ლამია (მითოლოგია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ლამია“, ჰერბერტ დრაპერი (1909)

ლამია (ბერძნ. Λάμια) ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით იყო ერთ დროს ლიბიის ულამაზესი დედოფალი, რომელიც შემდგომში იქცა ბავშვების მჭამელ საშინელ დემონად. ბერძნული სიტყვა ლამია სიტყვასიტყვით ნიშნავს დიდ ზვიგენს. არისტოფანეს მტკიცებით მისი სახელი წარმოშობილი უნდა იყოს ბერძნული სიტყვიდან laimos (ბერძნ. λαιμός), რაც საყლაპავს ნიშნავს და რომელიც მიუთითებს მის მიერ ბავშვების შეჭმის ამგვარ ჩვეულებაზე.

ზოგის განმარტებით ლამიას წელს ქვემოთ ჰქონდა კუდი, რაც აღწერილია კიდეც 1819 წელს გამოცემულ ჯონ კიტსის ლექსში ”ლამია”.

მითოლოგიური ისტორია[რედაქტირება]

დიოდორე სიცილიელის მიხედვით, ლამია იყო ეგვიპტის მეფის ბელუსის ულამაზესი ქალიშვილი და პოსეიდონისა და ლიბიას შვილიშვილი. მამის სიკვდილის შემდეგ ლამია გახდა მისი ერთ-ერთი კუთვნილი ტერიტორიის ლიბიის დედოფალი. დელფოსში თავისი ვიზიტის პერიოდში ბერძენი მოგზაური და გეოგრაფი პაუსანიასი აღნიშნავს, რომ ლამია იყო პოსეიდონის ქალიშვილი. იგი ასევე აცხადებს, რომ ლამია და ზევსი იყვნენ სიბილის სახელით ცნობილი ჰეროფილის მშობლები.

დიოდორე მიდის იმ დასკვნამდე, რომ ლამიას ჰქონდა ურთიერთობა ზევსთან და მისგან ეყოლა შვილები. ეს ამბავი რომ ზევსის მეუღლემ, ჰერამ შეიტყო, განრისხდა და ბავშვები დახოცა. მწუხარებისაგან შეშლილმა ლამიამ ამის შემდეგ დაიწყო სხვა ბავშვებზე ნადირობა და მათი შეჭმა. დიოდორესავე თქმით მისი სახე საშინლად დამახინჯდა საზარელი ქმედებების გამო. მითოლოგია ხშირად ლამიას გამოსახავს ურჩხულის (გველისებრი არსების) სახითაც. სხვა ვერსიით ჰერამ აიძულა ლამია გადაეყლაპა მისი და ზევსის შვილები და სწორედ ამის შემდეგ გადაიქცა ის ბავშვებისმჭამელ მონსტრად.

ამ ტრაგედიის შემდეგ ზევსმა ლამიას მისცა იმის შესაძლებლობა, რომ ძილის დროს ამოეღო თვალები, რის შედეგადაც ის ძილშიც კი ფხიზლობდა. დიოდორეს ეს მონათხრობი ცოტა გაუგებარია, თუმცა სხვა წყაროების თანახმად ზევსის ამგვარი საჩუქარი ლამიას აძლევდა წინასწარმეტყველების ნიჭსაც.

უფრო გვიანდელი ლეგენდის თანახმად ლამიას წყევლის გამო აღარ შეეძლო თვალების დახუჭვა, რათა მისი მკვდარი შვილების ხატებას მისთვის მოსვენება გაექრო.

ანტიკურ პოეზიაში ჰორაციუსი მიუთითებს ლამიას მიერ შეჭმული შვილების უკან დაბრუნების შეუძლებლობაზე:  Neu pranse Lamiae vivum puerum extrabat alvo., ხოლო პაპი ალექსანდრეს თარგმანის მიხედვით კი ისმის შეკითხვა:  შეუძლია კი ლამიას ჩვენს თვალწინ გადაყლაპოს თავისი შვილები და შემდეგ იმავე საათს დააბრუნოს ისინი უვნებლად?

მაგრამ ლამია მხოლოდ ბავშვების მტაცებელ დემონად არაა ცნობილი, ის ასევე სუკუბუსი და ვამპირიცაა - მას შეუძლია დაიბრუნოს ადრეული შარმი, რათა აცდუნოს მამაკაცები, აქციოს ისინი თავის მსხვერპლად და მათი სისხლი დალიოს.

სტესიქორა ლამიას მიიჩნევს სკილას დედად და ამით ის უკავშირდება კიდევ რამდენიმე მითოლოგიურ პერსონაჟს: ზღვის ღვთაებებს კეტოსა და ფორკისს და ჯადოქარ ჰეკატეს, რადგან სხვა ვერსიების თანახმად ისინიც მიიჩნევიან სკილას დედებად. თუმცა ტრადიციის მიხედვით ამათგან სკილას ნამდვილ დედად მიიჩნევა ფორკისი, რომელიც ამავდროულად მისი ცოლიცაა.

ცნობები ლამიას შესახებ ანტიკურ ხანაში მოგვეპოვება სტრაბონისა (I.II.8) და არისტოტელეს (ეთიკა VII.5) ნაშრომებში, ხოლო ანტონინუს ლიბერალისის განმარტებით ლამია გაიგივებულია ურჩხულ სიბარისთან.