კუ-ნინძები (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუ-ნინძები

ფილმის პოსტერი
ჟანრი სათავგადასავლო კომედია
რეჟისორი სტივ ბერონი
პროდიუსერი საიმონ ფილდსი
კიმ დოუსონი
დევიდ ჩენი
თანაპროდიუსერი:
გრეჰემ კოტლი
აღმასრულებელი პროდიუსერი:
რეიმონდ ჩაუ
სცენარის ავტორი კომიქსი:
კევინ ისტმენი
პიტერ ლერდი
სიუჟეტი:
ბობი ჰერბეკი
ფილმის სცენარი:
ტოდ ლენგენი
ბობი ჰერბეკი
როლებში ჯუდით ჰოუგი
ელიას კოტეასი
კომპოზიტორი ჯონ დუ პრე
ოპერატორი ჯონ ფენერი
მონტაჟი უილიამ გორდინი
სელი მენკი
ჯეიმზ საიმონსი
კინოსტუდია Golden Harvest
დისტრიბუტორი New Line Cinema (აშშ)
გამოსვლის თარიღი აშშ:
30 მარტი, 1990
ჰონკონგი:
აპრილი, 1990
იაპონია:
მარტი, 1991
ხანგრძლივობა 93 წთ
ქვეყანა აშშ
ჩინეთი
იაპონია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 13,500,000 აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 201,965,915 აშშ დოლარი
შემდეგი: კუ-ნინძები II: შლამის საიდუმლო
IMDb პროფილი

კუ-ნინძები (ინგლ. Teenage Mutant Ninja Turtles) — 1990 წლის ამერიკული ფილმი, რომელიც ეფუძნება კუ-ნინძების პერსონაჟების ისტორიებს. მას ასევე მოჰყვა სამი ფილმი - კუ-ნინძები II: შლამის საიდუმლო (1991), კუ-ნინძები III (1993) და 3D ანიმაციური კუ-ნინძები.

ამ ფილმში წარმოდგენილია კუ-ნინძების, მათ აღმზრდელ სპლინტერისა და ეიპრილ ო'ნილის/კეისი ჯონსის გაცნობის ისტორია, მათი შეხვედრა ერთ-ერთ მთავარ მტერთან, შრედერთან და მის 'ფეხის კლანთან'. ძირითადად სიუჟეტი ეფუძნება კომიქსების ორიგინალურ სერიებს (#1, 10-11, 19-21), ფილმის დისტრიბუტორია New Line Cinema (აშშ), ხოლო მსოფლიო მასშტაბით - კომპანია 20th Century Fox.

ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა იმით, რომ კარგად გადმოსცემს კომიქსების ბნელ გარემოს. რამდენიმე ელემენტი აღებული იყო 1987 წელის ანიმაციური სერიალიდან. ძირითადად, ფილმი დადებითად შეაფასეს. ამას დაემატა ის, რომ გამოსვლისათვის ეს იყო ყველაზე შემოსავლიანი დამოუკიდებელი ფილმი. იგი ასევე იქცა ყველაზე შემოსავლიან ფილმად 1990 წელს და ყველაზე წარმატებულად - კუ-ნინძების შესახებ გადაღებული ფილმების სერიაში.

სიუჟეტი[რედაქტირება]

კადრი ფილმიდან

ნიუ იორკის ქუჩებში უსამართლობა სუფევს. მესამე არხის ჟურნალისტი ეიპრილ ო'ნილი ამზადებს სიუჟეტებს კრიმინალის შესახებ. განსაკუთრებულ ყურადღებას იგი ამახვილებს 'ფეხის კლანის' (Foot Clan) არსებობაზე, თუმცა პოლიციის უფროსს სტერნსს მის არსებობაში ეჭვი ეპარება. ღამით ეიპრილს თავს ესხმიან დამნაშავეები, მაგრამ უცნობი პიროვნება აქრობს შუქს და ყველას უმკლავდება. ეიპრილი პოულობს მის იარაღს - საის.

ცნობილი ხდება, რომ ეს უცნობი არის ერთ-ერთი ოთხი მუტანტი კუსგან შემდგარი დაჯგუფებიდან. ესენია ლეონარდო, დონატელო, მიქელანჯელო და რაფაელი. რაფაელი ქალაქში გასეირნებისას შემთხვევით მოხვდება ჩხუბში, სადაც კეისი ჯონსს შეეჯიბრება, მაგრამ კეისი გაუსხლტება. რაფი ბრუნდება შინ, კანალიზაციაში, მაგრამ გზად მეტროს სადგურზე გადაარჩენს ეიპრილს, რომელსაც თავს 'ფეხის კლანელები' ესხმიან. ჟურნალისტი გონს მხოლოდ კუ-ნინძების მიწისქვეშა ბინაში მოეგება. ვირთხა სპლინტერი, მათი მასწავლებელი, მოუთხრობს, თუ როგორ მოხდა მათი გადაქცევა დიდ არსებებად. კუები სტუმრად მიდიან ეიპრილთან, მაგრამ შინ დაბრუნებულები აღმოაჩენენ, რომ მთელი ბინა გადატრიალებულია და სპლინტერი გამქრალია.

