კონტრკულტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონტრკულტურას თანამედროვე სოციოლოგიასა და კულტურის მეცნიერებებში, სულ ცოტა, ორი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, ის გამოიყენება იმ სოციოკულტურული ნორმების აღსანიშნავად, რომლებიც ეწინააღმდეგება კულტურის დომინირებულ ფასეულობებსა და ნორმებს. სხვა შემთხვევაში, ის გაიგივებულია 1960-იანი წლების ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ახალგაზრდულ ამბოხთან, რაც თანამედროვე კულტურისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა და მისი, როგორც “მამების კულტურის” უარყოფის გამოხატულება იყო.

ტერმინი[რედაქტირება]

ტერმინი “კონტრკულტურა” დასავლურ ლიტერატურაში 1960-იან წლებში გაჩნდა და იგი პირველად ჰიპებისა და ბიტნიკების ლიბერალურ შეფასებას ასახავდა. ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ სოციოლოგს თეოდორ როზაკს (Th. Rozzack. The Making of a Counter Culture. Garden City, 1969), რომელიც შეეცადა იმ პერიოდის ამერიკულ საზოგადოებაში არსებული გაბატონებული კულტურის საწინააღმდეგო მიმართულებები (სხვადასხვა ფორმით გამოხატული პროტესტი ტრადიციული კონსერვატიული ნორმების, რასობრივი დისკრიმინაცის, ცივი ომის პერიოდის პოლიტიკური კონსერვატიზმის, ვიეტნამის ომის და ა.შ. წინააღმდეგ)გაეერთიანებინა მეტ-ნაკლებად მთლიან ფენომენში - კონტრკულტურაში.

მნიშვნელობა[რედაქტირება]

კონტრკულტურის ნებისმიერი ინტერპრეტაცია გულისხმობს, რომ ეს არის გაბატონებულ კულტურასთან კონფლიქტში მყოფი კულტურა. მისი ფასეულობები და ნორმები ეწინააღმდეგება უმრავლესობის კულტურის ძირეულ ფასეულობებსა და ნორმებს. ეს წინააღმდეგობა სუბკულტურასა და გაბატონებულ კულტურას შორისაც შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, რომელიმე კულტურაში შეიძლება არსებობდეს ეთნიკური სუბკულტურა, რომელიც თავისი ფასეულობებითა და ნორმებით წინააღმდეგობაში იქნება გაბატონებულ კულტურასთან, მაგრამ იგი ვერ ჩაითვლება კონტრკულტურად, რადგან:

  1. კონტრკულტურის ანტიფასეულობები იქმნება როგორც უმრავლესობის კულტურის ოპოზიცია, და არა ტრადიციებიდან გამომდინარე (როგორც, მაგალითად, ეთნიკურ სუბკულტურაში),
  2. კონტრკულტურა შეიძლება შექმნას მხოლოდ გაბატონებული კულტურის წარმომადგენლებმა, რადგან ეს არის სწორედ დომინირებული კულტურის წარმომადგენელთა პროტესტი საკუთარი კულტურის წინააღმდეგ და
  3. სუბკულტურისაგან განსხვავებით, იგი იბრძვის იმისათვის, რომ დაიკავოს გაბატონებული კულტურის ადგილი.

კონტრკულტურა გაცილებით იშვიათი და სპეციფიკური მოვლენაა, ვიდრე სუბკულტურა. მისი წარმოშობის მიზეზები მთლიანად სულიერ (და არა, ვთქვათ, სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ) სფეროშია საძიებელი. კონტრკულტურა არის სულიერი კრიზისი, რომელსაც განიცდის არა მთელი საზოგადოება, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი, რომლის ცნობიერება, მსოფლმხედველობა შეუთავსებელია გაბატონებულ კულტურასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ სულიერ შეუთავსებლობას ყოველ ეპოქაში ვხვდებით, ოღონდ ეს საზოგადოების მხოლოდ უმცირესი ნაწილის - შემოქმედთა და ინტელექტუალთა - ხვედრი თუ პრივილეგიაა.

კონტრკულტურა ვერ იქნება ისეთი მდგრადი, როგორც სუბკულტურა: დაძაბულობა, რომელიც არსებობს მასსა და გაბატონებულ კულტურას შორის, დიდხანს ვერ გაგრძელდება და უნდა მოიხსნას. ეს არ ნიშნავს, რომ კონტრკულტურის ფასეულობები ქრება, მათ შეიძლება კონტრკულტურული ხასიათი დაკარგონ. ამ გარემოებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან: ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის უნდა იყოს კონტრკულტურაზე საზოგადოების რეაქციის შეცვლა, თავად გაბატონებული მსოფლმხედველობის შეცვლა კონტრკულტურის გავლენით, აგრეთვე საკუთრივ კონტრკულტურაში მომხდარი ცვლილებები.