს თავის თავზე აიღებს, თუმცა უჯუშ ემხა ბოლო წამს დაიყვირებს და ქალაქის თავი სამსონ დავანაძე ორივეს გემზე გაგზავნის. კუზმა კილგა უჯუშ ემხას დახვრეტას ბრძანებს ჰაკის კი ათავისუფლებს, მაგრამ ჰაკი აძბა არ ნებდება და კუზმა კილგას თხოვს მისი ძუძუმტე შეიწყალოს. საბოლოოდ ჰაკი აძბა ზღვაში გადაეშვება უჯუშ ემხასთან ერთად.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეო ქიაჩელი სამწერლობო მუშაობის გარდა, აქტიურ სამოქალაქო საქმიანობასაც ეწეოდა. იგი იყო გაზეთ „ლომისის“ რედაქტორი და რამდენიმე ჟურნა-გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი. შექმნა სცენარები ფილმებისთვის: „ნარინჯისფერი ველი“, „გვადი ბიგვა“, „ტარიელ გოლუა“, „თავადის ქალი მაია“.

მწერლის ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობები და ნოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წარსული აწმყოში
  • ისკანდერი
  • მე და ჩემი ორი მე
  • ალმასგირ კიბულან
  • თავადის ქალი მაია (1927)
  • ჰაკი აძბა (1933)
  • დახურული წარმოდგენა
  • ESCALADE
  • შეურაცხყოფილი
  • ზღაპარი ბედნიერებაზე
  • კრიმანჭული
  • გაწყვეტილი სიმი
  • ტაბუ
  • რაც იყო და არ იყო
  • სიზმარი და სინამდვილე
  • სტეფანე
  • ჯადოსანი
  • ერთი თავგადასავალი

საყმაწვილო მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფაცურა და გიშერა
  • მეგობრები
  • მეგობრები
  • გულწითელა და მიმინო
  • ნატვრისთვალი
  • ჭინკა ბიჭი
  • თიხის მონადირე
  • ზღვა, მზე და ოთარიკო
  • ნახატის საიდუმლო
  • პატარა ბიძინა და დიდი ქუჩა
  • იოთამის ფრთები
  • ერთი თავგადასავალი
  • არსენა
  • ბაია და მელია
  • ირემა
  • დათუჩა
  • ხეთიანის საიდუმლოება

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა და მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის 2 ორდენითა და მედლებით. დასაფლავებულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვართაგავა ი., ლეო ქიაჩელი, თბ., 1966;
  • თოფურია ა., ლეო ქიაჩელის ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1977;
  • კვანჭილაშვილი ტ., ლეო ქიაჩელი, თბ., 1955;
  • ჩიჩუა შ., ლეო ქიაჩელი, თბ., 1965;
  • ცისკარიძე ვ., უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები, ნაკვ. 2„ თბ., 1984;
  • ჭილაია ს., ლეო ქიაჩელი, თბ., 1954 (საჯარო ლექციის სტენოგრამა);
  • ჯიბუტი ვ., ლეო ქიაჩელი, თბ., 1971;
  • შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსიტიტუტი. XX საუკუნის ქართული ლიტეტატურა. თბ. 2016. გვ 388
  • ავთანდილ ნიკოლეოშვილი, XX საუკუნის ქართული მწერლობა. ქუთაისი 2002. გვ 221
  • ლეო ქიაჩელი - თხზულებათ 4 ტეომეული. ტ.2 გამ. „საბჭოთა საქართველო“ თბილისი 1984
  • ლეო ქიაჩელი - ოთხი მოთხრობა. გამ: ფედერაცია. თბილის 1937

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Киачели Лео // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  3. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსიტიტუტი. XX საუკუნის ქართული ლიტეტატურა. თბ. 2016. გვ 388
  4. ა.თოფურია. ლ.ქიაჩელის ცხვორება და შემოქმედება.თბ. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1977.
  5. ავთანდილ ნიკოლეოშვილი, XX საუკუნის ქართული მწერლობა. ქუთაისი 2002. გვ 221
  6. 6.0 6.1 XX საუკუნის ქართული ლიტეტატურა. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსიტიტუტი. თბ. 2016. გვ 388
  7. ლეო ქიაჩელი - თხზულებათ 4 ტეომეული. ტ. 2 გამ. „საბჭოთა საქართველო“ თბ., 1984
  8. 8.0 8.1 8.2 ლეო ქიაჩელი - ოთხი მოთხრობა. გამ: ფედერაცია. თბ., 1937