ლევან გოთუა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან გოთუა
დაბ. თარიღი 1905, 10 მარტი
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 1973, 30 იანვარი
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი და საზოგადო მოღვაწე
ეროვნება საქართველო
პერიოდი 1941—1973
ჟანრი ისტორიული
დებიუტი 1941
Magnum opus „გმირთა ვარამი“, (1958-1962)

ლევან პართენის ძე გოთუა (დ. 10 მარტი, 1905, თბილისი ― გ. 30 იანვარი, 1973, იქვე) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ცნობილი ქართველი პუბლიცისტის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის პართენ გოთუას (1870-1937) ოჯახში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1941 წლიდან დაიწყო. გოთუას ჟანრული თვალსაზრისით მრავალფეროვან შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“ (1958-1962). მასში ასახულია საქართველოს ყოფა XVI-XVII საუკუნეებში, როცა დაიწყო ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი და დღის წესრიგში დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. რომანში, რომელიც ინტერნაციონალური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, უსაზღვრო პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება, მისი როლი ქვეყნის ისტორიაში. ისტორიული რომანი „მითრიდატე“ (1971, წგნ. I), რომელიც მწერალს დაუმთავრებელი დარჩა, ეხება ქართველური ტომების ბრძოლას გაერთიანებისათვის I საუკუნეში.

ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები „კრწანისის სევდა“ (1944), „ხანძთის ზარი“ (1945), „უგზო ქარავანი“ (1945) და სხვა. მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი: რომანი „ლეკვი ლომისა“ (1963), მოთხრობები „ნისლი ნახატარის ტყეში“ (1959), „ფიქრები თოკის კიბეზე“ (1960), „ფრესკის მეორე დაბადება“ (1961) და სხვა. გოთუა ავტორია დრამებისა „მეფე ერეკლე“ (1942), „უძლეველნი“ (1943), „დავით აღმაშენებელი“ (1945), „სამსახეობა რაინდისა“ (1946), რომლებიც იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

აღსანიშნავია, რომ ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. საბჭოთა რეჟიმის მიერ დაპატიმრებული იყო სამჯერ. თითქმის 20 წელი გაატარა გადასახლებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ვართაგავა ი., თანამედროვე ქართველი მწერლები, თბ., 1971;
  • ცისკარიძე ვ., ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“, «თსუ შრომები» , 1965, ტ. 105;
  • ლევან გოთუა. ბიოგრაფიული ნარკვევი ს. ხუციშვილისა. ბიბლიოგრაფია, შედგ. კ. რამიშვილის და რ. მეგრელიძის მიერ, თბ., 1976;