კომისიონერთა გეგმა 1811

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კომისიონერთა მიერ დასახული გეგმის თანამედროვე ასლი (ისე, როგორც ეს ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული).

1811 წლის კომისიონერთა გეგმა (ინგლ. Commissioners's Plan of 1811) იყო ნიუ-იორკის საკანონმდებლო ორგანოს მიერ წამოყენებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მანჰეტენის მიწის გეგმაზომიერ განვითარებასა და გაყიდვას მე-14 ქუჩასა და ვაშინგტონის მაღლობებს შორის. ეს გეგმა ჯვარედინი გეგმის გამოყენების უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ნიმუშია და მრავალ ისტორიკოსთა მიერ ძალიან წინგათვლილ და მრავლისმომცველ ნაბიჯად ითვლება. თუმცა, ზოგიერთი აკრიტიკებს მას პროტოტიპიური მონოტონურობისთვის, რაც ეწინააღმდეგება ძველი ქალაქების ქუჩების არაწესიერ წყობას. ამ გეგმამ განაპირობა მეტწილად ნიუ-იორკის განვითარება ისე, როგორც ის ამჟამად გამოიყურება.

გეგმა ჩამოაყალიბა კომისიამ, რომელიც სამი წევრისგან შედგებოდა: გუვერნერ მორისი, იურისტი ჯონ რაზერფურდი, და მიწის მზომელი სიმეონ დე ვიტი.

გეგმა ითვალისწინებდა კუნძულის ტოპოგრაფიის უგულვებელყოფით ქუჩებისა და ქონების საზღვრების მართკუთხა ნაკვეთებად დაყოფას. გეგმა მოიცავდა 16 დანომრილ და ასოებით აღნიშნულ გამზირს, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ იშლებოდა ჰუდსონის ნაპირის პარალელურად. კუნძულის შუა ნაწილში გამზირები დაიწყებოდა პირველით აღმოსავლეთ მხარეს და გაგრძელდებოდა მეთორმეტემდე დასავლეთით. ამასთან, ის რაც დღეს ცნობილია როგორც "ალფაბეტ-სიტი", იქნებოდა ოთხი დამატებითი გამზირი ავენიუ A-დან ავენიუ D-მდე.

გამზირთა პერპენდიკულარულად ასევე იქნებოდა 155 ორთოგონალური გადამკვეთი ქუჩა. გადამკვეთი ქუჩების დაწყების ადგილი დაფიქსირდა ხუთაკრიანი ნაკვეთების საზღვართან — მიწა, რომელიც უკვე იყო განაწილებული. ამოსავალი წერტილი გადამკვეთი ქუჩებისთვის იყო პირველი ქუჩა: ეს იყო მოკლე და არაფრით გამორჩეული ქუჩა, რომელიც დღესაც არსებობს, იწყება ავენიუ B-სა და ჰაუსტონის ქუჩის გადაკვეთიდან და გრძელდება ბოვერისა და ბლიკერის ქუჩების გადაკვეთამდე. პერეცის მოედანი, პატარა სამკუთხა პარკი, სადაც ჰაუსტონის, პირველი ქუჩები და პირველი ავენიუ იკვეთება, აღნიშნავს ადგილას, სადაც მართკუთხა ქსელი დაიწყებოდა.

ყოველი გამზირი (ავენიუ) უნდა გამხდარიყო ასი ფუტი (30 მ) სიგანის. გამზირები კუნძულის შუაგულთან გაიყოფოდა 922 ფუტით (281 მ), ხოლო გამზირები ნაპირებთან ახლოს უფრო ახლოს იქნებოდა ერთმანეთთან. ამ იდეის უკან იდგა თეორია, რომლის მიხედვით ქუჩის მისასვლელი ფრონტალური ნაწილი ნავსადგომებთან უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნაპირის მოშორებით, ვინაიდან სანაპირო იმ პერიოდში კომერციისა და ინდუსტრიის ადგილი იყო, ამიტომ ამგვარი განლაგებით ყველა მოგებული დარჩებოდა.

დანომრილი ქუჩები, რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იჭიემება 60 ფუტი (18 მ) იყო სიგანეში, ხოლო მათ შორის 200 ფუტი (61 მ) იყო, რაც დაახლოებით 2000 გრძელ, ვიწრო ბლოკს (კვარტალი) ქმნიდა. შესაბამისად თითოეულ მილზე ზუსტად 20 ბლოკი გამოდიოდა. თხუთმეტი გამჭოლი ქუჩა უფრო ვრცელი ზომის დაპროექტდა (100 ფუტი), ესენია: მე-14, 23-ე, 34-ე, 42-ე, 57-ე, 72-ე, 86-ე, 96-ე, 106-ე, 116-ე, 125-ე, 135-ე, 145-ე და 155-ე ქუჩები.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური პარკი, მასიური ქალაქური ტყის მასივი მანჰეტენზე, რომელიც მეხუთე და მერვე ავენიუებსა და 59-ე და 110-ე ქუჩებს შორისაა მოქცეული, არ იყო ამ გეგმის ნაწილი, ვინაიდან ცენტრალური პარკის იდეა 1853 წლამდე არ გაჩენილა. ქსელში რამდენიმე მცირე ჩარევა მოხდა, როგორიცაა პარკი სახელწოდებით "პარადი" (Parade) 23-ე და 33-ე ქუჩებს შორის.

დანომრილი ქუჩებისა და ავენიუების გეგმა შემდგომში 155-ე ქუჩის ჩრდილოეთითაც გააგრძელეს. ის ასევე გააგრძელეს ბრონქსშიც, თუმცა ქსელი აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში ერთმანეთს ზუსტად არ ემთხვევა, განსაკუთრებით ამ საგრაფოს ჩრდილოეთ ბოლოში. დანომრილი ქუჩები მანჰეტენზე იყოფა აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად მეხუთე ავენიუზე ვაშინტონ სქვერის პარკის ჩრდილოეთით და ბროდვეისთან პარკის სამხრეთით. ბრონქსში ჯერომის ავენიუ ჰყოფს გამჭოლ ქუჩებს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

Flag of New York City.svg პორტალი ნიუ-იორკი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ნიუ-იორკზე.