კორნელიოს ასისთავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კორნელიოს ასისთავი
მოციქული პეტრე ნათლავს კორნელიუსს
დაიბადა უცნობია
გარდაიცვალა უცნობია
ხსენების დღე 13 (26) სექტემბერი

კორნელიოს ასისთავი (ბერძნ. Κορνήλιος, ლათ. Cornelius) – რომაელი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ძველი სტილით 13 სექტემბერი, ახალი სტილით – 26 სექტემბერი.

ცხოვრება[რედაქტირება]

წმინდა კორნილიოს ასისთავი მაცხოვრის ჯვარცმისა და ამაღლებიდან მცირე ხნის შემდეგ თრაკიის იტალიიდან პალესტინის კესარიაში გადასახლდა.

ერთხელ, როცა კორნილიოსი საკუთარ სახლში ლოცულობდა, ანგელოზი წარდგა მის წინაშე, ახარა, უფალმა შენი ლოცვა შეისმინაო და უბრძანა, იოპიაში, სვიმონ მეპრატაკესთან გაეგზავნა კაცები სვიმონ-პეტრეს მოსაყვანად. კორნილიოსმა დაუყოვნებლივ შეასრულა ზეციური კურთხევა. მოციქული პეტრე წარმოგზავნილების თანხლებით კორნილიოსთან ჩავიდა. აქ მან შეიტყო, რომ სულიწმიდის მადლით კორნილიოსს ერწმუნა განკაცებული მესია და ახლობლებთან ერთად მონათლა იგი.

ამის შემდეგ წმინდანი თან გაჰყვა პეტრე მოციქულს სახარების საქადაგებლად და მისივე ხელით იკურთხა ეპისკოპოსად. როცა პეტრე წმინდა ტიმოთესა და კორნილიოსთან ერთად ეფესოში ჩავიდა, შეიტყო, რომ სკეფსეოსში განსაკუთრებით ძლიერი იყო კერპთაყვანისმცემლობა. წილი ჰყარეს, თუ ვის ექადაგა ამ ქალაქში. უფალმა კორნილიოსი გამოარჩია.

კორნილიოსი დიდხანს ცხოვრობდა სკეფსეოსში, მრავალი სატანჯველი დაითმინა, ბოლოს კი მთელი ქალაქი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. მისი წმიდა ცხედარი დარღვეული საკერპოს მახლობლად დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]