ისინი ბრუნდებიან ეიპრილთან. ო'ნილს სტუმრად ეწვევა მისი უფროსი ჩარლზ პენინგტონი, რომლის შვილი, დენი ასევე ხულიგნობს და იპარავს. იგი იქვეა და უჩნდება ეჭვი, ვინაიდან ეჩვენება, თითქოს ეიპრილის ბინაში კუ დაინახა. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ დენი 'ფეხის კლანს' შეუერთდა და თავად გათქვა კუების ადგილსამყოფელს.

რაფაელი მშვიდად სეირნობს ეიპრილის სახლის სახურავზე, მაგრამ მას ამჩნევს კეისი ჯონსი. იგი მოემართება მისკენ. ამასობაში რაფს თავს ესხმიან კლანის წარმომადგენლები. ეიპრილის ბინაში დიდი ბრძოლა იმართება. კეისი, ეიპრილი და ოთხივე კუ ტოვებეს ნიუ იორკს და ეიპრილის ოჯახის ფერმაზე იმალება, ქალაქგარეთ. რაფი დაღვრემილია, ისევე როგორც სხვა კუები. მაგრამ ერთ-ერთი ღამით, მედიტაციისას, ისინი ხედავენ სპლინტერს, რომელიც აიმედებს მათ.

სპლინტერი 'ფეხის კლანის' შტაბ-ბინაშია შეპყრობილი. დენის იგი უხსნის, რომ შრედერი, კლანის ლიდერი, სინამდვილეში არის ოროკუ საკი, რომელმაც მოკლა მისი მასწავლებელი, ჰამატო იოში.

კუები ბრუნდებიან ქალაქში. დენისგან ისინი შეიტყობენ, რომ სპლინტერი შრედერს ჰყავს შეპყრობილი. ისინი, პოლიციასთან ერთად იერიშს მიიტანენ 'ფეხის კლანის' შტაბ-ბინაზე, მაგრამ შრედერთან შერკინებისას მარცხდებიან. მაშინ ჩნდება სპლინტერი, რომელიც სპეციალური საბრძოლო ილეთით ატყუებს შრედერს და მოისვრის მას სახურავიდან. იგი ეცემა სანაგვეში, ხოლო კეისი, ვითომ შემთხვევით, აჭერს ხელს სპეციალურ ღილაკს, რომელიც ნაგავს პრესავს.

'ფეხის კლანის' წევრები აყვანილები არიან პოლიციის მიერ. კუები ზეიმობენ გამარჯვებას.

როლებში[რედაქტირება]

მსახიობი როლი
ჯუდით ჰოუგი ეიპრილ ო'ნილი
ელაიას კოტეასი კეისი ჯონსი
მიშლან სისტი მიქელანჯელო
ლეიფ ტიდენი დონატელო
ჯოშ პაი რაფაელი
დევიდ ფორმენი ლეონარდი
მაიკლ ტერნი დენი პენინგტონი
ჯეი პეტერსონი ჩარლზ პენინგტონი
რეიმონდ სერა შეფი სტერნსი
ჯეიმზ საიტო შრედერი
ტოშიშირო ობატა ტატსუ
სემ როკუელი მთავარი ბოროტმოქმედი
კიტი ფიცგიბონი ჯუნი
ლუი კანტარინი მძღოლი

გახმოვანება[რედაქტირება]

მსახიობი როლი
კორი ფელდმანი დონატელო
ბრაიან ტოჩი ლეონარდო
რობი რისტი მიქელანჯელო
ჯოშ პაი რაფაელი
ლარი პუჩიო სპლინტერი
დევიდ მაკ-ლარენი შრედერი
მაიკლ მაკ-კონოჰი ტატსუ

ჯოშ პაი ერთადერთია, რომელმაც თავისი როლი შეასრულა კამერის წინ და ამავე დროს, პერსონაჟიც გაახმოვანა.

