ლაილაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ლაილაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი
თემი ლაილაში
კოორდინატები 42°36′39″ ჩ. გ. 42°51′28″ ა. გ. / 42.61083° ჩ. გ. 42.85778° ა. გ. / 42.61083; 42.85778
ცენტრის სიმაღლე 850
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 262[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლაილაში — საქართველო
ლაილაში
ლაილაში — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ლაილაში
ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ერთ-ერთი ხედი
ოქრონიშის წყარო

ლაილაშისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში.[2] თემის ცენტრი (სოფლები: თაბორი, სურმუში, ღუ). მდებარეობს მდინარეების ლაჯანურისა და ასკისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფი ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 850 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.

ზოგადი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბულ ენაზე „ألف ليلة وليلة“ (ანუ Les Mille et Une Nuits) ქართულად ჟღერს „ალფ ლაილა ვა ლაილა“, რომელიც ნიშნავს „ათას და ერთ ღამეს“. ცხადია, რომ ლაილა არაბული სიტყვაა და ქართულად ის ღამეს ნიშნავს. ინფორმაცია ამ სიტყვის კავშირზე ლაილაშის სახელწოდებასთან არ არის დაზუსტებული, „ლაილაში“ (ანუ ღამეში) შესაძლოა მშვენიერებასთან იყოს გაიგივებული.

ლაილა მწვერვალია სვანეთის ქედზე, მაგრამ მისი კავშირი ამ სოფლის სახელწოდებასთან არაა დადასტურებული.

ლევან გოთუას აქვს მოთხრობა - „ლაილაშური არჩევანი“. ამ მოთხრობაში სრულყოფილადაა ასახული ლაილაშელთა ყოფა-ცხოვრება.

ლაილაშში გადაღებულია ცნობილი ქართული ფილმის - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ კადრები. მთლიანი ფილმის 30 %.

ლაილაშში პოპულარული გვარებია: თვარაძე, ჩაჩხიანი, გოქაძე. ასევე აქ შეხვდებით ჩაჩხიანთა და გოქაძეთა გვარის სახელობის წყლებსაც.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 262 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1882[3] 637
2002[4] 427 204 223
2014[1] 262 122 140

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სამრეკლო

ლაილაში ისტორიული სოფელია. წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. XIV-XIII სს-ის ბრინჯაოს ცულების განძი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმში ინახება. რუსეთში ეს მუზეუმი ერთ-ერთი უდიდესი, უძველესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების გალერეაა.

ბუნებრივი ზღუდეებით ადრიდანვე გამაგრებული მთის ეს რეგიონი მტრის შემოსევისას საქართველოს ბარიდან ატანილ საეკლეისო სიწმინდეთა საცავად ითვლებოდა. საეკლესიო განძსაცავს ლეჩხუმში ხვამლის მთა და მთის მიუვალი სოფლები წარმოადგენდა. ქრონოლოგიურად ამ მხარეში მიკვლეულ უძველეს საეკლესიო წიგნად ლეჩხუმის სოფელ ლაილაშის ხანმეტური პალიმფსესტი სახელდება. ეპარქიის ეკლესია-მონასტრები არა მარტო ბარიდან ატანილ საეკლესიო სიწმინდეთა საცავად ითვლებოდა, არამედ იქ არსებობდა უმნიშნველოვანესი საეკლესიო კულტურის კერები. ეს მხარე ძველი დროიდანვე ცნობილი იყო საეკლესიო ხელსაქმის სკოლებით.

ძველთაგან ქალაქად წოდებული და გარკვეულ პერიოდში ლეჩხუმის სავაჭრო ცენტრი ლაილაში მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. ლაილაშის სასაფლაოზე დგას დარბაზული ტიპის ეკლესია. იქვე არის სამრეკლო. ეკლესია და სამრეკლო XIX საუკუნის დასაწყისით არის დათარიღებული. გადმოცემით იქვე ყოფილა ძველი ეკლესიის შენობა, რომელიც არ არის შემორჩენილი.

ადრე საუკუნეებში ლაილაშის ეკლესიის მსახურთა დიდ ღვაწლეზე მიუთითებს მათ მიერ შექმნილი ოთხთავი, რომელიც თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული და უნიკალურ ძეგლად ითვლება.

სოფელ ლაილაშში, ე.წ. „ბაზარში“ დგას ებრაელთა სალოცავი სინაგოგა. ეს სოფელი ცნობილია მისივე სახელწოდების ბიბლიით; ლაილაშის ბიბლია X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ბიბლიაა, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში აღმოჩენილ იქნა ლაილაშში. 1957 წლიდან ლაილაშის ბიბლია საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. ლაილაშის ბიბლია შესწავლილი აქვს უდიდეს ქართველ სემიტოლოგს — გიორგი წერეთელს.

ლაილაშში იყო ერთ დროს დიდებული დარბაზული ტიპის სომხური ტაძარი, რომელიც ამჟამად ძლიერ დაზიანებულია.

XIX საუკუნის I ნახევარში ლეჩხუმის მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი ლაილაში იყო. იმ ადგილს, სადაც ვაჭრობა მიმდინარეობდა, „ბაზარი“ უწოდეს. ეს ძველი სახელი იმ ადგილმა დღემდე შემოინახა.

ხანძარმა 1904 წელს სოფელი ლაილაშის 150 სახლი მთლიანად განაანადგურა, ამ სოფელში ხის ოდები ერთმანეთთან ახლო-ახლო იყო განლაგებული. თუ ერთი სახლი იწვოდა, ხშირად ცეცხლი მეზობელ სახლებსაც გადაედებოდა. საქართველოს წარმომადგენელმა რუსეთში, ვინმე პაიჭაძემ იმპერატორ ნიკოლოზ II-ს დახმარებისთვის მიმართა, რომელმაც ფულადი სახსრები გამოყო ახალი სოფლის ასაშენებლად. არაფრით არ მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა, თან ზამთარი იყო, თოვლი და ყინვა მეხანძრეებს ძალიან უშლიდა ხელს მუშაობაში. ასე ნადგურდებოდა ხოლმე სახლების დიდი ნაწილი.

1912 წელს აკაკი წერეთელმა იმოგზაურა რაჭა-ლეჩხუმში. პოეტმა ქალაქ ქუთაისიდან 21 ივლისს დაიწყო მოგზაურობა და ამ მოგზაურობის დასასრული ლეჩხუმის სოფელი ლაილაში იყო. სოფელ ლაილაშში პოეტს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს და ღირსეულად გაუმასპინძლდენ. არსებობს 1912 წლის ქართული ფილმი, გადაღებული რეჟისორ ვასილ ამაშუკელის მიერ, სადაც ეს მოგაზურობაა აღბეჭდილი. ამ ფილმში არის ლაილაშის კადრებიც. ცნობილია, რომ აკაკი წერეთელს ლაილაშის საზოგადოებამ ვერცხლის ჯოხი მიართვა. ლაილაშის უძველესი ისტორიული სოფლის საზოგადოება შედგებოდა ქართველებთან ერთად ბერძნებისაგან, ებრაელებისაგან და სომხებისაგან.

ლეჩხუმში პირველი სკოლა ლაილაშში გაიხსნა, რომელიც თავდაპირველად ორკლასიანი იყო.

სოფელ ლაილაშში ყოველი წლის 23 ნოემბერს აღნიშნავენ წმინდა გიორგის დღესასწაულს. 7 ოქტომბერი ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კურთხევის დღეა, ამ სოფლის დიდი დღესასწაული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]