კორდილიერა-დე-მერიდა
კორდილიერა-დე-მერიდა (ესპ. Cordillera de Mérida) — ქედი ანდებში, ვენესუელის დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კორდილიერების ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ შტოქედი. მასივებისა და ქედების ერთობლიობაა. ვრცელდება ტაჩირის, მერიდის, ბარინასის, ტრუხილიოს, პორტუგესისა და ლარას შტატების ტერიტორიებზე.
სიგრძე დაახლოებით 400 კმ, სიმაღლე 4981 მ (ბოლივარის პიკი). აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური გრანიტებით, გნაისებით, ქვიშაქვებითა და ფიქლებით. ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. ტაჩირის დეპრესია კორდილიერა-მერიდას გამოჰყოფს აღმოსავლეთ კორდილიერებისაგან, რომელიც აყალიბებს საზღვარს ვენესუელასა და კოლუმბიას შორის. სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთები გადაკვეთილია მდინარე ორინოკოს შენაკადების ხეობებით. ჩრდილოეთ ქარპირა კალთები დაფარულია მთის ჰილეით, მშრალი სამხრეთ კალთები და შიგა ხეობები – ქსეროფიტული ბუჩქნარითა და შერეული ტყით. 2800 მ ზევით მაღალი მთის სტეპი და პარამოსია, 4600 მ-ზე მაღლა – მუდმივი თოვლი. ქედზე 5 მყინვარია.
ქედის უკიდურეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს ქალაქი ბარკისიმეტო და მდინარე კოხედესის ზემო წელი. მასივის ცენტრში გაშენებულია ქალაქი მერიდა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ენციკლოპედია – ბრიტანიკა (ინგლისური)
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 663, თბ., 1980 წელი.