შეფასება[რედაქტირება]

კინოთეატრებში ფილმს დიდი წარმატება ჰქონდა. თუმცა, როჯერ ებერტმა მას მხოლოდ 2 და ნახევარი ვარსკვლავი მიანიჭა, რასაც დაამატა, რომ ეს კუ-ნინძების შესახებ ფილმის ყველაზე საუკეთესო ვერსიაა, რისი გადაღებაც შესაძლო იყო. ძირითადად, ფილმმა დადებითი შეფასება მიიღო ორიგინალურ კომიქსებთან მსგავსების გამო. მიუხედავად იმისა, რომ Rotten Tomatoes-ისგან მან მიიღო 46%-იანი რეიტინგი, მისი მომხმარებლების 76% ფილმს მხარს უჭერდა.

1990 წლის 30 აპრილს შედგა ფილმის პრემიერა აშშ-ში. გამოსვლიდან პირველივე კვირაში იგი აღმოჩნდა რეიტინგების #1 პოზიციაზე, ხოლო შემოსავალმა 25 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აშშ-ში მან მთლიანობაში 135, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - 66 მილიონ დოლარამდე შეკრიბა. საბოლოო გამოთვლებით, შემოსავალმა 200 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა და ფილმი 1990 წლის ყველაზე შემოსავლიან სურათად აქცია.

1991 წლის Saturn Awards-ის დაჯილდოებაზე კუ-ნინძები ნომინირებული იყო საუკეთესო კოსტუმებისა და საუკეთესო ფანტასტიკური ფილმის კატეგორიაში.

გავლენა[რედაქტირება]

ფილმის წარმატებას მოჰყვა გაგრძელებებიც. ერთი წლის შემდეგ გამოვიდა კუ-ნინძები II: შლამის საიდუმლო, ხოლო 2003 წელს - კუ-ნინძები III. თუმცა, ამ ფილმებმა ნაკლები შემოსავალი მოიტანეს და მკვეთრად დაბალი შეფასებაც ჰქონდათ. 2007 წლისათვის დაგეგმილი იყო კიდევ ერთი ფილმის გადაღება, თუმცა საბოლოოდ იგი გამოვიდა 3D ანიმაციური ფილმის სახით. ამჟამად დაგეგმილია კიდევ ერთი სერიის გადაღება, მსახიობების მონაწილეობით.

გადაღება[რედაქტირება]

გადაღება მიმდინარეობდა 1989 წლის ივლისში-სექტემბერში. ფილმის ბიუჯეტი 13.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. სცენების დიდი ნაწილი ჩრდილოეთ კაროლინაში გადაიღეს, ხოლო სხვა ნაწილი - ნიუ იორკში (სხვადასხვა ცნობილი ადგილის კადრში მოსახვედრად). ჩრდილოეთ კაროლინის კინოსტუდიაში გადაღებული იქნა ნიუ იორკის სახურავების სცენებიც, ხოლო დანარჩენი სახურავების სახით გამოყენებულია ფოტოსურათები, რომლებიც დიზაინერებმა გადაიღეს ნიუ იორკში ოთხი თვით ადრე. იქვე ბრუკლინის მიტოვებული მეტროს სადგურის და მიწისქვეშა გვირაბების სცენებიც გადაიღეს.

პრობლემები შეიქმნა კუ-ნინძების შტაბ-ბინის აგებისას - ვინაიდან მათ სახლში გადაღებისას ნამდვილი წყალი ჩაედინებოდა. თავად კუ-ნინძების კოსტუმები შეიქმნა ჯიმ ჰენსონის სახელოსნოში. ჯიმ ჰენსონის თქმით, ეს იყო ყველაზე სრულყოფილი ნამუშევარი, რომელიც იმ დროისათვის შეუქმნია. მათ დასრულებას მთლიანად 18 კვირა დასჭირდა.

DVD[რედაქტირება]

ოფიციალურად ფილმი DVD დისკზე მხოლოდ 2002 წლის 3 სექტემბერს გამოჩნდა. მასში შეტანილი იქნა მხოლოდ სარეკლამო რგოლი და ინტერაქტიული სანავიგაციო მენიუები. ფილმი ასევე MiniDVD ფორმატშიც გამოიცა.

2009 წლის 11 აგვისტოს სპეციალური გამოცემის სახით გამოჩნდა DVD და Blu-Ray დისკები. კრებულში შეტანილია მეორე და მესამე ფილმიც, ისევე, როგორც 2007 წლის ანიმაციური ფილმი. დამატებითი მასალები ამ კრებულში შეტანილი არ არის.

გერმანიაში 2010 წლის 12 მარტს გამოვიდა ფილმის სპეციალური გამოცემა, სტივ ბერონის აუდიოკომენტარებით, განსხვავებული დაბოლოებით და სხვა დამატებითი მასალებით.

მუსიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კუ-ნინძები (საუნდტრეკი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Teenage Mutant Ninja Turtles (1990) / Teenage Mutant Ninja Turtles (2005). Boxofficemojo.com. წაკითხვის თარიღი: September 24, 2006.