ლატიმერია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლატიმერია
Coelacanth.png
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეკლასი: მტევანფარფლიანები
სახეობა: ლატიმერია
ლათინური სახელი
Latimeria chalumnae

ლატიმერია (ლათ. Latimeria chalumnae) — თევზი მტევანფარფლიანების ქვეკლასისა, პირველად დაიჭირეს 1938 წელს მდინარე ხალუმნის შესართავთან. აღწერა იქთიოლოგმა ჯ. ლ. სმითმა. ლატიმერია ბინადრობს ინდოეთის ოკეანეში — სამხრე-აღმოსავლეთ აფრიკასთან — კომორის კუნძულთან. მისი სხეულის სიგრძე 160 სმ, მასა 80 კგ აღქევს. აქვს მასიური, მსხვილეკლებიანი ქერცლი, კლოაკა და ნაწლავის სპირალური სარქველი. მეორეულად დაკარგული აქვს ქოანები. დედალი ლატიმერიის ორგანიზმში მწიფდება 20 კვერცხი, რომლის დიამეტრია 9 სმ, მასა — 300-350 გ. კვერცხების განაყოფიერება ორგანიზმშივე ხდება. ცოცხლადმშობია. ლატიმერიას არსებობა საინტერესოა, რადგანაც ამ ჯგუფის წარმომადგენლები ამომწყდარი ეგონათ ცარცული პერიოდიდან.

მეცნიერებს აღნიშნული სახეობის თევზი ამომწყდარი ეგონათ წარსული პერიოდიდან. მათივე განცხადებით ათეულობით მილიონი წლების მანძილზე თევზს თითქმის არ შეუცვლია თავისი იერ-სახე.

ლატიმერიის პირველი ეგზემპლარი 1938 წლის 22 დეკემბერს ქალბატონ მარჟორი კორტნი ლატიმერის მეშვეობით იპოვეს. იგი მეთევზის ცოლი იყო და ადგილობრივი მუზეუმის თანამშრომელიც იყო. სწორედ მის პატივსაცემად თევზს ლატიმერია დაერქვა. მეცნიერთათვის ლატიმერიის აღმოჩენა სასიხარულო მოულოდნელობად იქცა. მათი ვარაუდით აღნიშნული სახეობის თევზები 200-300 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ.

შემდგომში ლატიმერიის შესწავლით პროფესორი ჯ.სმითი დაკავდა. პირველი აღმოჩენიდან 14 წლის შემდეგ, 1952 წელს, მან ლატიმერიას კომორის კუნძულებთან მიაკვლია.შედეგად დადგინდა, რომ ლატიმერიები ძირითადად კომორის სამი კუნძულის მახლობლად ბინადრობენ. ესაა გრან-კომორი, მოხელი და ანჟუანი - ინდოეთის ოკეანეში. ხოლო პირველი დაჭერილი ეგზემპლარი შემთხვევით მოხვდა სამხრეთ აფრიკის წყლებში.

1998 წელს ცნობილი იქტიოლოგის - ერდმანის მეუღლე სულავერის ქალაქ მანადოში სეირნობდა. ადგილობრივ ბაზრობაზე მან შემთხვევით უჩვეულო თევზს მოჰკრა თვალი და ადგილობრივ მეთევზეევს მის შესახებ გამოკითხვა დაუწყო. კერძოდ კი, სად იქნა დაჭერილი აღნიშნული ერთეული. ქალმა მეუღლეს სასწრაფო შეტყობინება გაუგზავნა უჩვეულო აღმოჩენის შესახებ. როდესაც ცნობილი იქტიოლოგი ერდმანი სულავესის ესტუმრა მაშინვე შეუდგა ნაპოვნი თევზის შესწავლას. ნაციონალურმა გეოგრაგიულმა საზოგადოებამ მას გრანტიც გამოუყო, რათა კვლევებზე მუშაობა გაადვილებოდა.

1998 წლის 30 ივლისს პატარა ვულკანური წარმოშობის კუნძულ მანადოს სანაპიროსთან მკვლევართა ჯგუფმა ლატიმერიის სხვა ეგზემპლარი აღმოაჩინა.

თევზის საშუალო სიგრძე 124 სანტიმეტრს, წონა კი 30 კილოგრამს უტოლდებოდა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ საერთოდ მდედრი ლატიმერიის სხეულის სიგრძე 130 სანტიმეტრს აღწევს, წონა კი 50 კილოგრამს.

მანადოს მახლობლად აღმოჩენილი პოპულაციის სხეულის შეფერილობა მუქი ლურჯი იყო, კომორის სანაპიროსთან აღმოჩენილი პოპულაციისგან განცხვავებით, რომელიც ყავისფერი იყო.

მას აქვს მასიური, მსხვილეკლებიანი ქერცლი, კლოაკა და ნაწლავის სპირალური სარქველი. მეორეულად დაკარგული აქვს ქოანები. დედალი ლატიმერიის ორგანიზმში მწიფდება 20 კვერცხი, რომლის დიამეტრია 9 სანტიმეტრი, მასა - 300-350 გრამი. ცოცხლადმშობია.

ლატიმერია 1992 წელს სამხრეთ მოზამბიკის ნაპირებთანაც დაიჭირეს. 1995 წელს კი მადაგასკარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მეცნიერები თვლიან, რომ აღნიშნულ ადგილებში ლატიმერიები მოზამბიკის ძლიერი დინების მეშვეობით ხვდებიან.

თუმცა მადაგასკარის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ლატიმერია მათ სანაპიროებთანაც ბინადრობს და ამ თევზის გამოსახულება თავიანთ საფოსტო მარკაზეც მოათავსეს. ლატიმერია კომორის კუნძულების საფოსტო მარკებზეც დომინირებს.

კომორის პოპულაციიას მეცნიერები მუდმივად აკონტროლებენ. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიის მაკს პლანკის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები ზოოლოგ ხ.ფრიკეს ხელმძღვანელობით ზღვის ფსკერზე, 200 მეტრის სიღრმეზე წყალქვეშა აპარატით ჩადიან და თითოეულ თევზს აღნიშნავენ.

დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ ლატიმერია ღამის რეჟიმში ცხოვრობს. ღამით იგი ნადირობას იწყებს და 700 მეტრის სიღრმეზე ეშვება ნადავლის მოსაპოვებლად. დღისით ლატიმერიები წყალქვეშა გამოქვაბულებში ბრუნდებიან, რომლების 150-200 მეტრის სიღრმეზე მდებარეობენ.

მეცნიერების ვარაუდით ინდონეზიის ნაპირებთან ლატიმერიის განსხვავებული პოპულაცია ბინადრობს. მათი განცხადებით ეს შესაძლოა ინდონეზიის არქიპელაგის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში არსებული ვულკანური კუნძულებია.

1989-1991 წლების მონაცემების თანახმად ლატიმერიების რაოდენობა 200-300 ეგზემპლარით შემოიფარგლებოდა. 1994 წლიდან მეცნიერთა დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ ლატიმერიების რიცხვმა საგრძნობლად იკლო.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამის მთავარი მიზეზი ბრაკონიერთა უკანონო საქმიანობაა, რომლებიც მალულად იჭერენ ლატიმერიებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 6, გვ. 141, თბ., 1983