კრონოსის სარკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„კრონოსის სარკე“ქართული ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1919 წელს თბილისში (№ 1 - ოქტომბერი, № 2 - ნოემბერი), ახალგაზრდა სიმბოლისტი პოეტების გამოცემა. გამომცემელი — სარედაქციო კოლეგია. დაბეჭდილია ტერენტი გრანელის (წალენჯიხელის), არჩილ კორინთელის, ა. ყანჩელის, ა. ბერიკაშვილის, დემნა შენგელაიას ლექსები და მინიატურები. ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ და ჟურნალ „ხელოვნების“ (1919) განხილვა.

ჟურნალის სახელწოდება აღებულია ბერძნული მითოლოგიიდან (კრონოსი არის ზევსის მამა, ურანოსისა და გეას შვილი). ახალგაზრდა სიმბოლისტების მიერ დაარსებული ჟურნალის მიმართულება და მიზანდასახულობა კარგად ჩანს მის წინათქმაში, სახელწოდებით — „ახალ სამყაროში“, რომელიც სიმბოლიზმის, როგორც კულტურულ-ესთეტიკური მიმდინარეობის, მნიშვნელობის განსაზღვრას, ძველის კრიტიკასა და ახალ ქართულ მწერლობაში მისი ადგილის გამოკვეთას ემსახურება: „ჩვენ დავტოვეთ სინამდვილე, დავგმეთ შავი წარსული და ახალ ფერებთან დავიწყეთ ვრცელი საუბარი...“. ჟურნალში გამოქვეყნდა ტერენტი გრანელის სონეტები და წერილები (ტ. წალენჯიხელის ფსევდონიმით). აგრეთვე, კონსტანტინე გაჩეჩილაძის (იბეჭდებოდა კონნე სპერელლის ფსევდონიმით) „თეთრი გვირგვინოსანი“, „ტერენტი გრანელს“, არჩილ კორინთელის „ძველ პოეზიას“, „ტრიოლეტი“, „ორდიკალიდან“, ირაკლი ყანჩელის (იყენებდა ჰერკულეს ყანჩელის ფსევდონიმს) „შავი ყაბახი“, „შამილის ლოცვა“ და სხვა. ჟურნალის პირველ ნომერში იბეჭდებოდა მხოლოდ პოეტური ნაწარმოებები, მეორე ნომერში კი ლექსებთან ერთად გვხვდება პროზის ნიმუშები, მათ შორის აკაკი ბერიკაშვილისა და დემნა შენგელაიას მინიატურები. ასევე ჟურნალი „ხელოვნების“ (1919) განხილვა, ტერენტი გრანელის რეცენზია, რომელიც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისებს“ ეძღვნება და ავტორისა და, ზოგადად, სიმბოლისტების დამსახურებას წარმოაჩენს თანადროული ქართული მწერლობის განვითარებაში: „ეჭვი არ არის, კერძოდ გაფრინდაშვილის და, საერთოდ, სიმბოლისტების, სახელი წარუშლელი დარჩება ხელოვნების ისტორიაში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შამილიშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 235.
  • სიგუა, სოსო. „მოდერნიზმი“, თბ. „მწერლის გაზეთი“, 2008.