ლეკნარის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეკნარის მონასტერი – მონასტრის ნანგრევები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა შავრაში.

მდებარეობს ქვემო რაჭაში, რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მაღალ კლდეზე. ძველად მოიხსენიებოდა როგორც „მთის წმინდა გიორგი“ და ითვლებოდა ძლიერ, ყოვლისშემძლე სალოცავად. აქ მოდიოდნენ მლოცველები დასავლეთ საქართველოს ყოველი მხრიდან. ქართველი დიდებულები და აზნაურები უხვად სწირავდნენ ყმა–მამულებსა და საეკლესიო ქონებას. შემორჩენილია მეფე ბაგრატ V-ის და სოლომონ II–ის მეუღლის, მარიამ დედოფლის მიერ 1795 წელს გაცემული შეწირულობის სიგელები. 1950–იან წლებში ძეგლი შეისწავლა ხელოვნებათმცოდნე მალაქია დვალმა და მან ივარაუდა აქ ოდესღაც მონასტრის არსებობა. გამოკვლევის თანახმად აგრეთვე დადგინდა, რომ ლეკნარის სამონასტრო ანსამბლის ეკლესიის მთავარი ნავი აგებულია IX საუკუნის II ნახევრიდან X საუკუნის I ნახევრამდე, ხოლო ჩრდილოეთი მინაშენი ძეგლზე მოგვიანებით, X საუკუნის დასასრულს ან XI საუკუნის პირველ მესამედში მიაშენეს, ხოლო დასავლეთი მინაშენი კიდევ უფრო გვიანდელია. ეკლესიის მფლობელობაში შედიოდა მდიდარი საეკლესიო ინვენტარი უძვირფასესი ჯვარ–ხატებით, რომელთა დიდი ნაწილი XX საუკუნეში უკვალოდ დაიკარგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გობეჯიშვილი ვ., რაჭის მონასტრები, თბ., 2006
  • ბერაძე თ., რაჭა, თბ., 1983

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8613