ლა-ნინია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლა-ნინიას რეგიონული დარტყმები

ლა-ნინია (ესპ. La Niña) — კლიმატური ფენომენი; წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილის უჩვეულოდ ცივი ტემპერატურები. ვლინდება წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ტროპიკულ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ. ლა-ნინია აზრობრივად, ელ-ნინიოს საწინააღმდეგოა. ორივე მოვლენა მჭიდროდ არის დაკავშირებული ატმოსფერული წნევის ცვლილებებსა და მსხვილმასშტაბიანი ცირკულაციის რეჟიმებთან და მიიჩნევა ურთიერთკავშირის საპირისპირო ფაზებად ატმოსფეროსა და ოკეანეს შორის არსებულ რეგიონში, რომლებსაც ერთად „ელ-ნინიო/სამხრეთის რყევა“ ეწოდება. ისინი არღვევენ ტროპიკული ნალექების და ატმოსფერული ცირკულაციის ნორმალურ რეჟიმს და ფართომასშტაბიან გავლენას ახდენენ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილების კლიმატზე, რასაც თან სდევს კლიმატთან დაკავშირებული შესაბამისი რისკები.[1] დადგენილია, რომ ელ-ნინიო და ლა-ნინია 2-იდან 7-წლამდე პერიოდის მსვლელობისას ხდება მხოლოდ ერთხელ და ჩვეულებრივ, გრძელდება 9-იდან 12 თვემდე. ლა-ნინია პოტენციურად კატასტროფულ დარტყმას აყენებს ჩილეს, პერუს, ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და სხვათა სანაპიროების კლიმატს; აგრეთვე ფართო გავლენას ახდენს ჩრდილოეთ ამერიკის კლიმატზე, გარდა ამისა, ეხება ატლანტიკური ქარიშხლების სეზონსაც. ლა-ნინია ხშირად თან სდევს ელ-ნინიოს.[2] ზოგჯერ ლა-ნინიას არაოფიციალურად უწოდებენ „ანტი ელ-ნინიოს“. ტერმინი „ლა-ნინია“ მომდინარეობს ესპანური ენიდან და ნიშნავს „პატარა გოგოს“.

ლა-ნინიას მოვლენები 1950-2011 წლებში.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]